ოკუპირებული ტერიტორიებიდან, დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე და მინისტრის პირველი მოადგილე თამარ გაბუნია ენგურის ხიდის ე.წ. გამშვებ პუნქტზე მოქალაქეების ტესტირების პროცესს ადგილზე პირადად გაეცნენ. ადგილზე მობილიზებულია 4 სამედიცინო ბრიგადა. გადმომსვლელთა დასაყოვნებლად ორი მოსაცდელი კარავია, ორი სპეციალური ოთახი კი ტესტირებისთვისაა განკუთვნილი. ენგურის ხიდთან, გახსნილ სამედიცინო პუნქტებში სწრაფი ტესტი უკვე 1 200-მდე ადამიანს გაუკეთეს. ოკუპირებული ტერიტორიებიდან გადმოსულებს შორის უმრავლესობა პენსიონერები, მრავალშვილიანი დედები და ჯანმრთელობის პრობლემების მქონე პირებია.
“ენგურის ხიდის ე.წ. გამშვებ პუნქტზე მოქალაქეების ტესტირების პროცესს გავეცანით. ეს ძალიან მნიშვნელოვანი პროცესია და ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ეპიდვითარების კვლევას ითვალისწინებს. ამ დრომდე, ოკუპირებული ტერიტორიებიდან 1200-მდე ადამიანია გადმოსული, დღიური საშუალო მაჩვენებელი კი 300-ია“,-ამის შესახებ ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.
საეჭვო სიმპტომების მქონე მოქალაქეების საკარანტინე სივრცეში გადაყვანას საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის წარმომადგენლები უზრუნველყოფენ. რაც შეეხება ვაქცინაციას, მოქალაქეებს ადგილზე მიეწოდებათ ვაქცინაციის შესახებ ინფორმაცია და მსურველებს ადგილზევე შეეძლებათ დარეგისტრირდნენ მათთვის სასურველ კლინიკებში.