ვემზადებით ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიებისთვის, – 21 წლამდე ნაკრებთა ფეხბურთში ევროპის ჩემპიონატისთვის

06/06/2023

ჩვენ ვემზადებით ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიებისთვის, ეს არის 21 წლამდე ფეხბურთში ევროპის ჩემპიონატი. 21 ივნისს საქართველო-პორტუგალიის თამაში გაიმართება და ჩვენი ქვეყანა არის სრულად მზად, რომ ღირსეულად, უმაღლეს დონეზე ჩავატაროთ ეს ჩემპიონატი. რა თქმა უნდა, ეს ჩვენთვის იყო ძალიან დიდი გამოწვევაც, ამავე დროს არის ძალიან დიდი პატივი, ვუმასპინძლოთ ამ მეტად მნიშვნელოვან ღონისძიებას. ჩვენ სულ რაღაც 1 წელიწადში, უფრო ნაკლებ დროში, ჩავუტარეთ რეაბილიტაცია 10 ობიექტს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ქუთაისში, რამაზ შენგელიას სახელობის განახლებულ სტადიონზე განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, ჯამში, 10 ობიექტის რეაბილიტაციისთვის 115 მლნ ლარი დაიხარჯა.

„პირველ რიგში, მოგესალმებით ყველას, ძვირფასო, სახელოვანო ვეტერანო სპორტსმენებო, ფეხბურთელებო, პარლამენტის, მთავრობის წევრებო, ყველას მოგესალმებით, მივესალმები ჩვენს ქუთაისს და ქუთაისელებს. მოგეხსენებათ, ჩვენ ვემზადებით ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიებისთვის, – ეს არის 21 წლამდე ფეხბურთში ევროპის ჩემპიონატი. 21 ივნისს საქართველო-პორტუგალიის თამაში გაიმართება და ჩვენი ქვეყანა არის სრულად მზად, რომ ღირსეულად, უმაღლეს დონეზე ჩავატაროთ ეს ჩემპიონატი. რა თქმა უნდა, ეს ჩვენთვის იყო ძალიან დიდი გამოწვევაც, ამავე დროს არის ძალიან დიდი პატივი, ვუმასპინძლოთ ამ მეტად მნიშვნელოვან ღონისძიებას. ჩვენ სულ რაღაც 1 წელიწადში, უფრო ნაკლებ დროში, ჩავუტარეთ რეაბილიტაცია 10 ობიექტს და თქვენ ნახეთ შესანიშნავი, ახალი, სრულად განახლებული ქუთაისის შენგელიას სახელობის სტადიონი, რომელიც პრაქტიკულად ახლიდან ავაშენეთ. მოეწყო და რეალურად უეფას სტანდარტების მიხედვით გაკეთდა ყველაფერი აქ. მინდა მადლობა გადავუხადო მშენებელ კომპანიას, ყველას, ბატონი ირაკლი ქარსელაძის უწყებას, მუნიციპალური განვითარების ფონდს, ყველას, ვინც ამ ძალიან მნიშვნელოვან პროექტში იყო ჩართული. 10 ობიექტს ჩავუტარეთ რეაბილიტაცია, 115 მლნ ლარი დაიხარჯა ამ პროექტების განხორციელებისთვის. თბილისში, მე დღეს დილით ვიმყოფებოდი, მოვინახულეთ მიხეილ მესხის სახელობის სტადიონი და იქაც, ანალოგიურად, სრულად განახლდა სტადიონი. აქ თქვენ ხედავთ, რომ ეს არის თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სტადიონი. 35 მლნ ლარი დაიხარჯა ამ ყველაფერში, თბილისში 32 მლნ ლარი დაიხარჯა, თუ არ ვცდები, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის გასაახლებლად და მნიშვნელოვანია, რომ ეს დარჩება ჩვენს ქვეყანას, მომავალ თაობებს. ამას სჭირდება ახლა შენარჩუნება, განვითარება და ძალიანი მნიშვნელოვანია ის, რომ ჩვენმა მომავალმა თაობებმა, ჩვენმა ახალგაზრდებმა გამოიყენონ ეს ყველაფერი. მინდა მოგილოცოთ, მადლობა გადავუხადო ჩვენს მინისტრს, ირაკლის, ყველას, ვინც ჩართული იყო ამ პროექტის განხორციელებაში. მინდა მადლობა გადავუხადო მშენებელ კომპანია „დაგის” და ფეხბურთის ფედერაციას. გილოცავთ, საქართველო არის მზად, რომ ვუმასპინძლოთ ევროპის ჩემპიონატს ფეხბურთში,” – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, ეს არის მხოლოდ დასაწყისი და კიდევ სხვა მასშტაბური პროექტები არის გეგმაში.

„მე ვიცი ძალიან მდიდარი ტრადიციების შესახებ, რომლებიც არსებობს ამ ქალაქში. ფეხბურთი ძალიან ბევრ რამეს ნიშნავს ჩვენთვის და განსაკუთრებით ქუთაისისთვის. ეს არის მხოლოდ დასაწყისი. ჩვენ კიდევ სხვა მასშტაბური პროექტები გვაქვს გეგმაში. ჩვენ დღეს დავათვალიერებთ ასევე ოლიმპიური სტანდარტების ახალ საცურაო აუზს, რომელიც ჩვენ დაახლოებით 2 წელიწადში დავასრულეთ. მშენებლობა დავიწყეთ 2021 წლის 9 ივნისს და დღეს შეგვეძლება, რომ ერთობლივად გავხსნათ ეს ახალი საცურაო აუზი. სხვა მნიშვნელოვანი პროექტებიც მიმდინარეობს ქუთაისში. განახლებული რეგიონის ფარგლებში, ჩვენ ჩავუტარეთ რეაბილიტაცია ძალიან მნიშვნელოვან ობიექტებს, მაგრამ ახლა ჩვენ ვიწყებთ კიდევ უფრო მასშტაბურ პროექტს, – ჩვენი ისტორიული ქუთაისის, ისტორიული უბნების რეაბილიტაციას. 200 მილიონი გვაქვს ჩასმული წელს. გვინდა, რომ 10 ქალაქში დავიწყოთ განახლების სამუშაოები. მიმდინარეობს პროექტზე მუშაობა და წელსვე დავიწყებთ სამუშაოებს. ასე რომ, ჩვენ ეტაპობრივად ვუვლით ქალაქებს, ვალამაზებთ და გვინდა, რომ ჩვენი სახელმწიფო, ჩვენი ქვეყანა გარდავქმნათ რეალურად ევროპული ტიპის, თანამედროვე, მოვლილ, ლამაზ ქალაქებად, რაიონებად, სოფლებად. ეს არის ჩვენი საერთო მიზანი. რაც მთავარია, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი შეუძლებელი იქნებოდა, რომ არ ყოფილიყო მშვიდობა, მეგობრებო, დამეთანხმებით. მშვიდობა არის მთავარი. ჩვენ ვახერხებთ და შევინარჩუნეთ მშვიდობა, სტაბილურობაც, განვითარებაც გვაქვს, და ეს ყველაფერი, რაც შევძელით, რა თქმა უნდა, არის მშვიდობის დამსახურება და ჩვენი სწორი პოლიტიკის დამსახურება. კიდევ ერთხელ გილოცავთ და გისურვებთ გამარჯვებას. გამარჯვებას ვუსურვებ ჩვენს ფეხბურთელებს, ჩვენს სპორტსმენებს”, – განაცხადა პრემიერმა.

სტადიონზე შეკრებილ სტუმრებს მიმართეს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა დავით მუჯირმა. უეფას სტანდარტების შესაბამისად განახლდა ქუთაისის რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონი. ფაქტობრივად, თავიდან აშენდა სტადიონის ადმინისტრაციული შენობა, რომელიც სრულად აღჭურვილია სპორტული და აუცილებელი ინფრასტრუქტურით. სტადიონი აღჭურვილია უეფას სტანდარტის ბალახის საფარით და შესაბამისი სარწყავ-სადრენაჟე სისტემით. სტადიონზე მოეწყო გაგრილების, გათბობის, წყალმომარაგების, წყალარინებისა და უსაფრთხოების სისტემები. დამონტაჟდა სტადიონის სისტემა, გახმოვანებისა და უსაფრთხოების ახალი სისტემები, ახალი სკამები, ლედსარეკლამო კედლები და სხვ. საქართველოში უეფას 21 წლამდე ნაკრებთა ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატისთვის მზადების ფარგლებში, სტადიონზე შეიქმნა ისეთი სტანდარტის ინფრასტრუქტურა, რომელიც ხელს შეუწყობს ქართული ფეხბურთის განვითარებას და ახალგაზრდების სპორტით დაინტერესებას. სამუშაოების ღირებულება დაახლოებით 35 მილიონი ლარია. პრემიერ-მინისტრთან ერთად განახლებულ სტადიონზე იმყოფებოდნენ აღმასრულებელი, საკანონმდებლო და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0