ზვიად შალამბერიძე, რეგიონში კოვიდთან დაკავშირებით დროებით შექმნილი ქოლ ცენტრის თანამშრომლებს შეხვდა

13/04/2022

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, რეგიონში კოვიდთან დაკავშირებით დროებით შექმნილი ქოლ ცენტრის თანამშრომლებს შეხვდა, გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა და სპეციალური სიგელები გადასცა. აღნიშნული ცენტრი პანდემიის დროს შეიქმნა და თანამშრომლები დაინტერესებულ მოქალაქეებს COVID-19-თან დაკავშირებით მთავრობის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს, შეზღუდვების დაწესების ან მოხსნის შესახებ აწოდებდნენ ინფორმაციას.

“იმერეთს ყავდა კომპეტენტური ადამიანებისგან შემდგარი გუნდი, რომელიც ცენტრის დაარსების დღიდან წარმატებით ემსახურებოდა რეგიონს და კოვიდ რეგულაციებთან დაკავშირებით, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს დეტალურად აცნობდა მოქალაქეებს. მადლობა თითოეულ თქვენგანს დახმარებისთვის და გვერდით დგომისთვის“ – აღნიშნა შეხვედრაზე სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ.

რეგიონული ქოლ ცენტრი 2020 წლის ნოემბერში შეიქმნა და 24 საათიან რეჟიმში მუშაობდა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0