13 დეკემბერს, მთავრობის ადმინისტრაციაში ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ვიქტორ დოლიძემ გაცნობითი შეხვედრა გამართა საქართველოში რუმინეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან რადუ ლივიუ ჰორუმბასთან. შეხვედრაზე ისაუბრეს საქართველო-რუმინეთს შორის არსებულ მეგობრულ ურთიერთობებზე, საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესში რუმინეთთან აქტიურ თანამშრომლობასა და ნატო-ში ინტეგრაციის კუთხით რუმინეთის მხარდაჭერის მნიშვნელობაზე. ორივე მიმართულებით განსაკუთრებულად აღინიშნა რუმინეთის როლი, რომელიც ბოლო 2 წლის განმავლობაში საქართველოში ნატო-ს საკონტაქტო საელჩოა. შეხვედრაზე საუბარი შეეხო სამომავლო გეგმებს, მრავალმხრივ ფორმატებში თანამშრომლობის პერსპექტივებს. ყურადღება გამახვილდა ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების შესაძლებლობებზე, კერძოდ, ტურიზმის განვითარებასა და ინვესტიციების მოზიდვის შესაძლებლობებზე. ხაზი გაესვა შავი ზღვის რეგიონის ფორმატში თანამშრომლობის განვითარების აუცილებლობას საერთაშორისო სატრანზიტო მარშრუტებში შავი ზღვის პოტენციალის უკეთ გამოყენების მიზნით. მხარეებმა, ასევე, რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გამოწვევებზე ისაუბრეს. სახელმწიფო მინისტრმა მიმოიხილა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორებზე არსებული ვითარება. განსაკუთრებით აღინიშნა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის, როგორც საერთაშორისო მონიტორინგის ერთადერთი მექანიზმის მნიშვნელობა. ვიქტორ დოლიძემ მისიაში რუმინეთის მონაწილეობისათვის მადლიერება გამოხატა. სახელმწიფო მინისტრმა, ასევე, მადლობა გადაუხადა ელჩს, რუმინეთის მიერ საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების მუდმივი მხარდაჭერისთვის. ამასთან, ვიქტორ დოლიძემ ელჩს აპარატის სტრუქტურა და საქმიანობის ძირითადი მიმართულებები და პრიორიტეტები გააცნო. სახელმწიფო მინისტრმა აღნიშნა, რომ ევროპულ და ევროატლანტიკურ საკითხებზე სტრატეგიული კომუნიკაცია საქართველოს მთავრობის პრიორიტეტია და ვრცლად ისაუბრა საქართველოში სტრატეგიული კომუნიკაციის კუთხით მიმდინარე და დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ.
ვიქტორ დოლიძე საქართველოში რუმინეთის ელჩს შეხვდა
13/12/2016