ეს იყო ჩვენი პირობა კულტურის სფეროს წარმომადგენელთა მიმართ და ჩვენ ამ პირობას ვასრულებთ

16/02/2021

პარლამენტის ბიუროს სხდომაზე, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე უძღვებოდა, 16-19 თებერვლის პლენარული სხდომების დღის წესრიგზე იმსჯელეს. პარლამენტის თავმჯდომარის ინფორმაციით, მიმდინარე სასესიო კვირას პარლამენტს ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებათა პაკეტი აქვს განსახილველი, რომლის თანახმადაც განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტროდან ხდება კულტურის სფეროს გამოყოფა, რომელსაც ცალკე მმართველობითი რგოლი ექნება.

„ეს იყო ჩვენი პირობა კულტურის სფეროს წარმომადგენელთა მიმართ და ჩვენ ამ პირობას ვასრულებთ“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

პლენარული სხდომების დღის წესრიგის პირველი საკითხად განისაზღვრა პარლამენტის წევრის ნიკანორ მელიას მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების − გირაოს სხვა აღკვეთის ღონისძიებით − პატიმრობით შეცვლის შესახებ სასამართლოსათვის შუამდგომლობით მიმართვასთან დაკავშირებული საკითხი. გენერალურმა პროკურატურამ პარლამენტს მიმართა ნიკანორ მელიასათვის იმუნიტეტის მოხსნასთან დაკავშირებით თანხმობის გაცემის საკითხით, რაზეც პარლამენტმა პლენარულ სხდომაზე უნდა მიიღოს გადაწყვეტილება და, შესაბამისად, დღის წესრიგს ეს საკითხი დაემატა.
დღის წესრიგით განსაზღვრულია რამდენიმე სარატიფიკაციო დოკუმენტის, ასევე კანონპროექტის „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ განხილვა. პლენარულ სხდომებზე დაგეგმილია პარლამენტის რეგლამენტის პროექტის „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ განხილვა, რომელიც ეხება პარლამენტში განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის ნაცვლად ორი კომიტეტის ჩამოყალიბებას, კერძოდ, განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის და კულტურის კომიტეტის, გამომდინარე მთავრობაში მოსალოდნელი სტრუქტურული ცვლილებებიდან.
პლენარულ სხდომებზე დაგეგმილია ასევე პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და დეოკუპაციის საკითხებთან დაკავშირებული დროებითი კომისიის თავმჯდომარედ გიორგი ვოლსკის არჩევის საკითხი და მინისტრის საათი.
როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, პარლამენტმა საგაზაფხულო სესიის დასაწყისში, მთავრობასთან კონსულტაციებით, დაამტკიცა წლის კალენდარი – მინისტრის საათის ფორმატი, რომლის მიხედვით მთავრობის წევრები პარლამენტში ანგარიშს წარადგენენ პარლამენტართა წინაშე, უპასუხებენ ყველა იმ კითხვას, რაც კანონმდებლებს და საზოგადოებას აინტერესებს. პირველი მინისტრის საათი ამ კვირას, 17 თებერვალს გაიმართება და მასზე დაგეგმილია მთავრობის წევრის, ვიცე-პრემიერის, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მაია ცქიტიშვილის გამოსვლა.
პლენარულ სხდომათა დღის წესრიგშია პარლამენტის დადგენილებათა პროექტები „საქართველოს პარლამენტის მეგობრობის ჯგუფების შესახებ“ და „2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ“, პარლამენტის კომიტეტების 2020 წლის საქმიანობის ანგარიშები, საპარლამენტთაშორისო კავშირში (IPU) საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის 2020 წლის ანგარიში, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში (OSCE PA) საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის 2020 წლის ანგარიში.
საკითხზე – საპარლამენტთაშორისო კავშირში (IPU) საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის 2020 წლის ანგარიში – საუბრისას, არჩილ თალაკვაძემ ბიუროს წევრებს მიაწოდა ინფორმაცია ეუთო-ს მოქმედ თავმჯდომარესთან ან ლინდესთან ახლახან გამართული შეხვედრის თაობაზე და განაცხადა, რომ სტრატეგიული მოკავშირეების მხრიდან საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას კვლავაც მტკიცე მხარდაჭერა აქვს.

„ჩვენ კიდევ ერთხელ მოვისმინეთ ჩვენი მეგობრების, სტრატეგიული მოკავშირეების ძალიან მტკიცე გზავნილები და მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე დემოკრატიული დღის წესრიგის მიმართ. ვისაუბრეთ, რა თქმა უნდა, მიმდინარე პოლიტიკურ პროცესზეც. საქართველოს დემოკრატიულ რეფორმებს აქვს სრული მხარდაჭერა ჩვენი პარტნიორების მხრიდან. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ჩვენი საპარლამენტო დელეგაციის საქმიანობაზე ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაში, რაზეც ქალბატონმა ლინდემ ძალიან პოზიტიური მოლოდინები დააფიქსირა. ვისაუბრეთ დეოკუპაციის პროცესთან დაკავშირებით, ასევე განსაკუთრებით აღვნიშნეთ ევროსასამართლოს ისტორიული გადაწყვეტილება, სადაც ოკუპირებულ ტერიტორიებზე მომხდარი ადამიანის უფლებათა დარღვევები სათანადოდ შეფასდა ევროსასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებაში. ამაზე პასუხისმგებლობა დაეკისრა რუსეთის ფედერაციას. ჩვენს ვუთხარით ჩვენს პარტნიორებს ეუთო-დან, რომ საქართველო საერთაშორისო სამართლის ფარგლებში მშვიდობიანი პოლიტიკით, საერთაშორისო მხარდაჭერის შემდგომი კონსოლიდაციით განაგრძობს დეოკუპაციის პროცესს და ჩვენ იმედი გვაქვს, რომ დადგება ის მომენტი, როდესაც ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა მოხერხდება სწორედ ამ გზით, რომელიც ჩვენ ავირჩიეთ, რომელიც გადის მშვიდობაზე, უსაფრთხოებაზე, საერთაშორისო პარტნიორებთან აქტიურ ურთიერთობაზე და, რაც მთავარია, ორიენტირებულია აფხაზეთსა და სამაჩაბლოში ჩვენი ძმების და დების დაბრუნებაზე და იმ ხიდების აღდგენაზე, რომლებიც ხელოვნურად გაყოფილ საზოგადოებას შორის არსებობდა, ვიდრე ეს კონფლიქტი იქნებოდა ინსპირირებული და განხორციელებული რუსეთის ფედერაციის მხრიდან“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

ბიურომ ასევე განიხილა საორგანიზაციო საკითხები. როგორც არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, პარლამენტის საგაზაფხულო სესიაზე წარდგენილი იქნება პარლამენტის სამოქმედო გეგმა, იმ რეფორმების დღის წესრიგი, რომელზეც საქართველოს მეათე მოწვევის პარლამენტი იმუშავებს და, დიდი ალბათობით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი იქნება ერთ-ერთი ის მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც რეფორმების დღის წესრიგში შევა. ამ თემაზე უახლოეს მომავალში ფართო საზოგადოებას მიეწოდება ინფორმაცია.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0