ჩემთვის დიდი პატივია დღეს აქ ყოფნა. მინდა, პირველ რიგში, ყველას მოგილოცოთ, ჩვენს დედაქალაქს კიდევ ერთი შესანიშნავი და ამავე დროს, უნიკალური, თბილისში პირველი, სრულიად გამორჩეული არქიტექტურისა და ფუნქციის მქონე ცათამბჯენი შეემატა, რაც ნამდვილად დიდი საჩუქარია ჩვენი ქალაქისთვის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა Axis Towers – ის გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, „აქსის თაუერსი” არის საქართველოს თანაინვესტირების ფონდისა და დეველოპერული კომპანია „აქსისის” ერთობლივი პროექტი, რომელიც თავისი მასშტაბით და მნიშვნელობით საქართველოში დეველოპმენტის, ქართული არქიტექტურისა და ინჟინერიის წარმატების სიმბოლოდ შეიძლება იქცეს.
„ნახევარ მილიარდ ლარამდე, 150 მილიონი დოლარის ოდენობის პირდაპირი ინვესტიცია, რომელიც ამ პროექტში ჩაიდო, ჩვენ ვხედავთ, რომ არაჩვეულებრივი შედეგი გვაქვს. კიდევ ერთხელ, გილოცავთ. „აქსის თაუერსის” მრავალფუნქციონალურობამ და განსაკუთრებით, ბიზნესცენტრის ამ მასშტაბმა ხელი შეუწყო ჭავჭავაძის გამზირის, ამ მონაკვეთის ბიზნესუბნად ქცევას. ეს ცათამბჯენი და ეს 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო, ნამდვილად, ჩვენი ქვეყნის პროგრესის, მშვიდობის და ეკონომიკის განვითარების სიმბოლო შეიძლება გახდეს და რატომ ? 2005 წელს, ანუ 17 წლის წინ დაიწყო ამ პროექტის განხორციელება, შემდეგ, აგვისტოს ომის დროს, 2008 წელს და კრიზისის გამო, ეს პროექტი შეჩერდა და სწორედ თანაინვესტირების ფონდის მხარდაჭერით ეს პროექტი განახლდა და დღეს ჩვენ ყველანი ვხედავთ, რომ შედეგი დასრულებულია. ეს არის ყველაზე მაღალი შენობა დედაქალაქში და კიდევ ერთი თანამედროვე, მრავალფუნქციური კომპლექსი, რომელიც, დარწმუნებული ვარ, რომ თავისი ინდივიდუალური სტილით, თავისი დახვეწილი დიზაინით გამორჩეული ადგილი გახდება ჩვენი ქალაქისთვის და ჩვენი ქვეყნისთვის, ძალიან ბევრი ტურისტისთვის, სტუმრებისთვის, ყველასთვის, ვინც ამ ქალაქს სტუმრობს. როგორც ქალაქის ღირსშესანიშნაობის მატება, ისე ტურიზმის ინფრასტრუქტურის განვითარება, დახვეწა, ასევე, ახალი საერთაშორისო დონის სერვისების დანერგვა, თუ ხარისხის თვისობრივი გაუმჯობესება, რა თქმა უნდა, ჩვენ მოგვცემს საშუალებას სულ უფრო მზარდი ტურისტული ნაკადი მივიღოთ და შევთავაზოთ ჩვენი ქვეყნის სტუმრებს, ვიზიტორებს, ტურისტებს, მაღალი დონის საერთაშორისო სტანდარტებით მომსახურება. განსაკუთრებით მიხარია ის ფაქტი, ძვირფასო მეგობრებო, რომ „აქსის თაუერსი” მთლიანად ქართული პროექტია, იდეიდან დაწყებული, განხორციელების ბოლო ეტაპამდე. ის ნამდვილად იძლევა წარმატების და სიამაყის საბაბს ქართული არქიტექტურისა და ინჟინერიისთვის, რადგან მსოფლიოს გამორჩეულ პროექტთა რიცხვს ეს ქართული პროექტიც შეუერთდება. ამ მშენებლობის პროცესში ჩართული იყო 200 ქართული კომპანია, დაახლოებით 1 000 ადამიანი დასაქმდა და გარდა პირდაპირი დასაქმებულებისა, ეს მასშტაბური პროექტი უამრავი ქართული, დიდი თუ პატარა მწარმოებლისთვის იქნება დასაქმების და განვითარების ადგილი. აქვე მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო, როგორც ამ პროექტის იდეის ავტორს, ორგანიზატორებს, ინვესტორებს, ისე თითოეულ ადამიანს, რომლებმაც თავისი წვლილი შეიტანეს ამ უდავოდ განსხვავებული და გამორჩეული პროექტის განხორციელებაში. ეს პროექტი კარგი მაგალითია იმისა, რომ საქართველოს ეკონომიკაში თანხის დაბანდება არის ნამდვილად წარმატებული, უსაფრთხო და მომგებიანი. კიდევ ერთხელ, მინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო მშენებლებს, რომლებმაც ასეთი რთული ნაგებობა ააშენეს. დიდი მადლობა, გისურვებთ წარმატებებს!”, – აღნიშნა პრემიერმა.
Axis Towers- ის გახსნის ღონისძიებაზე სტუმრებს სიტყვით მიმართეს „აქსის თაუერსის” დამფუძნებელმა ალექსანდრე მეჟევიძემ, თანაინვესტირების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა ცოტნე ებრალიძემ, „საქართველოს ბანკის” გენერალურმა დირექტორმა არჩილ გაჩეჩილაძემ და აღმოსავლეთ ევროპის „აკორ ჯგუფის” გენერალურმა დირექტორმა ალექსის დელარუფმა. Axis Towers-ი დეველოპერული კომპანია Axis-ის და საქართველოს თანაინვესტირების ფონდის ერთობლივი პროექტია, რომელიც გამორჩეულია იმით, რომ ერთდროულად დეველოპმენტის 5 მიმართულებას : საცხოვრებელ, სასტუმრო, კომერციულ, საოფისე და გასართობ ფუნქციებს მოიცავს. Axis Towers-ი თანამედროვე, მოდერნისტული ნაგებობაა, რომელიც პიედესტალისა და ორი კოშკისგან შედგება, რომელთა სიმაღლე 147 მეტრს აღწევს. შენობა 41-სართულიანია, 4 სართული მიწის ქვეშ, ხოლო 37 – მიწის ზემოთ მდებარეობს. შენობის თეთრი კოშკი საცხოვრებელ ნაწილს ეთმობა, შავ კოშკში ბიზნესცენტრია განთავსებული, მე-19 სართულიდან კი „აკორ ჯგუფში” შემავალი 5 ვარსკვლავიანი სასტუმრო pullman-ია გახსნილი. შენობაში გვხვდება საცურაო აუზი მოძრავი გადახურვით და ღია ვერანდით; ფიტნესსივრცე და სპაცენტრი, 12 რესტორანი და 7 ბარი; ასევე საფეხმავლო ქუჩა და რეკრეაციული სივრცე. აღსანიშნავია, რომ Axis Towers-ი, რეგიონის მასშტაბით, პირველი მსოფლიო სავაჭრო ცენტრია. Axis Towers-ის საერთო საინვესტიციო მოცულობა 150 მლნ დოლარს აჭარბებს, მის განხორციელებაში მონაწილეობა ასევე მიიღო „საქართველოს ბანკმა”. ღონისძიებას აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ.