პარლამენტის ბიურომ მიმდინარე კვირის პლენარული სხდომების დღის წესრიგი განიხილა. ხვალინდელ სხდომაზე საქართველოს პარლამენტის წევრის, თეა წულუკიანისთვის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხს განიხილავენ.
„მსურს პარლამენტის სახელით კიდევ ერთხელ გადავუხადო მადლობა ქალბატონ თეას თანამშრომლობისთვის და წარმატებები ვუსურვო მინისტრის პოზიციაზე“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ.
პარლამენტი მიმდინარე კვირაში პირველი მოსმენით განიხილავს „დეპოზიტების სისტემის დაზღვევის შესახებ“ კანონპროექტს და მისგან გამომდინარე საკანონმდებლო პაკეტს. განიხილავენ ასევე „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონპროექტსა და რამდენიმე მნიშვნელოვან სარატიფიკაციო დოკუმენტს. დღესვე ბიურომ ახალ საკანონმდებლო ცვლილებებზე წამყვანი და სავალდებულო კომიტეტები განსაზღვრა. ერთ-ერთი ასეთი საკანონმდებლო ცვლილება „საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანულ კანონს ეხება.
„ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებები, რომელიც ითვალისწინებს ვენეციის კომისიის იმ რეკომენდაციების ასახვას საკანონდებლო ბაზაში, რომელიც სასამართლოსთან დაკავშირებით იყო მოცემული, გარდა იმისა, რაც ფუნდამენტური ცვლილებები განხორციელდა უკვე პარლამენტის მიერ სასამართლოების შესახებ კანონში. მოგეხსენებათ, რომ შეიქმნა კანდიდატურების პარლამენტში განხილვის გამჭვირვალე დემოკრატიული პროცესი. ამ მიმართულებით კიდევ უფრო უმჯობესდება სტანდარტი“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
მეორე მნიშვნელოვანი ინიციატივაა საქართველოს კონსტიტუციური კანონის გარდამავალ დებულებებში ცვლილების შეტანის საკითხი, რომელიც ითვალისწინებს 2024 წლისთვის ერთჯერადად, საარჩევნო ბარიერის დაწევას 3 %-მდე.
„ესეც უკვე ინიცირებულია პარლამენტში და გადაეცემა საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტს. ეს ორი საკითხი ის მნიშვნელოვანი საკითხებია, რომელიც თვეების განმავლობაში პოლიტიკური დისკუსიის საგანი იყო. როგორც ხედავთ, პარლამენტს და, ზოგადად, ხელისუფლებას აქვს პოლიტიკური ნება და ჩვენ ჩვენს პასუხისმგებლობასა და ვალდებულებას ვასრულებთ დემოკრატიის გაძლიერების და იმ ფუნდამენტური რეფორმების განსახორციელებლად, რომელზეც საჯაროდ გვქონდა პირობა დადებული. იმედი მაქვს, რომ ეს ორი ცვლილება დაეხმარება მიმდინარე პოლიტიკურ დიალოგს. თავისი არსით, ეს ცვლილება არ გახლავთ მხოლოდ პოლიტიკურ პარტიებს შორის საუბრის საგანი, არამედ ეს რეფორმები გახლავთ ასევე ჩვენსა და მოქალაქეებს შორის შეთანხმების საგანი, ჩვენსა და ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს – ევროკავშირსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის თანამშრომლობის საგანიც. დიდი იმედი მაქვს, რომ ევროკავშირთან ასოცირების პროცესში, შემდეგ შეფასებებში ეს ცვლილებები ასევე იქნება სათანადოდ შეფასებული და პოზიტიურ გავლენას იქონიებს საქართველოს ევროინტეგრაციის დღის წესრიგზე“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
სასამართლოებთან დაკავშირებულ საკანონმდებლო პაკეტთან მიმართებაში ოპოზიციის წარმომადგენელმა, ლევან იოსელიანმა გამოთქვა მოსაზრება, რომ აღნიშნული ცვლილებების დაჩქარებული წესით გახილვა არ არის მიზანშეწონილი.
„ჩემი შემოთავაზება იქნებოდა, დაველოდოთ მოლაპარაკებების დასრულებას და იმ კონტექსტში მოხდეს ყველაფრის განხილვა“, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.
პარლამენტის თავმჯდომარის პასუხით, ის, რაც არის გონივრული და რაც ვენეციის კომისიამ ურჩია კანონმდებლებს, უნდა გაკეთდეს არა იმისთვის, რომ მოლაპარაკებები მიმდინარეობს, არამედ იმიტომ, რომ ეს სჭირდება საზოგადოებას და სახელმწიფოს.
„თუ სასამართლო რეფორმა მართლაც არის ოპოზიციასთან დიალოგში მათთვის საინტერესო საკითხი, ამ ცვლილებების ინიცირება, პირიქით, შეიძლება იყოს დამხმარე, რადგან გარდა დიალოგში მიცემული დაპირებისა, უკვე პარლამენტს კონკრეტულად ექნება ამაზე მუშაობა დაწყებული“, – უპასუხა ლევან იოსელიანს არჩილ თალაკვაძემ.