ვიქტორ დოლიძე საქართველოში ვიზიტით მყოფ ლიტვის საგარეო საქმეთა სამინისტროს დელეგაციას შეხვდა

02/05/2017

მთავრობის ადმინისტრაციის შენობაში ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ვიქტორ დოლიძემ შეხვედრა გამართა ლიტვის საგარეო საქმეთა სამინისტროს აღმოსავლეთ სამეზობლო პოლიტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელთან იონას გრინიავიჩუსთან, აღმოსავლეთ პარტნიორობის საკითხებში ლიტვის რესპუბლიკის საგანგებო დავალებათა ელჩთან იონას პასლაუსკასთან და საქართველოში ლიტვის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან გიედრიუს პუოჯუნასთან.

შეხვედრაზე ლიტვის მხარემ სახელმწიფო მინისტრს ვიზალიბერალიზაციის პროცესის წარმატებით წარმართვა მიულოცა და დადებითად შეაფასა საქართველოს მთავრობის მიერ გატარებული ღონისძიებები, რაც საქართველოს მეტად აახლოვებს ევროკავშირთან.

ლიტვის მხარემ კიდევ ერთხელ დაუჭირა მხარი საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, მხარდაჭერა აღუთქვა ევროკავშირში გაწევრიანებისთვის აუცილებელი ღონისძიებების ჩატარების საქმეში და გამოხატა მზადყოფნა კვლავაც გაუზიაროს გამოცდილება სტრატეგიული კომუნიკაციების მიმართულებით.

„ლიტვა ჩვენი ძალიან მნიშვნელოვანი მეგობარი და პარტნიორია, ეს არ შეეხება მხოლოდ და მხოლოდ ინტეგრაციულ პროცესებში მხარდაჭერას, ესაა მხარდაჭერა ჩვენი რეფორმირების, ჩვენი ქვეყნის წინსვლის, ეკონომიკურ, საინვესტიციო, უსაფრთხოების სფეროში. საჩუქარი მივიღე დეპარტამენტის დირექტორისგან, რომელიც შეეხება იმას, რომ ვიზის შემდგომ, ჩვენი, საქართველოს შემდგომი გაჩერება ევროკავშირში სრულფასოვანი წევრობაა. ამას შევინახავ და დარწმუნებული ვარ, ევროკავშირში სრულფასოვან წევრობას იმსახურებს საქართველო. ჩვენ გავაგრძელებთ რეფორმებს, სამუშაოებს, რომელსაც ძალიან ინტენსიურად ვუძღვებით. დარწმუნებული ვარ, ვიზა არის მხოლოდ და მხოლოდ დასაწყისი იმ პროცესისა, რასაც ჩვენი მომავალი სრულფასოვანი წევრობა ჰქვია”,-განაცხადა ვიქტორ დოლიძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0