უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე პრეზიდენტის მიერ წარდგენილმა კანდიდატებმა მხარდაჭერა შესაძლოა ვერც მეცხრე მოწვევის პარლამენტისგან მიიღოს. როგორც გია ვოლსკიმ განაცხადა, პრეზიდენტის მიერ უზენაეს სასამართლოში წარდგენილი კანდიდატების განხილვა ერთ-ერთი პირველთაგანი საკითხი იქნება, რომელზეც საგაზაფხულო სესიაზე იმსჯელებენ, თუმცა მისივე თქმით, ”არის საკითხები, რომელზეც საპარლამენტო უმრავლესობას, იმის მიუხედავად, რომ მისი შემადგენლობა შეიცვალა, პოზიცია არ შეუცვლია”.
”ვერ გეტყვით დაზუსტებით ჩვენს საბოლოო გადაწყვეტილებას, მაგრამ პირადად მე ვფიქრობ, რომ ის არგუმენტები, რომელიც ჩვენ გვქონდა, კვლავ ძალაშია. ვიმსჯელებთ, შევჯერდებით და შესაბამის გადაწყვეტილებას მივიღებთ. როდესაც პრეზიდენტმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატები თავდაპირველად წარმოადგინა, მათთან დაკავშირებით პარლამენტს თავისი მოსაზრება ჰქონდა და პირადად მე ეს მოსაზრება არ შემცვლია. ჩვენ მაშინ ვთქვით, რომ მაგალითად, ანა დოლიძეს, რომელსაც აქვს ძალიან კარგი მონაცემები, იყო ძალიან კარგი გასაუბრების დროს და პიროვნულადაც არ შეიძლება მასთან რაიმე პრობლემა ჰქონდეს ადამიანს, სასამართლოში მუშაობის არანაირი გამოცდილება არ გააჩნდა. მაშინ მათ (კანდიდატებმა) ძალიან იჩქარეს მეორე განხილვამდე, ერთობლივი განცხადება გააკეთეს და პარლამენტს შეუტიეს, როდესაც მოსამართლეს სიდინჯე, სიღრმე და საკითხები კარგად გარკვევა მართებს. ამან ცუდად დაახასიათა. წარმოდგენილ მოსამართლეობის კანდიდატებთან დაკავშირებით იყო კონკრეტული საკითხები, რაზეც მაშინ საპარლამენტო უმრავლესობამ არანაირი განცხადება არ გააკეთა. ამას არც ახლა არ აპირებს, რადგან ამ ადამიანებს – წარმოდგენილ კანდიდატებს საკუთარ საქმეში საკმაო ავტორიტეტი გააჩნიათ და ის, რომ ამ თანამდებობაზე დაწუნებული არიან, ამან მათ შემდგომ ცხოვრებასა და სხვა კარიერაზე არ უნდა იმოქმედოს. ჩვენ ეს თემა არ გავამწვავეთ და მიზეზების გარჩევა არ დავიწყეთ, თუმცა თავად დოლიძესთან დაკავშირებით, რომელმაც პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მაღალი საპასუხისმგებლო პოსტი დაიკავა, საკუთარ თავს ერთი უმტკივნეულო არგუმენტის გამოთქმის უფლება მივეცი”, – განაცხადა ვოლსკიმ.
წინა მოწვევის პარლამენტმა, 2016 წლის საგაზაფხულო სესიაზე, პრეზიდენტის მიერ უზენაესი სასამართლოს მოსამართლის ვაკანტურ თანამდებობაზე წარდგენილ თამარ ლალიაშვილს, ნონა თოდუას და ასევე, ანა დოლიძეს მხარი არ დაუჭირა. ამის შემდეგ ლალიაშვილისა და თოდუას კანდიდატურები პრეზიდენტმა პარლამენტს ხელახლა წარუდგინა. ანა დოლიძის ნაცვლად კი, რომელიც პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი გახდა, უზენაესი სასამართლოს ვაკანტურ თანამდებობაზე ლევან ბოძაშვილის კანდიდატურა არის წარდგენილი.
როგორც ვოლსკიმ აღნიშნა, ბოძაშვილის კანდიდატურასთან დაკავშირებით უმრავლესობის ფორმატში კონსულტაციები არ გამართულა, თუმცა აღსანიშნავია, რომ ბოძაშვილის კანდიდატურას სექტემბერში გამართულ სხდომაზე პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე დამსწრე შვიდივე დეპუტატმა მხარი დაუჭირა. საერთო ჯამში, იურიდიული კომიტეტის მხარდაჭერა მიიღო დანარჩენმა კანდიდატებმაც. ამის შემდეგ პარლამენტს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევის საკითხზე აღარ უმსჯელია.