ველოდებით დამატებითი ავტობუსების ეტაპობრივად შემოსვლას, გამოთავისუფლებული ავტობუსები კი სხვადასხვა მარშრუტს დაემატება

10/04/2024

თბილისის მერიაში მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომა გაიმართა. დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვამდე, დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ რამდენიმე განცხადება გააკეთა და იმედი გამოთქვა, რომ გერმანიის ქალაქებში დაგეგმილ საფეხბურთო მატჩებს ბევრი ქართველი გულშემატკივარი დაესწრება. კახა კალაძე გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის იმ ინიციატივას, რომელიც ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის მიმდინარეობისას, გერმანიის მიმართულებით დამატებითი პირდაპირი რეისების დანიშვნას და ბილეთების ფიქსირებული, დაბალი ტარიფის შეთავაზებას ეხება.

„როგორც იცით, ზაფხულში დაგეგმილია ჩვენი ეროვნული ნაკრების თამაშები. მთელი საქართველო ელოდება ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის დაწყებას. ძალიან მნიშვნელოვანი რამ მოხდა, რასაც ამდენი წელია ველოდებოდით. რა თქმა უნდა, ბევრ ადამიანს უნდა გერმანიაში გამგზავრება, რომ ნაკრებს უგულშემატკივროს. მინდა, გამოვეხმაურო პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის ინიციატივას გერმანიის მიმართულებით დამატებითი პირდაპირი რეისების დანიშვნის შესახებ, რაც ქართველ გულშემატკივარს შესაძლებლობას მისცეს, ჩავიდეს და სტადიონზე დაესწროს თამაშებს. მივესალმები ამ გადაწყვეტილებას, რადგან მოქალაქეები შეძლებენ, ბილეთები ხელმისაწვდომ ფასად შეიძინონ “, – აღნიშნა თბილისის მერმა.

მისივე თქმით, დამატებით ინფორმაციას ფრენებისა და ტარიფების შესახებ ცენტრალური ხელისუფლება გაავრცელებს.

„როგორც ვიცი, ამ მიმართულებით მუშაობა უკვე დაწყებულია და დამატებით ინფორმაციას ცენტრალური ხელისუფლება გაავრცელებს. იმედი მაქვს, რომ გერმანიის ქალაქებში, სადაც ჩვენი ნაკრების შეხვედრები გაიმართება, ბევრი ქართველი გულშემატკივარი ჩავა და გვექნება შესაძლებლობა, ეროვნულ ნაკრებს ერთად ვუგულშემატკივროთ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერმა დღევანდელ სხდომაზე აღნიშნა, რომ სამშენებლო მოედნიდან წესების დარღვევით, დაბინძურებული ავტომანქანის გამოსვლაზე კონტროლი გამკაცრდება, რადგან დადგენილი ჯარიმების მიუხედავად, სამშენებლო კომპანიების წარმომადგენლები არაკეთილსინდისიერად იქცევიან.

„რამდენიმე წლის წინ, თბილისის მუნიციპალიტეტის წინადადების საფუძველზე, საქართველოს პარლამენტმა განიხილა საკანონმდებლო ცვლილებები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში და სამშენებლო მოედნიდან დაბინძურებული ავტომანქანის გამოსვლა გახდა ადმინისტრაციული სამართალდარღვევა, რომლისთვისაც გათვალისწინებულია ჯარიმა ფიზიკური პირის შემთხვევაში – 500, იურიდიული პირის შემთხვევაში – 1 000 ლარის, ხოლო განმეორებითი ქმედების შემთხვევაში – 2 000 ლარის ოდენობით. ეს ცვლილება უკვე რამდენიმე წელია მოქმედია, თუმცა, რეალობას თუ შევხედავთ, ამ მიმართულებით სერიოზული პრობლემები გვაქვს. ალბათ ძალიან ბევრს შეუნიშნავს დედაქალაქში სამშენებლო ობიექტებიდან გამოსული დიდი სატვირთო მანქანები, რომლებიც აბინძურებენ ქუჩას, გამოაქვთ ტალახი. ეს ყველაფერი შემდეგ მტვრად გადაიქცევა, ამას კი სუნთქავენ ჩვენი შვილები, მოქალაქეები“, – განაცხადა თბილისის მერმა.

კახა კალაძემ მერის მოადგილე კახა გულედანს დაავალა, მკაცრად გაკონტროლდეს სამშენებლო ობიექტებიდან გამოსული ავტომანქანების მდგომარეობა და არცერთი შემთხვევა რეაგირების გარეშე არ დარჩეს.

„სამშენებლო ობიექტებს აქვთ ვალდებულება, გამოსვლის დროს, ავტომანქანები სამშენებლო მოედანზე ჩამორეცხონ. არ უნდა ფიქსირდებოდეს დიდი მანქანების მიერ ქუჩების დაბინძურების შემთხვევები. ამ მხრივ, უამრავი მაგალითის მოყვანა შეგვიძლია. ასევე, პრობლემაა ბეტონგადამზიდი მანქანები. რამდენჯერ ყოფილა შემთხვევა, როდესაც ახლად რეაბილიტირებული ქუჩა ზიანდება. მსგავსი ფაქტი ამასწინათ უნივერსიტეტის ქუჩაზეც მოხდა. ერთმანეთის მხარდაჭერით შეგვიძლია, ჩვენი ქალაქი კიდევ უფრო სუფთა და მოწესრიგებული გავხადოთ, ამ პროცესში კი ყველა ადამიანს მნიშვნელოვანი როლი აკისრია. მინდა, ჩემს მოადგილეს, კახა გულედანს დავავალო, ყურადღება მიაქციოთ აღნიშნულ საკითხს. სასწრაფოდ დაიწყეთ მუშაობა, რომ ეს ყველაფერი მოწესრიგდეს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ყურადღება საზოგადოებრივი ტრანსპორტის განახლებაზეც გამახვილდა. აღინიშნა, რომ 13 აპრილიდან ავტობუსები შვიდ მარშრუტს დაემატება, რაც ტრანსპორტის მოცდის დროს შეამცირებს.

„ჩვენი სატრანსპორტო პოლიტიკის ერთ-ერთი მიმართულებაა ავტობუსების ჩანაცვლება, განახლება, დამატება, იმისთვის, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი ყველაზე კომფორტული გავხადოთ. როგორც იცით, 18-მეტრიანი ავტობუსები, რომელიც შემოვიდა, გადანაწილდა სხვადასხვა მარშრუტზე. პირველ რიგში, ავიღეთ ის მიმართულებები, სადაც ყველაზე მეტი მგზავრთნაკადია და ყველაზე მეტად საჭიროებდა ავტობუსების დამატებას. 13 აპრილიდან გამოთავისუფლებული ავტობუსები შვიდ მარშრუტს დაემატება, რომლის შედეგადაც, N304 მარშრუტზე მოცდის დრო შემცირდება 15 წუთამდე, N307-ზე -12 წუთამდე, N311-ზე – 14 წუთამდე, N315-ზე – 15 წუთამდე, N339-ზე – 6 წუთამდე, N351-ზე – 10 წუთამდე, ხოლო N385-ზე – 10 წუთამდე“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, მას შემდეგ, რაც ქალაქში დამატებითი ავტობუსები შემოვლენ, გამოთავისუფლებული რესურსის გადანაწილების პროცესი გაგრძელდება.

„ველოდებით დამატებითი ავტობუსების ეტაპობრივად შემოსვლას, გამოთავისუფლებული ავტობუსები კი სხვადასხვა მარშრუტს დაემატება, რათა რაც შეიძლება მეტი ადამიანის გადაყვანა შევძლოთ. ეს ყველაფერი მოგვცემს იმის საშუალებას, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა უფრო სწრაფი და კომფორტული გავხადოთ“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

თბილისის მერმა მთავრობის სხდომაზე საზოგადოებას სტატისტიკური მონაცემებიც წარუდგინა.

„2018 წელთან შედარებით, ხაზზე მომუშავე ავტობუსების რაოდენობა დღეის მდგომარეობით, გაიზარდა 27%-ით, ხოლო მგზავრთტევადობა – 65%-ით (21 000 მგზავრით). ვფიქრობ, ამ პოლიტიკით შევძლებთ, კიდევ უფრო გავზარდოთ მგზავრთნაკადი. განხორციელებული ღონისძიებების პირველი შედეგები უკვე თვალსაჩინოა. მაგალითად, 1-ელ აპრილს დაფიქსირდა ავტობუსებით გადაყვანილი მგზავრების რაოდენობის რეკორდული მაჩვენებელი – 600 ათასი მგზავრობა და ეს მონაცემები პროექტის დასრულების შემდეგ კიდევ უფრო გაიზრდება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა აქვე აღნიშნა, რომ თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურმა ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე კლდოვანი ფერდის დარჩენილი ნაწილის გამაგრების სამუშაოები დაიწყო.

„გასულ წელს, ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე კლდოვანი ფერდის ნაწილის გამაგრების სამუშაოები დავიწყეთ – ჩამოწმენდა, გამაგრება, მოწესრიგება და შეფუთვა შესაბამისი მასალით. მაშინვე ვთქვით, რომ აღნიშნული სამუშაოები ფერდის დანარჩენ ნაწილშიც განხორციელდებოდა. რამდენიმე დღეა ფერდზე ქვათაცვენის საწინააღმდეგო ბადეების მოწყობა დავიწყეთ. პროექტს ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური ახორციელებს და ზაფხულის ბოლომდე დასრულდება“, – განაცხადა თბილისის მერმა.

კიდევ ერთი სიახლე, რომელიც კახა კალაძემ საზოგადოებას გააცნო, თბილისის მერიის პროგრამის – „ისწავლე და დასაქმდი“ ახალი ეტაპის დაწყებაა. მისი თქმით, დასაქმებითა და კვალიფიკაციის გაზრდით დაინტერესებული მოქალაქეები შესაბამისი კურსების გავლას ყოველგვარი გადასახადის გარეშე შეძლებენ.

„ქვეყანაში სამუშაო ადგილებთან დაკავშირებით გამოწვევა გვაქვს – არსებობს ბევრი ადამიანი, ვინც ეძებს სამსახურს და არსებობს ბიზნესსექტორი, რომელიც ეძებს კვალიფიციურ კადრებს. ვიწყებთ ჩვენი ერთ-ერთი ძალიან წარმატებული პროგრამის – „ისწავლი და დასაქმდი“ ახალ ეტაპს. 10 აპრილიდან 1-ელი მაისის ჩათვლით, დაინტერესებული მოქალაქეები შეძლებენ ონლაინ რეგისტრაციას პლატფორმაზე -www.dasakmdi.ge. პროგრამა ითვალისწინებს თბილისში რეგისტრირებული მოქალაქეების მომზადება/გადამზადებას მოკლევადიანი პროფესიული კურსების მეშვეობით, შრომის ბაზარზე მოთხოვნად სპეციალობებში და მათი დასაქმების ხელშეწყობას კერძო სექტორთან თანამშრომლობით. აღნიშნულ კურსებზე ჩვენი თანამოქალაქეების გადამზადებას ყოველგვარი გადასახადების გარეშე ვახდენთ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე ინფორმაციით, პროგრამას წელს 15 ახალი მიმართულება დაემატა, რაც იმას ნიშნავს, რომ მოქალაქეების მომზადება/გადამზადება 65 სპეციალობაში იქნება შესაძლებელი. აღნიშნულ კურსებზე სწავლას მუნიციპალიტეტი დააფინანსებს.

„მიმდინარე პროგრამის ფარგლებში მომზადება/გადამზადებას გაივლის 1 000-მდე მოქალაქე. ბოლო წლების განმავლობაში, გადამზადდა 9 000-ზე მეტი მოქალაქე და დასაქმების მაჩვენებელი სწავლის დასრულებისთანავე შეადგენს, დაახლოებით, 70%-ს. ჩვენი მოქალაქეებისთვის კიდევ ერთი სიახლე გვაქვს – ვისაც სურს ონლაინ კურსებზე სწავლა და ამისთვის ესაჭიროება შესაბამისი ადგილი, მათ მთელი სასწავლო პროგრამის განმავლობაში, უსასყიდლოდ, ახლად რეაბილიტირებული მულტიფუნქციური ბიბლიოთეკების თავისუფალ სამუშაო სივრცეებს ვთავაზობთ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0