ვუსამძიმრებ ჩვენს მოქალაქეებს, რომლებმაც 13 ივნისს ოჯახის წევრები დაკარგეს

13/06/2020

2015 წლის 13 ივნისს დიდი ტრაგედია მოხდა თბილისში, საქართველოში; რა თქმა უნდა, პირველ რიგში, უნდა მივუსამძიმროთ ჩვენს მოქალაქეებს, რომლებმაც ოჯახის წევრები დაკარგეს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ 13 ივნისის მემორიალის ყვავილებით შემკობის შემდეგ, მედიასთან განაცხადა. მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ 2015 წლის 13 ივნისი, საიდანაც უკვე 5 წელი გავიდა, ტრაგედიასთან ერთად, იყო ძალიან დიდი ერთიანობისა და სოლიდარობის დღე.

„ეს იყო უდიდესი სოლიდარობის და ერთმანეთზე ზრუნვის დღე, როდესაც ახალგაზრდებმა, გამოავლინეს უაღრესი ძალა და ენერგია – ერთსულოვნების, ერთად დგომის, ერთმანეთზე ზრუნვის. გამოავლინეს უდიდესი სამოქალაქო პასუხისმგებლობა. ჩვენ დღესაც სერიოზული გამოწვევების წინაშე ვდგავართ. ეპიდემია, ეს არის დიდი კრიზისი, როდესაც იგივე ხარისხის ერთსულოვნება, ერთმანეთზე ზრუნვა და სამოქალაქო პასუხისმგებლობა გვჭირდება. რა თქმა უნდა, ყოველთვის უნდა გვახსოვდეს დაღუპული ადამიანები, უნდა გვახსოვდეს ის გმირობა, რომელიც ჩვენმა ახალგაზრდებმა ჩაიდინეს. ასე იქმნება წარმატებული სახელმწიფოები, ასე ყალიბდება წარმატებული და დიდი თაობები და იმედი მაქვს, ეს ის ახალგაზრდობა იყო, რომელიც სულ მალე, საქართველოს ახალი რეალობის შექმნაში მიიღებს პირდაპირ მონაწილეობას”, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

მთავრობის მეთაური 13 ივნისის მემორიალთან თბილისის მერთან, საკრებულოს თავმჯდომარესა და დედაქალაქის თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად იმყოფებოდა. მემორიალთან სასულიერო პირებმა 13 ივნისს დაღუპულთა სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადეს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0