ეს იყო სამარცხვინო ქმედებები, რომელსაც არ შეიძლება ჰქონდეს გამართლება

06/07/2021

„რაც გუშინ ვიხილეთ, ეს იყო სამარცხვინო – ის, რაც ჩვენს ქვეყანას ნამდვილად არ ეკადრება. ეს იყო ქმედებები, რომელსაც არ შეიძლება ჰქონდეს გამართლება. ეს ის შემთხვევაა, როდესაც ვერ ვიტყვით „მაგრამ“ – არანაირი „მაგრამ“, – ასე ეხმაურება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე გუშინ თბილისში განვითარებულ მოვლენებს. კახა კუჭავას შეფასებით, ის ქმედებები, რაც გუშინ ქვეყანამ იხილა, ყველას მხრიდან დასაგმობია. პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, განსაკუთრებით მიუღებელია თავდასხმები მედიის წარმომადგენლებზე და არავის აქვს უფლება, მათი საქმიანობა შეაფერხოს.

„ისტორიულად ჩვენს ქვეყანას აერთიანებს სიყვარული და ჩვენი რელიგია, რომელიც მოგვიწოდებს მხოლოდ ერთმანეთის პატივისცემას. ის, რაც ჩვენ გუშინ ვიხილეთ, მით უმეტეს, რელიგიის სახელით, უბრალოდ მიუღებელია. განსაკუთრებით მიუღებელია, როდესაც ჟურნალისტებზე ხდება თავდასხმები – ჟურნალისტებზე, ოპერატორებზე, ადამიანებზე, რომლებიც თავიანთ საქმეს აკეთებენ. არავის აქვს უფლება შეაფერხოს მათი საქმიანობა. არ აქვს მსგავს სიძულვილს ადგილი ჩვენს ქვეყანაში. აქ არ არის საუბარი მხოლოდ ჟურნალისტებზე, ტურისტიც დაზარალდა და რიგით მოქალაქეებს ქუჩაში დასდევდნენ. მე მინდა, ამ ადამიანებს ვკითხო – ხვალ მათი შვილები შეიძლება იყვნენ ოპერატორები და ჟურნალისტები და უნდა გაამართლონ მათ შვილებზე ასეთი ქმედება? ეს ყოვლად მიუღებელია“, – განაცხადა კახა კუჭავამ.

მისი თქმით, აუცილებელია ძალადობაში მონაწილე ყველა პირის იდენტიფიცირება და მკაცრი რეაგირება. პარლამენტის თავმჯდომარე გამოეხმაურა აქციის მონაწილეთა მიერ ევროკავშირის დროშის დაშვების ფაქტს და განაცხადა, რომ ის, რაც გუშინ მოხდა, იყო სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული ქმედება.

„უნდა დაისაჯოს ყველა, სხვანაირად ჩვენ ვერ განვვითარდებით. ასევე, არ შემიძლია არ გამოვეხმაურო ევროკავშირის დროშის დაშვებას. მე ჩემს განცხადებაში ვთქვი და სამწუხაროდ, ვერ შეისმინეს, რომ სახელმწიფოებრივად ეაზროვნათ. ეს სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული ქმედებაა. ვიმედოვნებ, რომ ძალიან მალე იქნებიან იდენტიფიცირებულები ეს ადამიანები, ვიცი, რამდენიმე ადამიანი უკვე დაკავებულია, კადრებია და ყველაფერი გადაღებულია და აუცილებელია, მათზე მოხდეს შესაბამისი კანონიერი რეაგირება. არ შეიძლება ამაზე თვალის დახუჭვა და ველოდებით შესაბამის მკაცრ რეაგირებებს ამ ქმედებებზე“, – განაცხადა კახა კუჭავამ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0