ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის მიღება პრეზიდენტის სასახლეში გაიმართა

05/07/2016

საქართველოს პრეზიდენტმა და პირველმა ლედიმ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის 25-ე სესიის მონაწილეებს უმასპინძლეს

პრეზიდენტის სასახლეში გამართულ მიღებაზე გიორგი მარგველაშვილმა ქართველ და უცხოელ სტუმრებს სიტყვით მიმართა და განაცხადა, რომ ეუთოს ფორუმი, როგორც დიალოგის, მოლაპარაკებისა და თანამშრომლობის განსაკუთრებული ფორმატი, ბუნებრივად ერწყმის თბილისს, საქართველოს და ჩვენი საზოგადოების ეგზისტენციალურ ღირებულებებს.
„სიმბოლურია, რომ ეს ღონისძიება საქართველოში გაიმართა. ქვეყანაში, რომელიც საუკუნეების განმავლობაში ასრულებდა სხვადასხვა ცივილიზაციების დამაკავშირებელი ხიდის ფუნქციას.
ჩვენ ვართ ქალაქში, რომელიც სწორედ გასხვავებულთა თანაცხოვრებისა და თანამშრომლობის სიმბოლოს წარმოადგენს. ეს მრავალფეროვნება ჩვენი სიმდიდრეა და ამიტომაც ეუთოს ფორუმი, როგორც დიალოგის, მოლაპარაკებისა და თანამშრომლობის განსაკუთრებული ფორმატი ბუნებრივად ერწყიმის თბილისს, საქართველოს და ჩვენი საზოგადოების ეგზისტენციალურ ღირებულებებს.
საერთო ღირებულებები და საერთო ინტერესები, ეს არის რამაც დღევანდელ დღეს სხვადასხვა კონტინენტის წარმომადგენლები გაგვაერთიანა. მჯერა, რომ ურთიერთანამშრომლობის შედეგად ჩვენ შევძლებთ მშვიდობის უზრუნველყოფას. ჩვენს ქვეყანაში აღარ იარსებებს გამყოფი ხაზები, ოკუპირებული ტერიტორიები. აღარასდროს განხორციელდება ეთნიკური წმენდა. მოსახლეობა აღარ იქნება მოკლებული საკუთარ ქვეყანაში თავისუფალი გადაადგილებისა და მშობლიურ ენაზე განათლების უფლებას.
სხვა ქვეყნების ინტერესების შელახვითა და მისი მოსახლეობის დევნით, კეთილდღეობა ვერ მიიღწევა. პრივილეგირებული ინტერესის სფეროებისათვის ბრძოლას მივყევართ იმ სავალალო შედეგებამდე, რომელიც ყველას აზარალებს.
საქართველო კვლავაც აქტიურად იქნება ჩართული ყველა იმ პროცესში, რომელიც მნიშვნელოვანია საერთო უსაფრთხოებისა და განვითარებისათვის.
ეს როლი მხოლოდ საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში მონაწილეობით არ შემოიფარგლება. მიუხედავად დარღვეული ტერიტორიული მთლიანობისა და ოკუპაციისა, ჩვენ მაქსიმალურ ძალისხმევას ვახმართ ევროპასა და აზიას შორის პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სავაჭრო, სატრანსპორტო კავშირის გაძლიერებას.
ჩვენ მივისწრაფით, რომ საქართველო ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის სიკეთეების მატარებელი იყოს და გაუნაწილოს ეს სიკეთეები სხვა ქვეყნებს.
25 წლის წინ საქართველომ მტიკიცედ განაცხადა, რომ იქნება დამოუკიდებელი, თავისუფალი ევროპული ქვეყნა, რომლის სახელმწიფოებრივი განვითარების მთავარ საყრდენს კანონის უზენაესობა, დემოკრატია და ადამიანის თავისუფლება წარმოადგენს.
ამ თვალსაზრისით განსაკუთრებული ეტაპია მომავალი საპარლამენტო არჩევნები, რომელმაც კიდევ უფრო უნდა განამტკიცოს ქართული დემოკრატია და სახელმწიფოებრიობა.
დარწმუნებული ვარ, რომ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა აქტიურად იქნება ჩართული ამ პროცესში. დასასრულს, კვლავაც მოგილოცავთ წარმატებული სესიის ჩატარებას და გისურვებთ წარმატებას თქვენს საქმიანობაში“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
პრეზიდენტის სასახლეში გამართულ მიღებას ესწრებოდნენ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის მონაწილე ქვეყნების წარმომადგენლები, საქართველოს საკანონმდებლო, აღმასრულებელი, სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლები და დიპლომატიური კორპუსის წევრები.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0