„დღეს ვმასპინძლობთ ჩვენი ზღვისგადაღმა მეზობლის, ბულგარეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტ როსენ ჟელიაზკოვს. საქართველოსა და ბულგარეთს შორის მეგობრული და კეთილმეზობლური ურთიერთობა საუკუნეებს ითვლის“, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ბულგარეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტ როსენ ჟელიაზკოვთან ერთად გამართულ ბრიფინგზე. როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, შეხვედრაზე დეტალურად ისაუბრეს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივაზე. ასევე, მან იმედი გამოთქვა, რომ ბულგარეთი გააგრძელებს საქართველოს ევროპული მომავლის მხარდაჭერას.
„ჯერ კიდევ მე-11 საუკუნეში, ქართველმა ძმებმა ბაკურიანისძეებმა პეტრიწონის მონასტერი (ბაჩკოვოს მონასტერი) დააარსეს, რომელიც ჩვენი ქვეყნების კულტურული ერთობის სიმბოლოდ იქცა. დღევანდელი ოფიციალური ვიზიტი ამ მყარი ისტორიული საფუძვლის მქონე ურთიერთობის გაღრმავებას ისახავს მიზნად. ვაფასებთ ამ ვიზიტსა და ინტენსიურ კომუნიკაციას, რომელიც ამჟამინდელ რთულ გეოპოლიტიკურ ვითარებასა და ევროკავშირში წევრობის გზაზე საქართველოსთვის ისტორიულად მნიშვნელოვან პერიოდში შედგა. ჩვენი სურვილია, რომ გავაღრმაოთ ორმხრივი და მრავალმხრივი დიალოგი ბულგარეთის რესპუბლიკასთან სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის, საპარლამენტო დონეზე. თავმჯდომარეებსა და კომიტეტებს შორის ძლიერი კავშირები ხელს შეუწყობს გამოცდილების გაზიარებას, რაც ორივე ქვეყანას წაადგება. შეხვედრაზე ბულგარეთის ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტს მადლობა გადავუხადე საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერისთვის. ბულგარეთის პარლამენტის მიერ იგეგმება საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუციის მიღება, რაც იქნება ჩვენი მეგობრობის განსამტკიცებლად გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯი. დეტალურად ვისაუბრეთ საქართველოს პროგრესზე ევროკავშირში წევრობის გზაზე. აგრეთვე, მიმოვიხილეთ რეგიონში არსებული ვითარება და უსაფრთხოების გარემო. ვიმედოვნებთ, რომ ბულგარეთი გააგრძელებს საქართველოს ევროპული მომავლის მხარდაჭერას. ველით ევროპული საბჭოს დეკემბრის გადაწყვეტილებას კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით. მადლობას ვუხდი ჩემს კოლეგასა და მის თანმხლებ დელეგაციას ჩამობრძანებისთვის. ძალისხმევას არ დავიშურებთ ჩვენი თანამშრომლობისა და მეგობრობის გასაძლიერებლად“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
ბულგარეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტმა როსენ ჟელიაზკოვმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართა მხარდაჭერა გამოხატა. მანვე აღნიშნა, რომ ბულგარეთი, როგორც მეგობარი ქვეყანა მხარს დაუჭერს საქართველოს ძალისხმევას ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ.
„პარლამენტის თავმჯდომარესთან ნაყოფიერი შეხვედრა გვქონდა. ვისაუბრეთ საპარლამენტო თანამშრომლობაზე. ჩვენ შემდგომშიც უნდა გავაღრმავოთ ეკონომიკური ურთიერთობები და უფრო ინტენსიური გავხადოთ ვაჭრობის მოცულობა“, – განაცხადა როსენ ჟელიაზკოვმა.