,,ვაზიაროთ“ და არა ,,ჩავუნერგოთ“ საზოგადოებას დემოკრატიული ღირებულებები

18/06/2016

ლიტერატურულ კაფე “რვას+1”-ში ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის მოსწავლეთა გაზეთ “რვას+1” – ის 20 წლის საიუბილეო ღონისძიება გაიმართა, სადაც სხვადასხვა უწყების წარმომადგენლებმა შეაფასეს გაზეთ “რვას+1” – ის საუკეთესო სტატია და გამოავლინეს მათთვის ასევე საუკეთესო სტატიის ავტორი. გურიის გუბერნატორის სამახსოვრო საჩუქარი, ლევან სიხარულიძეს გადაეცა სტატიისთვის იდეოლოგია „სახელად დემოკრატია“.
„ უპირველეს ყოვლისა მინდა აღვნიშნო ,,ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის“ განსაკუთრებული ღვაწლი გურიაში დემოკრატიული ღირებულებების დამკვიდრების კუთხით. მისასალმებელია, რომ ორგანიზაცია მოზარდებს საშუალებას აძლევს, წარმოაჩინონ საკუთარი ნიჭი და შესაძლებლობები, განუვითარდეთ ინტელექტუალური პოტენციალი, სოციალური და პროფესიული უნარ-ჩვევები. ახალგაზრდების სამოქალაქო ცნობიერების ამაღლება ჩვენი სახელმწიფოსთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტთაგანია. მაქვს პატივი გამოვავლინო გურიის სამხარეო ადმინისტრაციის რჩეული- ლიდერთა სკოლის მოსწავლეთა გაზეთის ,,8+1“ საიუბილეო გამოცემის საუკეთესო სტატიის ავტორი. ამ კონკურსში ჩემთვის ყველა გამარჯვებულია; ძალიან საინტერესოა ახალგაზრდების თვალით დანახული საზოგადოებაში არსებული პრობლემური და აქტუალური საკითხები. განსაკუთრებით მინდა გავუსვა ხაზი ლევან სიხარულიძის ნაშრომს – იდეოლოგია, სახელად ,,დემოკრატია“. სტატიის ავტორს კარგად აქვს გააზრებული თუ რა ფორმით, რა გზით შეიძლება ,,ვაზიაროთ“ და არა ,,ჩავუნერგოთ“ საზოგადოებას დემოკრატიული ღირებულებები ისე, რომ მათ დარჩეთ არჩევანის თავისუფლება“-აღნიშნა გია სალუქვაძემ სიტყვით გამოსვლისას.
საიუბილეო ღონისძიებაზე ასევე დაჯილდოვდნენ თათია ქილიფთარი, ივა ხავთასი, ზურა თავართქილაძე, ავთო თავდიშვილი და ანა ხუგასიანი. შეხვედრის დასასრულს ლიდერთა სკოლამ ათი კურსდამთავრებული დიპლომებით დააჯილდოვა. დაჯილდოებაში ასევე მონაწილეობდნენ – ლიდერთა სკოლის ყოფილი კურსდამთავრებულები არჩილ თალაკვაძე, ვახუშტი მენაბდე, გიორგი კეკელიძე, ანა აბაშიძე, ანა ბაქანიძე, გაზეთები “გურია ნიუსი”, “ალიონი”, “გურიის მოამბე”; “საქართველოს დემოკრატული განვითარების კავშირი, “ახალგაზრდა მეცნიერთა კლუბი”, “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ოზურგეთის ოფისი”, ოზურგეთის გენდერის მედიაცენტრი, სამხატვრო გალერეა, ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერია და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0