თბილისის მერიაში მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომა გაიმართა. დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვამდე, დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ რამდენიმე განცხადება გააკეთა. როგორც მან აღნიშნა, დღეს ახალი მიკროავტობუსების პრეზენტაცია გაიმართა, რომლითაც მიკროავტობუსების არსებული პარკის ჩანაცვლება-განახლების პროცესი დასრულდა.
„1 000 ერთეული მიკროავტობუსი უკვე დედაქალაქშია. ისინი პირველი თებერვლიდან სხვადასხვა მარშრუტზე იმოძრავებენ. პირველი თებერვლიდან თბილისში არც ერთი ე.წ. ყვითელი მიკროავტობუსი არ იმოძრავებს, რაც ძალიან სასიამოვნოა. დღეს ასევე, გაჩნდა შეკითხვა იმ პირებთან დაკავშირებით, რომლებიც შეღავათიანი ტარიფით სარგებლობდნენ. როგორც იცით, პირველი თებერვლიდან სააბონემენტო სისტემა შემოდის და ის მოქალაქეები, რომლებიც გადაადგილების 10-თეთრიანი და 20-თეთრიანი ღირებულებით სარგებლობდნენ, ასევე, კონკრეტული პირებისთვის უფასო ტარიფი მოქმედებდა, ამ შეღავათებით სარგებლობას კვლავ შეძლებენ. ამასთან, იმ პირებს, რომლებიც შეღავათებით სარგებლობდნენ, მიკროავტობუსებში 80 თეთრის გადახდა უწევდათ, თუმცა, ინტეგრირებული სისტემის მეშვეობით, მიკროავტობუსით მგზავრობა იმავე შეღავათებით შეუძლიათ, რომელსაც მეტროსა და ავტობუსში იყენებდნენ“, – განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, სატრანსპორტო რეფორმა, რომელიც 2017 წელს დაიწყო, ბევრი მნიშვნელოვანი კომპონენტისგან შედგება, რომელთაგან ერთ-ერთი მთავარი ავტობუსებისა და მიკროავტობუსების არსებული პარკის განახლება იყო. ამავე რეფორმის ფარგლებში, მომავალ წელს დედაქალაქის მერია 200 ერთეულ 18-მეტრიან ავტობუსს შეიძენს. გარდა ამისა, დედაქალაქის მერმა აღნიშნა, რომ მეტროსადგურ „ვარკეთილის“ რეაბილიტაციის მიზნით, ტენდერი გამოცხადდა, რომლის შემდეგაც სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყება. მისი თქმით, პროექტმა ექსპერტიზა უკვე გაიარა, რაც მომავალში ნებისმიერი სახის ინციდენტს გამორიცხავს.
„2018 წელს ჩამოიშალა ახლად რეაბილიტირებული მეტროსადგურის ჭერი. მართალია, მისი ფუნქციონირება გაგრძელდა, მაგრამ პარალელურად, საკითხის საფუძვლიანი შესწავლა დავიწყეთ და რამდენიმე კვლევა ჩავატარეთ. კერძოდ, ექსპერტიზა ჩაუტარდა არსებულ კონსტრუქციებს, რათა შეგვესწავლა მისი უსაფრთხოება და მომავალში გამოგვერიცხა მსგავსი ინციდენტი. პროექტს ჩაუტარდა შემდგომი ექსპერტიზები: ტექნიკური რეგლამენტი „შენობა-ნაგებობების უსაფრთხოების წესების“ შესახებ დადგენილებასთან შესაბამისობის ექსპერტიზა (41-ე დადგენილება); კონსტრუქციული ექსპერტიზა; თაღოვანი ჭერის კონსტრუქციული ექსპერტიზა; მოპ-ის შეფასება; ელექტროობის ექსპერტიზა; ხარჯთაღრიცხვის ექსპერტიზა; საინჟინრო ნაწილის (ელექტროობა, წყალკანალიზაციია, სუსტი დენები, ვენტილაცია, გათბობის და სხვა) ექსპერტიზა“, – განაცხადა კახა კალაძემ.
მისი თქმით, დაგეგმილი სამუშაოების ბიუჯეტი შვიდ მილიონ ლარს შეადგენს.
„სამუშაოები ითვალისწინებს ბაქნისა და ესკალატორების გვირაბის აზბესტის ჭერის დემონტაჟს. ასევე, თანამედროვე მასალებით ჭერის, ე.წ. დამცავი ქოლგის მოწყობას, ინტერიერის სრულ განახლებას, ესკალატორების, ბალუსტრადების განახლებას. პროექტის ფარგლებში, განათებისა და შიდა სავენტილაციო სისტემა მოეწყობა, ბაქნის იატაკი შეიცვლება, ტაქტილური ფილები დაიგება, ასევე, სადგურის სამეურნეო ოთახები მოეწყობა. იმედია, მალე გამოვლინდება გამარჯვებული კომპანია და სამუშაოები დაიწყება“, – განაცხადა კახა კალაძემ.
მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ასევე აღინიშნა, რომ ისნის რაიონში, ქეთევან დედოფლის გამზირის სრული რეაბილიტაცია დაიწყო. ინფრასტრუქტურული სამუშაოები რამდენიმე ეტაპად წარიმართება, პირველ ეტაპზე კი ქეთევან დედოფლის გამზირზე მიწისქვეშა კომუნიკაციები განახლდება.
„ვიწყებთ ქეთევან დედოფლის გამზირის სრულ რეაბილიტაციას. ინფრასტრუქტურული პროექტი მეტროსადგურ „ავლაბრის“ მიმდებარე ტერიტორიიდან ლეხ კაჩინსკის ახლად რეაბილიტირებულ ქუჩამდე, ორ კილომეტრამდე საგზაო მონაკვეთს მოიცავს. სამუშაოები რამდენიმე ეტაპად დაიყოფა. პირველი ეტაპი ეს არის მიწისქვეშა კომუნიკაციების მოწყობა-მოწესრიგება. წყალარინებისა და წყლის მილები განახლდება, სანიაღვრე სისტემა მოეწყობ, ასევე, ელექტროგადამცემი ხაზები მიწის ქვეშ განთავსდება. გამზირზე განათების ახალი სისტემა და საავტობუსე ზოლები მოეწყობა. ასევე, დამონტაჟდება მიწისქვეშა ურნები“, – აღნიშნა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, სარეაბილიტაციო სამუშაოების დროს საავტომობილო მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება. ამ ეტაპზე, მეტროსადგურ „ავლაბრიდან“ თელავის ქუჩის კვეთამდე არსებული საგზაო მონაკვეთი გადაიკეტება.
ამასთან, დედაქალაქის მერმა მოსახლეობას შექმნილი დისკომფორტის გამო ბოდიში მოუხადა და აღნიშნა, რომ გარკვეული შეზღუდვების გარეშე, გამზირის სრული რეაბილიტაცია ვერ განხორციელდება.
„მთლიანად ქუჩის გადაკეტვა არ მოხდება. გვინდა, რომ საავტომობილო მოძრაობა გარკვეულწილად დაშვებული იყოს. პირველ ეტაპზე, მეტროსადგურ „ავლაბრიდან“ თელავის ქუჩის კვეთამდე არსებული საგზაო მონაკვეთი დაიკეტება. პროექტი შვიდი-რვა თვის განმავლობაში გაგრძელდება. თბილისის მერიამ უკვე გაავრცელა დეტალური ინფორმაცია, თუ რა ალტერნატიული გზებით შეუძლიათ გადაადგილება, როგორც კერძო, ასევე, საზოგადოებრივ ტრანსპორტს. აღნიშნული ინფორმაციის გაცნობა ყველა დაინტერესებულ პირს თბილისის მერიის ოფიციალურ ვებგვერდზეც შეუძლია. სამუშაოების მიმდინარეობის დროს, რა თქმა უნდა, იქნება შეფერხებები. ამისთვის საზოგადოებას ბოდიშს ვუხდი, თუმცა, ამის გარეშე გამზირის რეაბილიტაციას ვერ შევძლებთ. ჩვენ არ გვინდა, რომ სამუშაოები ზედაპირულად ჩატარდეს და მხოლოდ მოასფალტება მოხდეს. აქ ყველაფერი ისე მოწესრიგდება, როგორც ჩვენი სხვა ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების დროს“, – განაცხადა თბილისის მერმა.
კახა კალაძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე წყნეთი-ბეთანიის გზაზე, მეწყრული პროცესების საპრევენციო სამუშაოების შესახებაც ისაუბრა. უსაფრთხოების მიზნით, მიმდინარე სამუშაოების ფარგლებში, „ბაქსვუდის“ საერთაშორისო სკოლიდან წყნეთი-კოჯრის გზაჯვარედინამდე, 21 იანვრის 07:00-დან 00:00 საათამდე, ავტომობილებით გადაადგილება შეიზღუდება.
„წყნეთი-ბეთანიის საავტომობილო გზაზე, მორიგი მონიტორინგის საფუძველზე, მეწყრული პროცესების საპრევენციო ღონისძიებები ხორციელდება. უსაფრთხოების მიზნით, საავტომობილო გზის მარცხენა ფერდობზე, ე.წ. ახალდაბის დიდი მეწყრული სხეულის არეალში, ტერიტორიის გაწმენდის სამუშაოები მიმდინარეობს. ჩვენთვის ყველაზე მთავარია, რომ უსაფრთხოება იყოს დაცული. ამიტომ, ამ მონაკვეთში დროებით შევზღუდავთ გადაადგილებას, რათა მოვასწროთ ყველა ტიპის სამუშაო ისე, რომ უსაფრთხოება მაქსიმალურად იყოს დაცული“, – განაცხადა კახა კალაძემ.