საქართველოს თავდაცვის ძალები 33 წლისაა! ყველას გილოცავთ ამ დღეს, რომელსაც განსაკუთრებული სიამაყით აღვნიშნავთ; ეს დღე გეკუთვნით თქვენ, თითოეულ მამაც და პროფესიონალ სამხედროს, რომლებიც იცავთ ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობას, მშვიდობასა და თავისუფლებას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ვაზიანში, საქართველოს თავდაცვის ძალების 33-ე წლისთავთან დაკავშირებულ საზეიმო ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, ჯარზე, სამხედროებზე ზრუნვა და მათი ღვაწლის კიდევ უფრო დაფასება მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი და ვალდებულებაა.
„ბატონო პარლამენტის თავმჯდომარევ, ბატონო დედაქალაქის მერო, ბატონო თავდაცვის მინისტრო, ბატონო თავდაცვის ძალების მეთაურო, გენერლებო, ოფიცრებო, სერჟანტებო, რიგითებო და კაპრალებო, პატივცემულო მოწვეულო სტუმრებო, ქალბატონებო და ბატონებო, მოგესალმებით! ჩემს მისალმებაში შეგნებულად არ მოვიხსენიე წინა გამომსვლელი და ქართულ ჯარს არ ვაკადრებ, გამოვეხმაურო მის პოლიტიკურ განცხადებებს, რომლებიც სრულიად შეუფერებელი იყო დღევანდელი დღისთვის და პრეზიდენტის მაღალი თანამდებობისთვის. კონსტიტუციის წინაშე ფიცის გატეხისა და ქვეყნის ღალატისთვის ღმერთის წინაშე აგებს ყველა პასუხს”, – განაცხადა პრემიერმა.
ირაკლი კობახიძის შეფასებით, ქართული ჯარი ყოველთვის ურყევად იდგა ქვეყნის თავისუფლების და დამოუკიდებლობის სადარაჯოზე.
„ქედს ვიხრი ყველა მებრძოლის ხსოვნის წინაშე, ვინც გმირულად დაეცა სამშობლოს დასაცავად თუ საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში. მათი სიმამაცე, პატრიოტიზმი და სიმტკიცე ის ღირებულებებია, რომლებსაც თავდაცვის ძალები ეფუძნება. მინდა ეს დღე მივულოცო ყველა ვეტერანს და მადლობა ვუთხრა მათ სამშობლოს ერთგული სამსახურისთვის. თავდაცვის ძალების დღეს ვულოცავ ჩვენს დაჭრილ და დაშავებულ მებრძოლებს. ჩვენი სახელმწიფოსა და საზოგადოების ვალია, მაქსიმალურად დავუჭიროთ მათ მხარი და დავაფასოთ მათი თავგანწირვა. ჩვენს ჯარზე, ჩვენს სამხედროებზე ზრუნვა და მათი ღვაწლის კიდევ უფრო დაფასება მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი და ვალდებულებაა. ჩვენ ვამაყობთ ჩვენი ჯარით, რომელიც ჩვენი ეროვნული იდენტობის განუყოფელი ნაწილია”, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ჯარი არის ის დიდი ოჯახი, რომელიც საქართველოს თითოეულ მოქალაქეს ეკუთვნის და აერთიანებს.
„ჩვენთვის პრიორიტეტულია ჯარის მზადყოფნის გაძლიერება, თანამედროვე შეიარაღებით აღჭურვა და მოდერნიზებული ინფრასტრუქტურით უზრუნველყოფა. ამ გზაზე, ეროვნულ ძალისხმევასთან ერთად, მნიშვნელოვანია საერთაშორისო პარტნიორობის კიდევ უფრო გაღრმავება. მადლობას ვუხდი ჩვენს პარტნიორებს საქართველოს თავდაცვის ძალების განვითარებისა და გაძლიერებისკენ მიმართული მრავალწლიანი ღირებული მხარდაჭერისთვის. ჩვენი თანამშრომლობა ასევე ქმნის მყარ საფუძველს რეგიონული მშვიდობისა და სტაბილურობისთვის, რაც რეგიონში არსებული გართულებული უსაფრთხოების გარემოს გათვალისწინებით განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. მოხარული ვარ, რომ დღეს ჩვენი თავდაცვის ძალები კიდევ უფრო დიდი შემართებით, მაღალი მზადყოფნის დონითა და მოტივაციით წარმატებით აგრძელებს ქართული ჯარის მხედრულ ტრადიციებს და საამაყო მემკვიდრეობას. კიდევ ერთხელ გილოცავთ თავდაცვის ძალების იუბილეს და გისურვებთ გამარჯვებებს. გაუმარჯოს ერთიან, დამოუკიდებელ საქართველოს! გფარავდეთ ღმერთი!”, – განაცხადა მთავრობის მეთაურმა.
ოფიციალური ღონისძიება მარშის თანხლებით საქართველოს სახელმწიფო და თავდაცვის ძალების დროშების შემოტანით გაიხსნა. თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდიის სამხედრო-საჩვენებელმა ორკესტრმა შეასრულა სახელმწიფო ჰიმნი, რომლის მსვლელობისას სამხედროებმა ქვემეხებიდან საზეიმო ზალპებიც გაისროლეს. პირადმა შემადგენლობამ და სტუმრებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს საქართველოს ერთიანობისათვის ბრძოლისა და სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპულ სამხედრო მოსამსახურეთა ხსოვნას. დღესვე რეკრუტებმა სამხედრო ფიცი დადეს და ქართულ ჯარს ოფიციალურად შეუერთდნენ. საზეიმო ღონისძიებაზე სამხედრო მოსამსახურეების დაჯილდოების ცერემონიალიც გაიმართა, რის შემდეგაც სამხედრო მოსამსახურეებმა ჯარისკაცის მრწამსი წაიკითხეს. ღონისძიება თავდაცვის ძალების შვეულმფრენების გადაფრენით დასრულდა. პრემიერ-მინისტრმა სამწყობრო მოედანზე გამოფენილი სამხედრო ტექნიკა და აღჭურვილობა დაათვალიერა. მე-4 ქვეით ბრიგადაში გამართულ ღონისძიებას აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წევრები და საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები დაესწრნენ.
ღონისძიების დაწყებამდე მთავრობის მეთაურმა ბრიგადის ტერიტორიაზე არსებული გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო.