ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ზაზა ლომინაძემ დეპუტატებს კომიტეტის 2022 წლის საქმიანობის ანგარიში გააცნო. მისი შეფასებით, კომიტეტი ქვეყნის განვითარებისთვის უმნიშვნელოვანეს სფეროებს უძღვება, რომელთა პრიორიტეტულობა დეკლარირებულია საქართველოს სამთავრობო სტრატეგიებისა და პოლიტიკის დოკუმენტებში, ასევე, არაერთ საერთაშორისო ხელშეკრულებაში.
„ჩვენი კომიტეტის საქმიანობის მთავარი მიზანია მოსახლეობის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის, შრომითი, დასაქმების, დედათა და ბავშვთა დაცვის, ოჯახის განვითარების, ხანდაზმულთა, დევნილთა, ვეტერანთა და შშმ პირთა საკითხების ხელშეწყობა. ხარისხიანი და საყოველთაოდ ხელმისაწვდომი, სოციალური სამართლიანობის პრინციპზე დაფუძნებული ჯანმრთელობის დაცვის სისტემის შენარჩუნება და შემდგომი განვითარება ქვეყნის ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტად რჩება. აღსანიშნავია, რომ გასულ წელს კომიტეტის საქმიანობის დღის წესრიგი საკმაოდ დატვირთული იყო და ვფიქრობ, კომიტეტმა წარმატებით გაართვა თავი,“ – აღნიშნა ზაზა ლომინაძემ.
მისი ინფორმაციით, საანგარიშო პერიოდში კომიტეტი საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში აქტიურად ახორციელებდა საკანონმდებლო და საზედამხედველო ფუნქციებს, კონტროლს უწევდა აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამის უწყებებს, განსაკუთრებით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საქმიანობას. ასევე, კომიტეტი თანამშრომლობდა დიპლომატიური კორპუსის, დონორი ორგანიზაციების და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან.
„კომიტეტში შემოსული 500-მდე განცხადება/წერილიდან, რომელთა უმეტესი ნაწილი ეხებოდა: ფულადი სოციალური დახმარების დანიშვნას, მედიკამენტებით უზრუნველყოფისა და მკურნალობის დაფინანსების, საცხოვრებელი ფართით და ერთჯერადი მატერიალური დახმარებით უზრუნველყოფის საკითხებს, მათგან უმეტესი ნაწილი რეაგირებულია და გადაგზავნილია შესაბამის უწყებებში. კომიტეტის აქტიური საქმიანობის შედეგად გეგმით განსაზღვრული ძირითადი აქტივობები შესრულებულია, თუმცა, მიუხედავად ამისა, ობიექტური მიზეზების გამო, შეუსრულებელი დარჩა სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული აქტივობების ნაწილი, როგორც კანონშემოქმედებითი, ასევე საზედამხედველო საქმიანობის მიმართულებით, რომლის შესრულებასაც აუცილებლად დავუბრუნდებით 2023 წელს. მსურს მადლობა გადავუხადო კომიტეტის თითოეულ წევრს, აპარატის თანამშრომელს, საერთაშორისო და დონორ ორგანიზაციებს, რომლებიც აქტიურად იყვნენ ჩართულები კომიტეტის საქმიანობაში,“ – განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ.