ეს პარკი იქნება ყველა თბილისელისთვის და იქ იქნება მიზიდულობის ცენტრები

13/04/2021

დღის წესრიგის დამტკიცების შემდეგ, რეგლამენტის თანახმად, პარლამენტის წევრებს პოლიტიკური განცხადებებისთვის დრო დაეთმოთ. საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე უკრაინაში მიმდინარე პროცესებს გამოეხმაურა. მისი მოსაზრებით, რუსეთის მიერ განხორციელებული ოკუპაცია, ადამიანის უფლებების უხეში დარღვევა და დამანგრეველი შედეგები ყოველდღიურობად იქცა როგორც უკრაინისთვის, ასევე, საქართველოსთვის. აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნინო წილოსანმა აგრარულ სექტორში მიმდინარე პოზიტიურ ცვლილებებზე ისაუბრა. პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, პარტია „მოქალაქეების“ წევრი, ლევან იოსელიანი რიონის ხეობაში მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურა. სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ ყაველაშვილმა საერთაშორისო სარბიელზე ქართველი სპორტსმენების მიღწეულ წარმატებებზე ისაუბრა. მისი თქმით, ეს წარმატებები თავისით არ მოხდებოდა, რომ არა ხელისუფლების, მთავრობის და საზოგადოების მხარდაჭერა. ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ვლადიმერ კახაძემ კოვიდ ინფექციის დასაძლევად, ვაქცინაციის მნიშვნელობაზე ისაუბრა და მოსახლეობას ამ პროცესში აქტიური ჩართულობისკენ და დაწესებული შეზღუდვების დაცვისკენ მოუწოდა. უფრაქციო პარლამენტის წევრი, პარტია „მოქალაქეების“ წარმომადგენელი ალექსანდრე ელისაშვილი საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის გუშინდელ სხდომაზე პენსიებთან დაკავშირებული საკითხის განხილვას გამოეხმაურა. უფრაქციო პარლამენტის წევრმა, პარტია „ევროპელი სოციალისტების“ წარმომადგენელმა, ფრიდონ ინჯიამ მოსახლეობის სოციალურ მდგომარეობაზე ისაუბრა.
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძე ცალკეული პირების მიერ ყოფილი იპოდრომის ტერიტორიასთან დაკავშირებული საკითხის პოლიტიზირების მცდელობას გამოეხმაურა. მისი თქმით, ეს პარკი იქნება ყველა თბილისელისთვის და იქ იქნება მიზიდულობის ცენტრები, მათ შორის, ტურისტებისთვის და იქნება, რეალურად, თბილისის ტურისტული და თბილისში ქონების ღირებულების მატების ერთ-ერთი წინაპირობა, რომ არაფერი არ ვთქვათ პროექტის ეკოლოგიურ ღირებულებაზე.
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ თანამედროვეობის ერთ-ერთი უდიდესი ქართველი მწერლის, გურამ დოჩანაშვილის გარდაცვალების გამო კიდევ ერთხელ მწუხარება გამოთქვა და მის ღვაწლზე გაამახვილა ყურადღება.
განცხადებების ამოწურვის შემდეგ, პარლამენტმა დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები განიხილა. პარლამენტის წევრებმა პირველი მოსმენით, დაჩქარებული წესით, განიხილეს და 76 ხმით მიიღეს კანონპროექტი „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“. პარლამენტის წევრებმა პირველი მოსმენით განიხილეს და 78 ხმით მიიღეს კანონპროექტი „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“.
კანონპროექტის თანახმად, საქართველოს მთავრობა უფლებამოსილი იქნება ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გათვალისწინებით, საქართველოში შემოსვლის და/ან ყოფნის მიზნით, შესაბამის უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა წრის მიმართ, დაადგინოს ჯანმრთელობისა და უბედური შემთხვევის დაზღვევის პირობები და წესები. დეპუტატებმა 78 ხმით მიიღეს პარლამენტის დადგენილების პროექტი „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის აღსრულების მდგომარეობის თაობაზე“.
დადგენილების პროექტი ითვალისწინებს „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის აღსრულების მდგომარეობის შეფასებას დადებითად. დღევანდელ პლენარულ სხდომაზე 79 ხმით იქნა მიღებული საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი „საქართველოს მთავრობასა და კორეის რესპუბლიკის მთავრობას შორის საჰაერო მიმოსვლის შესახებ“ შეთანხმების რატიფიცირების შესახებ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0