ვარკეთილის დასახლებაში, ავარიულ კორპუსებში მცხოვრებ 35 ოჯახს საცხოვრებელი ფართები გადაეცა

26/09/2023

ვარკეთილის დასახლებაში, ავარიულ კორპუსებში მცხოვრებ 35 ოჯახს საცხოვრებელი ფართები გადაეცა. ბინებთან ერთად, აღნიშნულ ოჯახებს მუნიციპალიტეტისგან სარემონტო სამუშაოებისთვის საჭირო თანხაც გადაეცემა, რომელიც ბიუჯეტიდან უკვე გამოყოფილია. ადგილობრივ მცხოვრებლებს ბინის გასაღები დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ გადასცა და ახალი საცხოვრებელი ფართები მიულოცა.

„მიხარია, რომ როგორც თბილისის მერი და როგორც ამ ქალაქში მცხოვრები ადამიანი, დღეს სასიხარულო და მნიშვნელოვანი ამბის მონაწილე ვარ – ამბის, რომელიც კონკრეტული ოჯახებისთვის სიმშვიდის, უსაფრთხოებისა და სტაბილურობის გარანტია. ყველა კარგად ხედავს, ქალაქში რამდენად ბევრი ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება სხვადასხვა მიმართულებით, მაგრამ მთავარი და უმთავრესი მაინც არის ის, რომ ამ ქალაქში მცხოვრებ არცერთ ოჯახს არ უწევდეს ავარიულ საცხოვრებელ სახლებში შიშითა და დაძაბულობით ცხოვრება. თბილისში, სამწუხაროდ, 10 000-მდე ავარიული შენობა-ნაგებობა გვაქვს, რომელსაც სხვადასხვა კატეგორიის ავარიულობა აქვს მინიჭებული. დედაქალაქის მერიამ წარმოადგინა პროგრამა, რომლის საშუალებითაც ეტაპობრივად შევძლებთ ამ კორპუსების ჩანაცვლებას ახალი, თანამედროვე საცხოვრებელი სახლებით. ჩვენ 2017 წელს დავპირდით მოსახლეობას, რომ დავიწყებდით აღნიშნული პროექტის განხორციელებას და ძალიან მიხარია, რომ გვაქვს ხელშესახები შედეგები ამ მიმართულებით. ცხადია, ყველა შენობის ჩანაცვლება მოკლე დროში ვერ მოხერხდება, მაგრამ მთავარია, რომ არსებობს პროგრამა, რომელიც მოგვცემს შესაძლებლობას, რომ ეტაპობრივად მოხდეს ამ პროექტების განხორციელება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

როგორც თბილისის მერმა აღნიშნა, ეს პროექტი არის ბიზნესისა და მუნიციპალიტეტის თანამშრომლობის კიდევ ერთი მაგალითი.

„სახეზე გვაქვს მუნიციპალიტეტისა და ბიზნესის ურთიერთთანამშრომლობის შედეგი – ვარკეთილის მე-3 მასივში მდებარე მიწის ნაკვეთზე ჩვენ ინტერესთა გამოხატვა 2019 წელს გამოვაცხადეთ და გამარჯვებულმა კომპანიამ „ვარკეთილი დიველოფმენთმა“, თბილისის მერიასთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, ორი საცხოვრებელი კორპუსის ფარგლებში, მუნიციპალიტეტს გადმოსცა 7 545 კვადრატული მეტრი ფართი. დაახლოებით 142 ბინა არის თეთრი კარკასის მდგომარეობით. დღეს ავარიულ კორპუსებში მცხოვრებ 35 ოჯახს გადაეცემა საცხოვრებელი ფართები. ბინებთან ერთად, მუნიციპალიტეტისგან მათ გადაეცემათ სარემონტო სამუშაოებისთვის საჭირო თანხა, რომელიც ბიუჯეტიდან უკვე გამოყოფილია. რაც შეეხება დარჩენილ 107 ბინას, მათ ასევე, ვარკეთილის ტერიტორიაზე, ავარიულ კორპუსებში მცხოვრებლებს გადავცემთ. ყველას გილოცავთ ამ დიდ სიხარულს. სახლი მხოლოდ ადგილი არ არის, ის სიმყუდროვის შეგრძნებაა. ამიტომ, მინდა, ყველას დაგიბრუნდეთ ეს შეგრძნება, იგრძნოთ თავი დაცულად და უსაფრთხოდ; მშვიდად გაზარდოთ შვილები, შვილიშვილები და იყოთ ბედნიერი. ჩვენ, ჩვენი მხრივ, შესაძლებლობების ფარგლებში, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ გვერდით დაგიდგეთ და ჩვენი მოსახლეობის მხარდაჭერით, გავაგრძელოთ ზრუნვა ჩვენი ქალაქის უკეთეს ხვალინდელ დღეზე“, – განაცხადა კახა კალაძემ.

კახა კალაძემ ასევე ხაზი გაუსვა ბინათმშენებლობებით დაზარალებულებისა და უსახლკაროების ბინებით დაკმაყოფილების საკითხს. ღონისძიებას ესწრებოდნენ ქონების მართვის სააგენტოს უფროსი ირაკლი თავართქილაძე, სამგორის რაიონის გამგებელი კახა სამხარაძე, თბილისის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი რევაზ სოხაძე და სამშენებლო კომპანია „არქის“ დამფუძნებელი ილია წულაია. ავარიულ კორპუსებში მცხოვრები ოჯახების ფართებით დაკმაყოფილების მიზნით, ვარკეთილის მე-3 მასივში მდებარე მიწის ნაკვეთზე ინტერესთა გამოხატვა თბილისის მერიამ 2019 წელს გამოაცხადა, რომელშიც კომპანია „ვარკეთილი დიველოფმენთმა“ გაიმარჯვა. თბილისის მერიასთან გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში, კომპანიამ აიღო ვალდებულება, 7 545 კვადრატული მეტრი ჯამური ფართის მქონე ბინები, თეთრი კარკასის მდგომარეობით, მუნიციპალიტეტისთვის გადაეცა. გასული წლის დეკემბრის მონაცემებით, მუნიციპალიტეტმა კომპანიისგან ორი საცხოვრებელი კორპუსის ფარგლებში, ჯამში, 142 ერთეული ბინა მიიღო. დარჩენილი 107 ბინა, ასევე, ვარკეთილის ტერიტორიაზე, ავარიულ კორპუსებში მცხოვრებ ოჯახებს გადაეცემა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0