ივანიშვილის პირდაპირი პასუხისმგებლობაა, რომ ქვეყნისთვის საძულველი ,,რესპუბლიკური პარტია“ თავზე დაგვასვა, – ამის შესახებ ნინო ბურჯანაძემ საგანგებო პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი გამოეხმაურა პარლამენტის მიერ მესამე მოსმენით მიღებულ საკანონმდებლო ცვლილებას, პოლიტიკური პარტიებისათვის უფასო სარეკლამო დროის გადანაწილების შესახებ და მას სამარცხვინო და ყაჩაღური უწოდა.
„მინდა გამოვეხმაურო იმ სამარცხვინო, ყაჩაღურ გადაწყვეტილებას, რომელსაც დღეს საქართველოს პარლამენტში ,,ქართული ოცნების“ უმრავლესობამ ერთხმად დაუჭირა მხარი. საქმე ეხება გადაწყვეტილებას, რომლის თანახმადაც ჩვენ და კიდევ ორ პარტიას, წაგვართვეს ის, რაც მოგვცა ხალხმა, წაგვართვეს თავისუფალი საეთერო დრო, რომლის მეშვეობითაც ჩვენ შეგვეძლო ადამიანებისთვის გვეთქვა როგორ ვაპირებთ მათი პრობლემების მოგვარებას, როგორ ვაპირებთ ქვეყნის ჩიხიდან გამოყვანას, როგორ ვაპირებთ პრაქტიკულად დამშეული და პოლიტიკურ ჭაობში ჩაძირული საქართველოს გადარჩენას“, – განაცხადა ბურჯანაძემ.
მისი თქმით, ხელისუფლებას ეშინია სწორედ იმის, რომ „დემოკრატიული მოძრაობის“ ხმა ხალხამდე მივიდეს.
„ხელისუფლება ამ უსამართლო ცვლილებებით ცდილობს, რომ ჩვენი ხმა ხალხთან არ მივიდეს. დღეს მე მოვისმინე აბსოლუტურად სამარცხვინო კომენტარები, სამწუხაროდ, ,,ეროვნული ფორუმის“ და ,,თავისუფალი დემოკრატების“ წარმომადგენლების, რომლებიც თავს იმართლებდნენ ამ გადაწყვეტილების მხარის დაჭერის გამო. ერთის მხრივ ისინი არიან ოპოზიციაში, მეორეს მხრივ მშვენივრად ახერხებენ ხელისუფლებასთან გარიგებას. ისინი აცხადებდნენ, რომ ეს გადაწყვეტილება არის სამართლიანი და არავის ხარჯზე მათთვის საეთერო დრო არ მიუცია პარლამენტს. ეს არის ტყუილი, ეს გადაწყვეტილება არის უსამართლო და ყაჩაღური, მათ მიიღეს საეთერო დრო ისევე, როგორც სხვა პოლიტიკურმა პარტიებმა, სწორედ რომ ჩვენთვის დროის წართმევის ხარჯზე. მუდმივად ცდილობენ აპელირებას საკონსტიტუციო სასამართლოზე, ესეც ტყუილია. საკონსტიტუციო სასამართლოს არ უთქვამს, რომ სხვა პარტიებს დრო უნდა მიეცეთ უკვე დროის მქონდე პარტიების ხარჯზე“,- განაცხადა ბურჯანაძემ.
მისივე თქმით, საკონსტიტუციო სასამართლომ კონსტატირება გააკეთა იმ ფაქტის, რომ საეთერო დრო უნდა მიეცეს იმ პარტიებს, რომლებიც მონაწილეობდნენ არჩევნებში ,,ქართული ოცნების“ ბლოკით, თუმცა საკონსტიტუციო სასამართლოს არსად უთქვამს, რომ ისინი უნდა დაკმაყოფილებულიყვნენ სხვა პარტიების დროის წართმევის ხარჯზე.
„სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ეს ყაჩაღური თავდასხმა, რომელიც განახორციელა ,,ქართულმა ოცნებამ“, ინიცირებული იყო ,,ქართული ოცნების“ დღესაც სატელიტი ორგანიზაციის – ,,რესპუბლიკური პარტიის“ მიერ და ინიცირებული იყო სწორედ იმიტომ, რომ დაწყებულიყო პოლიტიკური ვაჭრობა, რაც კარგად გამოსდით რესპუბლიკელებს და ჩაეგდოთ გერმანული მოდელი. ეს არის პოლიტიკური ვაჭრობა და ეს არის პირდაპირი პასუხისმგებლობა ბატონი ბიძინა ივანიშვილის, რომელმაც ქვეყნისათვის საძულველი “რესპუბლიკური პარტია” დაგვაჯინა თავზე 4 წლის განმალობაში, შეიყვანა პარლამენტში ისეთი პარტიები, რომლებიც იყვნენ კოალიციაში წარმოდგენილნი და ზოგი დღესაც არის, რომელთაც ცალ-ცალკე მოსახლეობის 2 და 3 პროცენტის მხარდაჭერაც კი არ ჰქონდათ. დღეს ხდება ჩვენი პარტიის ხარჯზე, ამ პოლიტიკური პარტიების აბსოლუტური მხარდაჭერის გარეშე არსებული პარტიების დაკმაყოფილება, იმისათვის, რომ ამ პარტიებმა არ დაუჭირონ მხარი გერმანულ მოდელს, იმისათვის, რომ არჩევნები არ ჩატარდეს ისე, როგორც არჩევნების რეალური შედეგისათვის არის საჭირო. ასეთი თავხედური ყაჩაღობა, თან გამართლებული ვითომდა სამართლიანობით, რასაც სამწუხაროდ ძალიან ურცხვად ახერხებდა ბატონი ვახტანგ ხმალაძე და ბევრი სხვა. ასეთი სამართლებრივი თავხედობა, გაფორმებული პარლამენტში და გაფორმეული იურიდიული დოკუმენტის სახით, “ნაციონალური მოძრაობის” დროს მიხეილ სააკაშვილსაც არ გაუკეთებია“,-განაცხადა ბურჯანაძემ.