ვიქტორ დოლიძე დანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მდივანს შეხვდა

21/09/2017

„ჩვენ ვმუშაობთ ბრიუსელში, რომ საქართველოს მიერ დაფიქსირებული პროგრესი ჯეროვნად აისახოს ნოემბერში დაგეგმილი აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის გადაწყვეტილებებში. დანიის სამეფო აფასებს საქართველოს ევროპულ, ევროატლანტიკურ მისწრაფებებს და იმ წვლილს, რომელიც თქვენს ქვეყანას შეაქვს უსაფრთხოების მიმართულებით“-განუცხადა დანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მდივანმა საგარეო პოლიტიკის საკითხებში ბერლინგ ლიზბერგმა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინეტრგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრ ვიქტორ დოლიძეს. შეხვედრა 21 სექტემბერს, დანიის სამეფოში სახელმწიფო მინისტრის სამუშაო ვიზიტის ფარგლებში გაიმართა. შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოს ნატო-სა და ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესზე იმსჯელეს. ნოემბერში დაგეგმილი აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტისთვის მზადებასა და მოლოდინებზე საუბრისას სახელმწიფო მინისტრმა აღნიშნა ევროკავშირის მხრიდან აღმოსავლეთ პარტნიორობის მონაწილე წარმატებული ქვეყნების პოლიტიკური მხარდაჭერის მნიშვნელობა. გამოითქვა იმედი სხვადასხვა სფეროში, მათ შორის განათლების მიმართულებით, კიდევ უფრო მეტი დახმარების პროგრამების განხორციელების თაობაზე. მხარეებმა შეხვედრაზე ისაუბრეს ოკუპირებულ ტერიტორიებსა და ზოგადად, რეგიონში უსაფრთხოების კუთხით არსებულ ვითარებაზე, ყურადღება გამახვილდა ანტიდასავლური პროპაგანდის საფრთხეებსა და სტრატეგიული კომუნიკაციის მიმართულებით მუშაობის გაძლიერების საკითხებზე.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0