თბილისის მერიაში მუნიციპალიტეტის მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა. დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვამდე, დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ რამდენიმე განცხადება გააკეთა. როგორც სხდომაზე აღინიშნა, მოქალაქეთა მომსახურების 11-ვე სერვისცენტრმა, რომელიც მსოფლიო პანდემიის პირობებში დაიხურა, პირველი ივნისიდან მუშაობა განაახლა. მოქალაქეები სერვისცენტრებში დროულ და ხარისხიან მომსახურებას მიიღებენ.
„მსოფლიო პანდემიის გამო, ჩვენ მთელი რიგი ღონისძიებების გატარება მოგვიწია. თანამშრომლები, რომლებიც რისკის ჯგუფს მიეკუთვნებიან, დღემდე მუშაობის დისტანციურ რეჟიმში არიან. ასევე, მოგვიწია სერვისცენტრების დახურვა, როგორც მერიაში, ისე 10-ვე რაიონულ გამგეობაში, რის გამოც, სერვისებზე მოთხოვნა მნიშვნელოვნად გაიზარდა. ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ მაქსიმალურად სწრაფად მივიღოთ გადაწყვეტილებები, დროულად მოხდეს წერილების ჩაბარება, რომ მოქალაქეებს რიგში დგომა არ მოუწიოთ“, – განაცხადა კახა კალაძემ.
თბილისის მერის თქმით, მომსახურების მიღების დროს სავალდებულოა პირბადეების გამოყენება და გარკვეული დისტანციის დაცვა, რათა მოქალაქეთა უსაფრთხოება და ჯანმრთელობა მაქსიმალურად იყოს დაცული.
„აუცილებლად გასათვალისწინებელია სოციალური დისტანცია და პირბადეების მოხმარება. საზოგადოებრივმა ტრანსპორტმა დაიწყო მუშაობა და ემსახურება დედაქალაქის მოსახლეობას. აქაც მნიშვნელოვანია, გავითვალისწინოთ ყველა ის მოთხოვნა, რომელიც შესაბამისი უწყებების მხრიდან დაწესდა. ბრძოლა კოვიდ 19-ის წინააღმდეგ არ დასრულებულა, ის ჯერ კიდევ ჩვენთანაა“, – აღნიშნა კახა კალაძემ.
გარდა ამისა, თბილისის მერმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ ღია კაფეებს, რომელიც მუნიციპალურ სივრცეებშია განთავსებული, ქვეყანაში არსებული შეზღუდვების მოხსნამდე მიეცემათ შესაძლებლობა, მაგიდები განალაგონ ისეთ ადგილებში, სადაც მათ იჯარის ხელშეკრულებით ამის უფლება არ აქვთ. მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ დედაქალაქში პირველი ივნისიდან ღია კაფეები გაიხსნა, მათ მაგიდებს შორის დისტანციის დაცვასთან დაკავშირებით შეზღუდვები აქვთ.
„მთელი ამ ხნის განმავლობაში, კორონავირუსით დაზარალებული სუბიექტების ხელშეწყობის მიზნით, არაერთი ღონისძიება გაატარა როგორც ცენტრალურმა ხელისუფლებამ, ასევე ადგილობრივმა მუნიციპალიტეტმა. ჩვენ პირველივე დღიდან დავიწყეთ მთელი რიგი ღონისძიებების გატარება. მაგალითად, რესტორნები და კაფე-ბარები იჯარის გადასახადისგან გავათავისუფლეთ. პირველი ივნისიდან დედაქალაქში ღია კაფეები გაიხსნა, თუმცა მათ მაგიდებს შორის დისტანციის დაცვასთან დაკავშირებით შეზღუდვები აქვთ. ტერიტორიაზე იმდენ მაგიდას ვერ განათავსებენ, რამდენსაც აქამდე ახერხებდნენ. გასულ დღეებში მქონდა კონსულტაციები პრემიერ-მინისტრთან და ეკონომიკის მინისტთან. მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ღია კაფეებს, რომელიც განთავსებულია მუნიციპალურ სივრცეებში, შეზღუდვების მოხსნამდე, მივცემთ შესაძლებლობას, მიმდებარედ არსებული დამატებითი ფართები გამოიყენონ და მაგიდები განალაგონ ისე, როგორც სპეციალისტების მოთხოვნა ითვალისწინებს“, – განაცხადა კახა კალაძემ.
თბილისის მერის განმარტებით, ეს დროებითი გადაწყვეტილებაა და ღია კაფეები შეზღუდვების მოსხნის შემდეგ, მუნიციპალიტეტთან გაფორმებული იჯარის კონტურებს დაუბრუნდებიან.
„ჩვენ ვიმყოფებით რთულ მდგომარეობაში და ერთმანეთის ხელშეწყობა მნიშვნელოვანია. ბიზნესი ის მიმართულებაა, რომელიც სამუშაო ადგილებს ქმნის და ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში საკმაოდ დიდი წვლილი შეაქვს. ჩვენ, რა თქმა უნდა, ამაზე არ ვჩერდებით და ვმუშაობთ, გამოინახოს დამატებითი შესაძლებლობები, თუ რით შეგვიძლია დავეხმაროთ სხვადასხვა მიმართულებას“, – აღნიშნა დედაქალაქის მერმა.
კახა კალაძემ ყურადღება ვაკის პარკის ტერიტორიაზე არსებული კასკადისა და შადრევნების რეაბილიატაციის პროექტზეც გაამახვილა. მისი თქმით, თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა საპროექტო დოკუმენტაციის შედგენაზე შპს LMC-სთან ხელშეკრულება უკვე გააფორმა. აღნიშნული შესყიდვის ფარგლებში, დამუშავდება კასკადისა და შადრევნების, როგორც არქიტექტურული, ისე საინჟინრო პროექტები.
„პროექტის ფარგლებში, კასკადისა და შადრევნების წყლით უზრუნველყოფის სხვადასხვა ალტერნატივა იქნება განხილული. ასევე, საუბარია მდინარე ვერეს ხეობიდან წყლის მიწოდებასთან დაკავშირებით, რათა კასკადმა უკეთესად შეძლოს ფუნქციონირება. ეს ერთ-ერთ ვარიანტად განიხილება, თუმცა მიმდინარეობს შესწავლა და ამ კვლევაზე ცოტა მოგვიანებით მოგაწოდებთ ინფორმაციას. ეს არის ევროპის ერთ-ერთი ყველაზე დიდი კასკადი. საკმაოდ რთული კონსტრუქციაა, რომელიც სამწუხაროდ, მოუვლელობის გამო, წლებია გამორთულია და ძალიან მძიმე მდგომარეობაშია. პროექტის შედეგად, ცენტრალური ღერძის გასწვრივ არსებული კასკადი და შადრევნები ჩვენს დედაქალაქს პირვანდელი სახით დაუბრუნდება. რეაბილიტაციის პროექტი ზაფხულის ბოლოსთვის იქნება მზად. ვაკის პარკს და ამ კონკრეტულ კასკადს აქვს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი. შესაბამისად, თითოეულ დეტალზე მუშაობა ძალიან მნიშნელოვანია. დარწმუნებული ვარ, პროექტი, რომელიც განხორციელდება, ერთ-ერთი საუკეთესო იქნება, რომლითაც ყველა ვიამაყებთ“, – აღნიშნა კახა კალაძემ.
გარდა ამისა, თბილისის მერის განცხადებით, უკვე ჩაბარებულია ვაკის პარკის რეაბილიტაციის პროექტი, რომელიც ბრიტანულმა კომპანიამ – CBA Studios მოამზადა. მისივე თქმით, ადგილობრივ მოსახლეობასთან აქტიური კომუნიკაცია შედგა, ჩატარდა საჯარო შეხვედრაც, რომელზეც პროექტის ავტორებმა პარკის ფუნქციურ ზონირებასთან დაკავშირებით, საკუთარი ხედვები და მოსაზრებები წარადგინეს.
„ვაკის პარკის რეაბილიტაციის შემდეგ, დედაქალაქში ულამაზესი სივრცე იქნება. გარდა ამისა, ჩვენ გვქონდა შეხვედრები ადგილობრივ მოსახლეობასთან, გავაცანით პროექტი, იყო მსჯელობა, შენიშვნები, რომელიც გავითვალისწინეთ. ახლა დაწყებული გვაქვს სამუშაოები საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებთან იმისთვის, რომ მივიღოთ დაფინანსება და რაც შეიძლება მალე დავიწყოთ პარკის სარეაბილიტაციო სამუშაოები. ორივე ერთად, კასკადისა და პარკის რეაბილიტაცია ერთ-ერთი მსხვილი პროექტია და ქალაქში მნიშვნელოვანი სივრცე გვექნება“, – განაცხადა კახა კალაძემ.
თბილისის მერის განმარტებით, ასევე, უახლოეს დღეებში იგეგმება რეაბილიტირებული „მზიურისა“ და ვეტერანთა კულტურისა და დასვენების (კიკვიძის) პარკის გახსნა. მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ასევე აღინიშნა, რომ სკვერის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს გლდანის მე-8 მიკრორაიონში, N23, N11 და N9 კორპუსების მიმდებარე ტერიტორიაზეც.
„მინდა, მადლობა გადავუხადო გლდანის რაიონის გამგეობას ამ პროექტის განხორციელებისთვის, რომელიც ძალიან მალე დასრულდება. დაახლოებით, ერთი ჰექტარი ტერიტორიაა, სადაც ფაქტობრივად, ყველაფერი იცვლება. დაირგვება ხე-მცენარეები, მოეწყობა განათებისა და სარწყავი სისტემები, ბავშვებისთვის განთავსდება სპეციალური კუთხე ატრაქციონებით, იქნება ცხოველების გასასეირნებელი ზონაც. ყველაფერი კეთდება კომპლექსურად, თავისი საფეხბურთო-საკალათბურთო მოედნებით, რათა მოქალაქეებს ღირსეულად დასვენების შესაძლებლობა ჰქონდეთ“, – განაცხადა კახა კალაძემ.
გარდა ამისა, დედაქალაქის მერმა აღნიშნა, რომ გარემოს დაცვის საქალაქო სამსახური ვარკეთილის 3-ის IIIა მიკრორაიონში, N325 კორპუსის მიმდებარედ არსებული სკვერის აღდგენა-რეაბილიტაციას ასრულებს. ახლადრეაბილიტირებული პარკი უახლოეს დღეებში გაიხსნება, რომელიც თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მოეწყო.
„უახლოეს დღეებში ვარკეთილი 3-ში ახალ პარკს გავხსნით, რომელიც დაახლოებით, ორი ჰექტარია. ტერიტორია იყო გაპარტახებული, უმძიმეს მდგომარეობაში. იქ არ იდგა არანაირი ხე-მცენარე, თუმცა ძალიან კარგი სივრცე შეიქმნა, რომელიც ყველა იმ სტანდარტს აკმაყოფილებს, რაც ევროპის განვითარებულ ქვეყნებშია. მათ შორის, არის შადრევნები. ასევე, ძალიან ბევრი დასასვენებლი მწვანე სივრცეა მოწყობილი“, – განაცხადა კახა კალაძემ.
აღნიშნულ მისამართზე, მოსახლეობის დახმარებით, რამდენიმე ავტოფარეხის დემონტაჟი განხორციელდა. სკვერის ტერიტორიაზე მოეწყო საბავშვო და სპორტული მოედნები, საფეხმავლო ბილიკები, ძაღლების სასეირნო სივრცე, სასმელი წყლის შადრევანი და საჩრდილობლები; სრულად განახლდა გარე განათება, მოეწყო სარწყავი, სანიაღვრე და ვიდეომეთვალყურეობის სისტემები; დამონტაჟდა სკამები და ურნები. რეაბილიტაციის ფარგლებში, მოეწყო შვედურ-ქართული მეგობრობის კუთხე და გამოიცვალა შიდა კომუნიკაციები. ამ დროისთვის, ტერიტორიაზე მშრალი ტიპის შადრევნის მოწყობის სამუშაოები სრულდება.