ვაქცინაცია ქრონიკული დაავადებების მქონე პირებისთვის ხელმისაწვდომი ხდება

07/04/2021

„ვაქცინაციის პროცესში ჩართვა ქრონიკული დაავადების მქონე პირებსაც შეეძლებათ“,-ამის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ვაქცინაციის საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. მინისტრის განცხადებით, აღნიშნული ჯგუფები მაღალი რისკის მატარებლები არიან.

„ჯანდაცვის სამინისტრო და დაავადებათა კონტროლის ცენტრი , პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად, შევადგენთ სიებს იმ ბაზებიდან, რომელიც ჯანდაცვის ეროვნულ სააგენტოშია. სიები დაავადებათა კონტროლის პორტალზე განთავსდება, შედეგად პროგრამა შეძლებს ყველა იმ ადამიანის იდენტიფიცირებას, ვისაც აქვს მაღალი რისკი და ისინი შეძლებენ ვაქცინაციაზე რეგისტრაციას“, – აღნიშნა ეკატერინე ტიკარაძემ.

გარდა ამისა, ამოქმედდება ვებპორტალი, რომელზე დარეგისტრირებაც ვაქცინაციის მსურველ ნებისმიერ მოქალაქეს შეეძლება .ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, პორტალზე მოქალაქეებს ვაქცინებს შორის არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა ექნებათ.

„მოქალაქეებს საშუალება ექნებათ, აირჩიონ ყველა ვაქცინა, რომელიც უახლოეს მომავალში საქართველოში იქნება ხელმისაწვდომი. ეს იქნება მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი, რათა მივიღოთ გადაწყვეტილება , თუ რომელი ვაქცინები შემოვიტანოთ ქვეყანაში“, – ამის შესახებ ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.

ამ დროისთვის ქვეყანაში ვაქცინაცია 14 207 ადამიანს ჩაუტარდა. 30 აპრილამდე კი 19 573 აცრაა დაჯავშნილი. COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ინფექციისაგან თავდაცვის ეფექტური და უსაფრთხო საშუალებაა. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია, საზოგადოებრივი ჯანდაცვის უწყებები და კვალიფიციური ექიმები რეკომენდაციას უწევენ COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციას.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0