მიხეილ სააკაშვილი საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის განცხადებით გაკვირვებულია. ამასთან დაკავშირებით სააკაშვილი სოციალურ ქსელ ”ფეისბუქში” განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ ვერანაირი ჯარიმა ვერ შეაშინებს.
”ცოტათი მიკვირს, რომ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას, რომელსაც ნამდვილად დიდ პატივს ვცემ, აქვს იმდენი დრო და რესურსი, რომ საქართველოში არსებული სრულიად უკანონო ვითარების ფონზე, როდესაც ყოველ ფეხის ნაბიჯზე ილახება ადამიანების უფლებები, აშინებენ მოსამართლეებს და ხდება მოქალაქეების დატერორება, აანალიზოს ჩემი გამოსვლები და მიმართვები. ვერანაირი ჯარიმა ვერ შემაშინებს, რომ ვებრძოლო იმ დიდ უსამართლობას, რომელიც ახლა ჩვენს სამშობლოშია”, – განაცხადა სააკაშვილმა.
მისივე თქმით, საქართველოს მოქალაქეობა რუსი ოლიგარქის მარიონეტების გადაწყვეტილებით ჩამოერთვა. ”გთხოვთ, გაიხსენოთ, რის საფუძველზე ჩამომერთვა მოქალაქეობა და ჩაუღრმავდეთ ამ გადაწყვეტილების ნამდვილ მიზეზებს. კანონი უზენაესია ჩემთვის, თუმცა, ოთარ ჭილაძის ფრაზა მახსენდება: “მე დაკარგულად ვერ ჩავთვლი იმას, რაც ჩემი ნებით არ დამითმია”. სადაც არ უნდა ვიყო, რომელ ქვეყანაშიც არ უნდა ვმოღვაწეობდე, მე ვრჩები ჩემი ქვეყნის ერთგული. საქართველოს მოქალაქეობა რუსი ოლიგარქის მარიონეტების მიერ ხელმოწერილი ფარატინა დოკუმენტით არ განისაზღვრება”, – აცხადებს ოდესის გუბერნატორი.
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია აჭარის უმაღლეს საარჩევნო კომისიას მიმართავს და ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის, უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ სანქციის გამოყენებისკენ მოუწოდებს.
საია-ში მიიჩნევენ, რომ მიხეილ სააკაშვილმა გუშინ, „ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარობის კანდიდატების წარდგენაზე, ბათუმის მოსახლეობისადმი ვიდეომიმართვით წინასაარჩევნო აგიტაციასთან დაკავშირებული კანონმდებლობა დაარღვია. კერძოდ, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ აჭარის ორგანიზაციის ხელმძღვანელის, გიორგი ხიმშიაშვილის განმარტებით, „საარჩევნო კოდექსის“ თანახმად, უცხო ქვეყნის მოქალაქეს წინასაარჩევნო აგიტაციის გაწევის და აგიტაციაში მონაწილეობის უფლება არ აქვს. აღნიშნულის გამო საია უსკო-ს მიმართავს, სააკაშვილის წინააღმდეგ, წინასაარჩევნო აგიტაციაში უცხო ქვეყნის მოქალაქის მონაწილეობისთვის გათვალისწინებული სანქცია გამოიყენოს, რაც გულისხმობს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით.
ორი დღის წინ ბათუმში „ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო შეხვედრაზე, სადაც საქართველოს პარლამენტსა და აჭარის უმაღლეს საბჭში მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინეს, სცენასთან დამონტაჟებული სპეციალური ეკრანიდან საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ვიდეო მიმართვაც გავრცელდა. მიხეილ სააკაშვილმა მოსახლეობას მხარდაჭერის თხოვნით მიმართა