პარტია „მრეწველები“ საპარლამენტო არჩევნებში დამოუკიდებლად აპირებს მონაწილეობის მიღებას, – ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე პარტიის ლიდერმა განაცხადა. გოგი თოფაძე აცხადებს, რომ საბოლოო გადაწყვეტილება აგვისტოში გახდება ცნობილი. მისივე თქმით, არ არის გამორიცხული, პროქართულ პარტიებთან თანამშრომლობაც, თუმცა უმჯობესია მათთან კოალიცია არჩევნების შემდეგ, უკვე პარლამენტში მოხდეს.
„ამ ეტაპზე ვაპირებთ მარტო ვიყაროთ კენჭი, ეჭვი არ მეპარება, რომ ბარიერს გადავლახავთ და უფრო მაღალი მიზნებიც გვაქვს. ასევე არ გამოვრიცხავთ პროქართულ პარტიებთან თანამშრომლობას, ვინც საქართველოს ინტერესებს იცავს და არ იმართება უცხოეთიდან“, – განაცხადა თოფაძემ.
„მრეწველების“ ლიდერი პროქართულ პარტიებში მოიაზრებს მეჭიაურის პარტიას, „პატრიოტთა ალიანსს“ და ნინო ბურჯანაძის პოლიტიკურ გაერთიანებას.
„ცალ-ცალკე შესაძლებელია, რომ უფრო მეტს მივაღწიოთ, ვიდრე გაერთიანების შემთხვევაში, მაგრამ აგვისტომდე გადავხედავთ სიტუაციას, უმჯობესი იქნება, პარლამენტში შესვლის შემდეგ მოხდეს პროქართულ ძალებს შორის გაერთიანება. პარტია ასევე აპირებს მაჟორიტარების წარდგენას ყველა ოლქში,“ – განაცხადა თოფაძემ.