ვერ ვხედავ საფრთხეს, რომ ეკა ბესელიას და მანანა კობახიძეს საგამოძიებო პროცესზე გავლენა შეიძლება ჰქონდეთ

14/01/2016

ვერ ვხედავ საფრთხეს, რომ საგამოძიებო პროცესზე ეკა ბესელიას ან მანანა კობახიძეს რაიმე გავლენა შეიძლება ჰქონდეთ, – ამის შესახებ ჟურნალისტებს თავად პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, მანანა კობახიძემ განუცხადა, რითაც ალეკო ელისაშვილის მოთხოვნას გამოეხმაურა იმასთან დაკავშირებით, რომ ეკა ბესელიას საპროკურორო საბჭოს წევრის უფლება შეუჩერდეს.

როგორც კობახიძემ  შეწყალების საქმის კონტექსტში განმარტა, ელისაშვილს აქვს ძალიან კონკრეტული პოლიტიკური მიზნები.

“რამდენადაც ვიცი, ეს არის იმ არასამთავრობო ორგანიზაციის მოსაზრება, რომელიც იცავს ბატონი ალეკოს ინტერესებს. მე ნამდვილად ვერ ვხედავ იმის საფრთხეს, რომ საგამოძიებო პროცესზე რაიმე გავლენა შეიძლება ჰქონდეთ ბესელიას ან მანანა კობახიძეს. ამის საფრთხეს ნამდვილად ვერ ვხედავ, თუმცა რასაკვირველია, ეს საკითხი შესაძლებელია იყოს განხილული. არანაირი პრობლემა თანამდებობებზე ყოფნის ჭიდილის გამო არ არსებობს. უბრალოდ, აქ არის მომენტი, რომ ელისაშვილს აქვს ძალიან კონკრეტული პოლიტიკური მიზნები. წინასაარჩევნო პერიოდია და ეს ყველაფერი უკავშირდება ამ მიზნების მიღწევას ასეთი მეთოდებით. ჩვენ ვფიქრობთ, რომ უნდა დაველოდოთ პროკურატურას, პროკურატურა იძიებს ამ საქმეს და დადებს დასკვნებს. სამართლებრივი პროცედურები უნდა იყოს ამოწურული,” – განმარტა პირველმა ვიცე-სპიკერმა.

რაც შეეხებას პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნის მოთხოვნას, როგორც მანანა კობახიძემ აღნიშნა, აბსოლუტურად გაუმართლებელია პარლამენტმა პარალელურ რეჟიმში დაიწყოს იგივე საქმეზე გამოძიება, როდესაც საგამოძიებო მოქმედებები პროკურატურის მიერ მიმდინარეობს.
ალეკო ელიშავილი მოითხოვს, ეკა ბესელიას საპროკურორო საბჭოს წევრის უფლება შეუჩერდეს. შესაბამისი განცხადება ელისშვილმა დღეს “ადამიანის უფლებათა ცენტრის” წარმომადგენლებთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0