ზესტაფონში დაგეგმილი საახალწლო ღონისძიებების ფარგლებში, გიგანტური ზომის გოზინაყი დაამზადეს. ცენტრალურ მოედანზე, ქალაქის მთავარი ნაძვის ხის ანთება სხვადასხვა სახის ღონისძიებებით აღნიშნეს. საგანგებოდ ამ დღისთვის, მომზადდა გიგანტური გოზინაყი, რომლის დაგემოვნების შესაძლებლობა ყველას ჰქონდა. ღია ცის ქვეშ შეკრებილებს, ზესტაფონის მერია, კიდევ ერთი ნუგბარით, ფელამუშით გაუმასპინძლდა. ცენტრალურ მოედანზე განთავსდა პავილიონები, სადაც ხალხური რეწვის ნიმუშების, ხელნაკეთი ნივთების და აქსესუარების გამოფენა გაყიდვა მოეწყო. პავილიონები ქალაქში, ძველით ახალ წლამდე დარჩება.
საახალწლო ღონისძიებებს ადგილობრივ თვითმმართველობასთან ერთად, ზესტაფონის მერი გიორგი გოგლიჩიძეც ესწრებოდა.
„ცენტრალურ მოედანზე დღეს უამრავი ადამიანი შეიკრიბა და ყველამ ერთად, საზეიმო ვითარებაში ავანთეთ ქალაქის მთავარი ნაძვის ხე. ზესტაფონის მერია, წელს პირველად, გიგანტური გოზინაყით გაუმასპინძლდა ყველას. გვქონდა სხვა სიურპრიზებიც. მინდა დამდეგი შობა – ახალი წელი მივულოცო ჩემს თანაქალაქელებს და სრულიად საქართველოს. მშვიდობის, კეთილდღეობის, წარმატებების მომტანი ყოფილიყოს“, – განაცხადა გიორგი გოგლიჩიძემ.
საახალწლო ღონისძიებების ფარგლებში, კონცერტი გაიმართა კულტურისა და შემოქმედების ცენტრშიც, სადაც მონაწილეობას, კულტურის ცენტრტან არსებული მუსიკალური კოლექტივები იღებდნენ.