იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პირველი მოსმენით პარლამენტის რეგლამენტში შესატანი ცვლილებები განიხილა.
ცვლილებების თანახმად, პარლამენტის საქმიანობასთან დაკავშირებული ცალკეული საკითხები ახლებურად მოწესრიგდება.
ცვლილებების ერთ-ერთი ინიციატორის, საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, ერთი-ერთი მნიშვნელოვანი ცვლილების თანახმად, საქართველოს პარლამენტში ყველა კენჭისყრა ჩატარდება ღია კენჭისყრის საფუძველზე, გარდა პარლამენტის თავმჯდომარის არჩევის შემთხვევაში, იქიდან გამომდინარე, რომ აღნიშნული საკითხი დარეგულირებულია კონსტიტუციაში არსებული შესაბამისი ჩანაწერით. ასევე, ახლებურად რეგულირდება პარლამენტისთვის წარდგენილი ანგარიშების განხილვასთან დაკავშირებული საკითხები.
ირაკლი ქადაგიშვილის განმარტებით, არსებული პრაქტიკის გათვალისწინებით, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სავალდებულო წესით განხილული იქნება კონსტიტუციური ორგანოების ანგარიშები, დანარჩენი ანგარიშების მოსმენა მოხდება შესაბამის კომიტეტებში და მხოლოდ და მხოლოდ კომიტეტის, ბიუროს, ფრაქციის ან პოლიტიკური ჯგუფის მოთხოვნით ან გადაწყვეტილებით შეიძლება ამ ტიპის ანგარიშები განხილული იქნას პლენარულ სხდომაზე.
რეგლამენტის პროექტით, ასევე რეგულირდება ახალარჩეული პარლამენტის პირველი სხდომის გახსნის საკითხი. კერძოდ, თუ გარკვეული მიზეზის გამო პრეზიდენტი არ იქნება სხდომაზე, მაშინ სხდომას გახსნის სხდომაზე დამსწრე უხუცესი არჩეული პარლამენტის წევრი. ცვლილებებით განისაზღვრება ქვეყნის მდგომარეობის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე საქართველოს პრეზიდენტის ყოველწლიური მოხსენების წარდგენისა და სიტყვით გამოსვლის პროცედურა პრეზიდენტის ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლის დასრულების შემდეგ. კერძოდ, სიტყვით გამოსვლის უფლება ასევე ენიჭება საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერს. ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, ემატება თითო ვიცე-სპიკერის პოზიცია, როგორც ოპოზიციისთვის, ასევე, საპარლამენტო უმრავლესობისთვის. პროექტის თანახმად, საპარლამენტო საქმიანობის შეუფერხებლად წარმართვის მიზნით, შესაძლებელი იქნება პლენარული სხდომის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით მიმდინარე საკითხის განხილვის შეჩერება კენჭისყრის პროცედურის ჩატარების მიზნით.
„რეგლამენტი პარლამენტის ერთ-ერთი ძირითადი სამუშაო საკანონმდებლო აქტია, რომელთან დაკავშირებითაც ჩვენ მუდმივად ვაწარმოებთ გარკვეულ მონიტორინგს. პარლამენტის საუკეთესო პრაქტიკიდან გამომდინარე, ვცდილობთ, რომ რეგლამენტი ასახავდეს ყველა იმ გამოწვევას, რომელიც მუშაობის პროცესში ჩნდება და რომლის საკანონმდებლო დონეზე გაზიარება და ჩვენი მუშაობის პრაქტიკად ქცევა, მნიშვნელოვანია. ამასთან დაკავშირებით, რეგლამენტში ცვლილებების ორი ტალღა იყო: ერთი დაკავშირებულია 12 რეკომენდაციის შესრულების საკითხთან, ხოლო მეორე – ჩვენი შიდა სამუშაო ვითარებიდან გამომდინარე. ახლა მესამე შესწორებებისა და დამატებების პაკეტია მომზადებული, რომლის მომზადებაშიც, როგორც ერთ-ერთი ინიციატორი, პარლამენტის თავმჯდომარეც იყო ჩართული“, – განაცხადა საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ.