ვულოცავ საქართველოს იმ წარმატებას, რომელიც ალიანსში გაწევრიანებისკენ მიმავალ ქვეყანას ესაჭიროება

18/07/2018

„ჰელსინკის კომისია ატარებს დღევანდელ მოსმენას, რათა ამერიკელმა ხალხმა და საერთაშორისო საზოგადოებამ არ დაივიწყოს საქართველოს ოკუპაცია, ისევე როგორც აღნიშნული ოკუპაციის შედეგები და გართულებები. ჩვენ ასევე სურვილი გვაქვს ვუზრუნველყოთ ჩვენს საერთო უსაფრთხოებაში საქართველოს კონტრიბუციის აღიარება და განვაგრძოთ საქართველოს მხარდაჭერა ევრო-ატლანტიკურ გზაზე, ასევე ნატო-ს სრულუფლებიანი წევრობის მიღწევაში“ – ამის შესახებ აშშ-ის სენატის ევროპაში უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარემ, სენატორმა როჯერ ვიკერმა (რესპუბლიკელი-მისისიპის შტატი) განაცხადა.

მან ყურადღება გაამახვილა რუსეთის საოკუპაციო პოლიტიკასა და ნატოსკენ საქართველოს სწრაფვის დაბლოკვის მცდელობაზე, რაც, სენატორის თქმით, ეწინააღმდეგება პრინციპს, რომლის მიხედვითაც სუვერენულ სახელმწიფოს უფლება აქვს თავად აირჩიოს ის ორგანიზაცია, რომელიც მის უსაფრთხოებას უზრუნველყოფს.

ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარემ ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებაზეც გაამახვილა ყურადღება. კერძოდ, მან ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს ელჩს, დავით ბაქრაძეს სასამართლოს დამოუკიდებლობისა და კანონის უზენაესობის კუთხით საქართველოს პროგრესი მიულოცა. „ბატონო ელჩო, მინდა მივულოცო საქართველოს ის წარმატებები, რომლებიც დასავლეთის ალიანსში გაწევრიანებისკენ მიმავალ ქვეყანას ესაჭიროება. ჩვენ თქვენ არ გვავიწყდებით და კიდევ უფრო ხმამაღლა ვისაუბრებთ თქვენს შესახებ“, – განაცხადა ამერიკელმა სენატორმა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0