ეს არ არის მარტივი პროცესი

25/04/2023

ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი თბილისში გამართულ კონფერენციაზე – „სივრცის დაგეგმარება – საქართველო 2023″ სიტყვით გამოვიდა. მინისტრის განცხადებით, საქართველოს ერთიანი სივრცითი გეგმის მომზადება ჩვენი ქვეყნის წინაშე არსებული ერთ-ერთი მნიშნელოვანი ამოცანაა.

„გეგმის შემუშავებისას გათვალისწინებული იქნება ეკონომიკური, ეკოლოგიური, სოციალური ასპექტები, რათა ქვეყანას ჰქონდეს განვითარების მდგრადი და სწორი ხედვა, რომელიც არათუ შეაფერხებს, არამედ უზრუნველყოფს მდგრად განვითარებას“, – აღნიშნა ვიცე-პრემიერმა სიტყვით გამოსვლისას.

კონფერენციას აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების, ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელი
პირები, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის და საერთაშორისო ორგანიზაციების, პროფესიული და აკადემიური სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ლევან დავითაშვილის თქმით, ქვეყნის სივრცითი გეგმის მოსამზადებლად წლების წინ შეიქმნა შესაბამისი კომისია და ამ დროის განმავლობაში ბევრი რამ გაკეთდა სივრცითი დაგეგმარების კუთხით; ბევრი მუნიციპალიტეტის ადგილობრივი გეგმა მომზადდა, მაგრამ გეგმა, რომელიც მოიცავს ყველა ასპექტს, ამ ეტაპზე არ არსებობს. მისივე განმარტებით, მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანას ჰქონდეს სწორი მაღალი დონის დოკუმენტი, რომლის მომზადებაშიც მსოფლიოს წამყვანი ექსპერტები, ადგილობრივ სპეციალისტებთან ერთად მიიღებენ მონაწილეობას და დოკუმენტში გათვალისწინებული იქნება ქვეყნის ასპექტები. აქვე აღნიშნა, რომ საკმაოდ ბევრი მუნიციპალიტეტი უკვე დაფარულია გენგეგმებით, თუმცა მუნიციპალიტეტთშორისი და ერთიანი გეგმის მისაღებად ჯერ ბევრია სამუშაო.

„რა თქმა უნდა, ეს არ არის მარტივი პროცესი. აქ გათვალისწინებული უნდა იყოს საზოგადოების სხვადასხვა ფენისა და უწყების, დარგის ინტერესები. თუმცა, უნდა ითქვას, რომ საკმაოდ მნიშვნელოვანი პროგრესი გვაქვს მუნიციპალიტეტების ჩართულობით. ვფიქრობთ, რომ ამ გეგმების დამტკიცება მიმდინარე წლის განმავლობაში უნდა მოხდეს“, – აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0