ზვიად შალამბერიძემ სამუშაო თათბირი გამართა

03/02/2023

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ სამუშაო თათბირი გამართა. მხარის გუბერნატორმა მოადგილეებისგან და მუნიციპალიტეტების პირველი პირებისგან მიმდინარე პროექტების შესახებ დეტალური ინფორმაცია მოისმინა. როგორც ზვიად შალამბერიძემ აღნიშნა, რეგიონში, 2023 წელს მოსახლეობაზე ორიენტირებული გაცილებით მეტი პროექტი უნდა განხორციელდეს და შესაბამისად ხელმძღვანელ პირებს მოუწოდა თითოეულ პროექტს მაქსიმალური მონიტორინგი გაუწიონ.
გუბერნატორი დაინტერესდა იანვარში სტიქიის შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენითი სამუშაოების მიმდინარეობით. ამ მიმართულებით მუნიციპალიტეტებში აქტიური სამუშაოები ხორციელდება და უახლოეს პერიოდში სრულად აღდგება ძლიერი ქარის შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურა. როგორც ცნობილია, პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, იმერეთის რეგიონში სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების განხორციელების მიზნით, 8 900 000 ლარი გამოიყო. შეხვედრაზე პროგრამა „განახლებული რეგიონების“ მიმდინარეობის პროცესი განიხილეს. რეგიონში უკვე დასრულდა პროგრამის პირველი ეტაპით გათვალისწინებული პირველი ფაზის სამუშაოები. აღნიშნული პროგრამა 2023 წელსაც განხორციელდება.
სახელმწიფო რწმუნებულმა, დეტალურად ისაუბრა ცენტრალური ბიუჯეტიდან დაფინანსებულ პროექტებზე, მათ შორის ყურადღება გაამახვილა საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებაზე, როგორც სკოლების ასევე საბავშვო ბაღების მიმართულებით. იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე ასევე მოუსმინეს ა(ა)იპ “იმერეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციის” 2022 წლის ანგარიშს და სამომავლო გეგმებს. როგორც ორგანიზაციის ხელმძღვანელმა მარი დევიძემ აღნიშნა, DMO იმერეთის მომავალი წლის გეგმებშია: საერთაშორისო ტურისტულ გამოფენებზე პოზიციონირება, ინფო-ტურებისა და სატრენინგო პროგრამების ორგანიზება, იმერეთის საიმიჯო ვიდეორგოლისა და ტრადიციული რეწვის შესახებ მინი-ფილმების გადაღება, იმერული ღვინის ლაბორატორიის შექმნა, კონკურსის ჩატარება, ღვინის გზამკვლევის გაკეთება. ასევე დაგეგმილია სხვა მნიშვნელოვანი ღონისძიებების გამართვა, რომელიც ორიენტირებული იქნება რეგიონში ტურიზმის განვითარებაზე.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0