„ეს არ არის გიორგი გახარიას ოპერაცია – ეს არის საქართველოს სახელმწიფო ინსტიტუტის ერთადერთი სწორი რეაგირება იმ დროისათვის“, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა 20 ივნისს განვითარებული მოვლენების შეფასებისას.
მისი განცხადებით, რუს დეპუტატთან დაკავშირებული ინციდენტის განეიტრალება, პრაქტიკულად, რამდენიმე წუთში მოხდა.
„25-მდე ქვეყანა იყო, მათ შორის, ჩვენი მეგობარი ქვეყნები და მეგობარი ქვეყნების დელეგატები გაგებით მოეკიდნენ ამ კონფერენციის ჩაშლას და მალევე დატოვეს დარბაზი. ეს საკმარისზე მეტი რეაქცია იყო, რაც შეიძლება პირველივე წუთებში მომხდარიყო. შესაბამისად, იმის საფუძველი, რომ პარლამენტი შტურმით აეღოთ არ არსებობდა. აქედან გამომდინარე, შინაგან საქმეთა სამინისტრომ და სახელმწიფო უშიშროების სამსახურმა მიიღეს ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება, როდესაც სამსაათიანი შტურმის მერე, 30-ზე მეტი დაშავებულის მერე, გამოიყენეს ძალა და ახლა ამის შემდგომ, რასაკვირველია, შეიძლება საუბარი ამ ძალის გამოყენების პროპორციულობაზე”, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.
მისი თქმით, პასუხისმგებლობას არა მხოლოდ გიორგი გახარია, არამედ მინისტრთა კაბინეტის არც ერთი წევრი არ გაურბის.
„მინდა გითხრათ, რომ პასუხისმგებლობისგან არგაქცევა ნიშნავს იმას, რომ ამ ეტაპზე, სანამ გამოძიება არ დასრულდება, სანამ არ გავიგებთ ძალის გამოყენება რა პროპორციულობით და რა დოზით მოხდა, რა მასშტაბის იყო ეს – სისტემური იყო თუ არა, მერე შეიძლება ვილაპარაკოთ კონკრეტული პირებისა და მათ შორის, მინისტრის პასუხიმგებლობაზე. სანამ ეს არ მოხდება, რასაკვირველია, ამ ეტაპზე გადადგომა ნიშნავს, რომ საერთოდ არასწორად მოიქცა პოლიცია, არასწორად მოიქცა უსაფრთხოების სამსახური და ერთი რამე მინდა გითხრათ – ჩვენი ამბავი რომ ვიცი, არ შევეშვებით ჩვენ პარლამენტის შენობის შტურმს და არ გვინდა რომ დაგვიცვას პოლიციამ? არასდროს არ დაიცვას? ეს არის საზოგადოების დაკვეთა?“ – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.