ექიმებთან და კლინიკების ხელმძღვანელებთან შეხვედრამ კიდევ ერთხელ გვაჩვენა ის აუცილებლობა, რომ ჯანდაცვის მინისტრი უნდა მოდიოდეს პარლამენტში

28/01/2020

საპარლამენტო ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების“ წევრები მთავრობის №520 დადგენილებასთან დაკავშირებით ექიმებსა და სამედიცინო დაწესებულებების ხელმძღვანელებს შეხვდნენ. როგორც ფრაქციის წევრმა, ლევან კობერიძემ აღნიშნა, მნიშვნელოვანია უშუალოდ ექიმებისგან მიღებული ინფორმაცია, თუ რა შედეგები გამოიღო 520-ე დადგენილებამ.

„გამოიკვეთა, რომ კარდიოლოგიაში, კარდიოქირურგიასა და არითმოლოგიაში პაციენტები ვერ იღებენ ამ სერვისს, რამდენადაც სამინისტროს მიერ წარმოდგენილი ხარჯთაღრიცხვა არ შეესაბამება რეალობას. სამინისტროს ინფორმაცია, რომ თითქოს კომუნიკაცია აქვთ ძალიან აქტიური, აღმოჩნდა ტყუილი, რადგან 10 იანვრის შემდეგ იმ დაანონსებულ საბჭოებში, რომელთანაც სამუშაო შეხვედრები უნდა გამართულიყო, შეხვედრები არ გამართულა. ყველა მოთხოვნილი ინფორმაცია, რაც სამინისტრომ კლინიკებისგან და ექიმებისგან მოითხოვა, მიწოდებულია შარშან, წლის ბოლოს, მაგრამ სამინისტრო რატომღაც ვერ ან არ ახერხებს ამ ინფორმაციის გადამუშავებას და შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღებას. სამინისტრომ თვითონ აღიარა, რომ დაშვებული იყო შეცდომები ფიბრილატორების და პეისმეიკერების თემაზე და ეს თემაც კი არ არის დარეგულირებული და შესაბამისი ცვლილებაც კი არ არის შესული 520-ე დადგენილებაში“, – განაცხადა ლევან კობერიძემ.

მისი განცხადებით, ექიმების და კლინიკებისგან მიღებული ინფორმაციით, დადგენილებამ რეალურად მხოლოდ ნეგატივი მოიტანა პირველ რიგში პაციენტებისათვის იმ ნოზოლოგიებზე, რომელიც ეხება კარდიოლოგიას, კარდიოქირურგიას, არითმოლოგიას და, გარკვეულწილად, რეანიმაციას. „დღის წესრიგში მთავარი თემა ჯერჯერობით არის მხოლოდ ეს დარგები, თუმცა იგივე პრობლემები ცოტა ხანში, სავარაუდოდ, შეეხება სხვა დარგებსაც, რადგან იმ ინფორმაციის საფუძველზე, რომელიც მაქვს, მზადდება დადგენილებები უკვე სხვა დისციპლინებთან დაკავშირებითაც“, – აღნიშნა ლევან კობერიძემ.

ფრაქციის წევრები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პარლამენტში მოსვლას ითხოვენ.

„შეხვედრამ კიდევ ერთხელ გვაჩვენა ის აუცილებლობა, რომ ჯანდაცვის მინისტრი უნდა მოდიოდეს პარლამენტში, მას არ უნდა „ერიდებოდეს“ კომიტეტში მოსვლა, სამუშაო რეჟიმში უნდა პასუხობდეს ამ კითხებს და მიმდინარეობდეს ამ საკითხებზე მუშაობა. რადგან მან არ ინება კომიტეტში მოსვლა, ამიტომ ჩვენ – ფრაქციამ ის სავალდებულო წესით დავიბარეთ და იგი ვალდებულია ჯანდაცვის კომიტეტის პირველივე სხდომაზე მოვიდეს“, – განაცხადა ლევან კობერიძემ.

დეპუტატმა კლინიკებში ხელფასების შემცირებაზე გაამახვილა ყურადღება.

„საუბარია იმაზე, რომ ხელფასები შემცირებულია და შემცირდება შესაბამის თვეებში. სამინისტრო ოთხთვიანი დაგვიანებით იხდის კონკრეტული გაწეული სამუშაოების მიხედვით ანაზღაურებას, შესაბამისად, ეს უკვე კლინიკებთან არის სასაუბრო, ჩვენი ინფორმაციით, ნაწილმა კლინიკებმა ახლა შეამცირა ხელფასები ნაწილობრივ და ნაწილმა – უკვე დაუანონსა საკუთარ თავს, რომ შესაბამისი თვეების მიხედვით, დადგენილება როგორც შემოვიდა, იმის მიხედვით ანაზღაურებაც იქნება შემცირებული. ეს უკვე კლინიკის შიდასაოპერაციო ხარჯების თემაა. ამ დადგენილებიდან გამომდინარე, ჩემი აზრით, შეუძლებელია, რომ ოპტიმიზაცია არ მოახდინონ კლინიკებმა. ჯანდაცვის მინისტრს თუ ჰგონია, რომ საბჭოთა კავშირის დროინდელი მინისტრია და თავისი ბრძანებით გამოსცემს ექიმების და ექთნების ხელფასებს, ძალიან ცდება. რადგან ვერავინ ვერ უკარნახებს კლინიკას როგორ უნდა მართოს თავისი შიდასაოპერაციო ხარჯი. ჯანდაცვის მინისტრს თუ უნდა, რომ თანხები დაიზოგოს ბიუჯეტიდან, უნდა დაიხუროს ის კლინიკები, რომლებიც ხარისხის სტანდარტს არ შეესაბამებიან. მინისტრს მორალური უფლება ექნებოდა ელაპარაკა ამ ყველაფერზე ერთი ის კლინიკა რომ მაინც დახურულიყო ხარისხის სტანდარტთან შეუსაბამობის გამო. ვთვლი, რომ მინიმუმ 30 კლინიკაა საქართველოში, რომელიც ხარისხის სტანდარტს ვერ აკმაყოფილებს და ეს უნდა იყოს პირველი ნაბიჯი მინისტრის – უნდა ხდებოდეს ხარისხის სტანდარტის შემოღება და შეუსაბამო კლინიკები დაიხუროს. მათი დახურვით სწორედ ის თანხა დაიზოგებოდა, რასაც ახლა კლინიკებსა და სამინისტროს შორის მინისტრი არკვევს, ვიღაცას ხელფასი უნდა შეუმცირდეს თუ არ უნდა შეუმცირდეს. მინისტრს არ ჰყოფნის ამის გამბედაობა, დახუროს ასეთი კლინიკები და ხარისხიან და ნორმალურ კლინიკებთან წევს წარბს მაღლა, ნაცვლად იმისა, რომ უხარისხო კლინიკები, საიდანაც ხდება ბიუჯეტის თანხის გაწოვა და შეჭმა, ის კლინიკები დახუროს. ვურჩევდი სანამ შიდასაოპერაციო ხარჯებში დაიწყებს ჩარევას და მკაცრ განცხადებებს გააკეთებს სსრკ ჯანდაცვის მინისტრივით, იმ კლინიკებს მიხედოს, რომელიც რეალურად დასახურია“, – აღნიშნა ლევან კობერიძემ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0