პარლამენტმა დღევანდელ პლენარულ სხდომაზე, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე უძღვებოდა, განიხილა და 82 ხმით, ერთხმად დაუჭირა მხარი პარლამენტის დადგენილების პროექტს „გაერთიანებული ერების ორგანიზაციის „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის“ ფაკულტატური ოქმის რატიფიცირების შესახებ“. როგორც კენჭისყრის პროცესის დასრულების შემდეგ პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების კონვენციის ფაკულტატური ოქმის რატიფიცირება არის ისტორიული მნიშვნელობის გადაწყვეტილება.
„ადამიანის უფლებათა დამცველებს და სპეციალური საჭიროებების მქონე პირებს ყველაზე უკეთ მოეხსენებათ, თუ რას ნიშნავს ამ ფაკულტატური ოქმის რატიფიცირება, მადლობას გიხდით ყველას მხარდაჭერისთვის, ეს არის მართლაც მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება და მე იმედი მაქვს, რომ რეალურ ცხოვრებაში ძალიან ბევრი ადამიანის, ვისაც სპეციალური საჭიროებები აქვს, ცხოვრებას ეს გადაწყვეტილება გააუმჯობესებს“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
პარლამენტის პლენარულ სხდომაზე „გაერთიანებული ერების ორგანიზაციის „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის“ ფაკულტატური ოქმის რატიფიცირების საკითხი ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ თამილა ბარკალაიამ გამოიტანა და აღნიშნული ფაკულტატური ოქმის რატიფიცირების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. მისი თქმით, ეს იქნება მნიშვნელოვანი ნაბიჯი ადამიანის, კერძოდ, შშმ პირების უფლებების მდგომარეობის გაუმჯობესების პროგრესისთვის.
„ეს არის უმნიშვნელოვანესი საკითხი ჩვენი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის, მათი საზოგადოებაში ინტეგრაციის და სოციალიზაციის ხელშეწყობის მიმართულებით. ფაკულტატურის ოქმის რატიფიცირებით, ჩვენ ორ მნიშვნელოვან საკითხს უზრუნველვყოფთ ჩვენი შშმ მოქალაქეებისთვის: პირველი არის ის, რომ მათი ინდივიდუალური საჩივრების განხილვის უფლება მიეცემა გაეროს შშმ პირთა კომიტეტს და იმ შემთხვევში, თუ ჩვენი მოქალაქე შშმ პირი საქართველოში ვერ მოახერხებს თავისი ინდივიდუალური უფლების აღდგენას, მას უკვე საერთაშორისო დონეზე ექნება საშუალება, რომ დაიბრუნოს, აღიდგინის საკუთარი უფლება. მეორე – ჩვენ შევუერთდებით იმ ქვეყნების სიას, რომლებიც მაღალ დონეზე აყენებს ადამიანის უფლებებს, კონკრეტულად შშმ პირთა უფლებებს და რომელთაც დამატებითი ტექნიკური და საექსპერტო მხარდაჭერა ექნება გაეროს შშმ პირთა უფლებების კომისიისაგან. შესაბამისი საექსპერტო მხარდაჭერა, რეკომენდაციები და მათი დახმარება ჩვენ დაგვეხმარება, რომ ჩვენი სისტემა, ჩვენი მხარდაჭერა ჩვენი შშმ მოქალაქეების მიმართ იყოს უფრო სრულყოფილი და გამართული“, – განაცხადა მინისტრის მოადგილემ საკითხის წარდგენისას.
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის, რატი იონათამიშვილის შეფასებით, ფაკულტატური ოქმის რატიფიცირებით საქართველო იმ პროგრესული სახელმწიფოების ოჯახის ნაწილი ხდება, სადაც მაქსიმალურად არის დაცული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებები.
„ამ დოკუმენტების გაეროში დამტკიცების დღიდან, შშმ პირები აქტიურად ვიბრძოდით, ვმუშაობდით იმისთვის, რომ ეს დღე საქართველოშიც დამდგარიყო. მნიშვნელოვანია, რომ დღეს ერთსულოვანი პოზიცია გვაქვს ხელისუფლების სხვადასხვა შტოებს, შშმ პირებს, მათ წარმომადგენლებს და ეს არის ძალიან სერიოზული გზავნილი როგორც საერთაშორისო თანამეგობრობისთვის ასევე შშმ პირებისა და ამ თემის წარმომადგენლებისთვის. გაეროს შშმ პირთა უფლებების კონვენციის ფაკულტატური ოქმის რატიფიცირებით საქართველო ხდება იმ პროგრესული სახელმწიფოების ოჯახის ნაწილი, სადაც მაქსიმალურად არის დაცული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებები და რაც მთავარია, ადვოკატირების ინდივიდუალური მექანიზმები. ფაკულტაური ოქმის გაზიარებით ჩვენ გადავდივართ შშმ პირთა პოლიტიკის ახალ ეტაპზე და ამით სრულდება კონვენციით აღიარებული ღირებულებებისა და პრინციპების სრულფასოვანი რატიფიცირების პროცესი“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.
მისი თქმით, საერთაშორისო ვალდებულებებისა და ადვოკატირების გარდა, ოქმის ძალაში შესვლა ძალიან ბევრ შესაძლებლობას იძლევა და არაერთი მიმართულებით გვიხსნის კარს: კერძოდ, მივიღოთ უფრო მეტი საგარეო მხარდაჭერა, დამატებით მოვიზიდოთ ახალი გრანტები და გავაძლიეროთ როგორც შშმ პირები, ასევე მათი წარმომადგენლობითი ორგანიზაციები.
„ეს ოქმი ნამდვილად არის შშმ პირთა თვალსაზრისით, ადამიანის უფლებათა დაცვის ყველაზე ყოვლისმომცველი და მაღალი სტანდარტის ოფიციალური დოკუმენტი, ამიტომ მნიშვნელოვანი ჩვენ მოვახდინოთ მისი გაზიარება და კიდევ უფრო მეტი პასუხისმგებლობა გამოვიჩინოთ ჩვენი შშმ პირების წინაშე“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ მიხეილ სარჯველაძემ ყურადღება გაამახვილა დოკუმენტის მნიშვნელობაზე და განაცხადა, რომ შშმ პირთა უფლებების დაცვის ხარისხი გახლავს ის მნიშვნელოვანი მიმართულება, რომლითაც იზომება ნებისმიერი სახელმწიფოს, ნებისმიერი საზოგადოების ცივილიზებულობის ხარისხი.
„ეს ძალიან მნიშვნელოვანი და სერიოზული გადაწყვეტილებაა. ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი მხარს უჭერს წარმოდგენილი დოკუმენტის რატიფიცირებას. ეს იქნება მართლაც საეტაპო მნიშვნელობის გადაწყვეტილება საქართველოს პარლამენტის მხრიდან. ფაკულტატური ოქმის რატიფიკაცია იქნება ეტაპი, როდესაც პრაქტიკულად შესაძლებელი გახდება, რომ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების შესახებ კანონი, რომელიც მიღებული იქნა შარშან პარლამენტის მიერ, აჩენს რეალურ შესაძლებლობას იმისთვის, რომ რატიფიკაცია ეფექტიანად განხორციელდეს და დაინერგოს ქვეყანაში ინსტრუმენტი, რასაც ითვალისწინებს ეს სარატიფიკაციო დოკუმენტი. ასევე მნიშვნელოვანია ითქვას, რომ სწორედ იმ კანონით გათვალისწინებული დებულებების, რომელიც საკმაოდ მაღალ სტანდარტს აწესებს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის თვალსაზრისით, მისი აღსრულების მექანიზმების გამდიდრების თვალსაზრისით, არის წინგადადგმული ნაბიჯი, ვინაიდან ქმნის აბსოლუტური აღსრულების სრულყოფილ მექანიზმს, რაც არის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და ხაზგასასმელი“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.
განათლების მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე თეა წულუკიანის განცხადებით, აღნიშნული დოკუმენტის პარლამენტში სარატიფიკაციოდ წარმოდგენა მართლაც მნიშვნელოვანი მოვლენაა, ვინაიდან ამ ოქმის რატიფიცირება პრაქტიკულად ნატვრად იყო ქცეული მრავალი წლის განმავლობაში.
„არ არის გამორიცხული, რომ ის, რასაც თქვენ გვთავაზობთ – ამ ოქმის რატიფიცირება იყოს 2021 წლის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მოვლენა. შესაბამისად ამას, ალბათ ჩვენი მხრიდან, მით უმეტეს, აღმასრულებელი ხელისუფლების მხრიდან დასჭირდება უფრო დიდი, ასე ვთქვათ, მასშტაბური კამპანია კომუნიკაციის, ვინაიდან ეს არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მიღწევა, რასაც დღეს ჩვენ ვაკეთებთ ადამიანის უფლების სფეროში და ამ ოქმის რატიფიცირება პრაქტიკულად ნატვრად იყო ქცეული მრავალი წლის განმავლობაში. იქნებ როგორმე აღმასრულებელმა ხელისუფლებამ, თქვენ პირადად გააკეთოთ ისე, რომ საზოგადოებას ჰქონდეს რეალური აღქმა იმისა თუ რამხელა მოვლენასთან გვაქვს საქმე“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.
ამის შემდეგ, პარლამენტმა კენჭისყრის პროცედურის შედეგად, მხარი დაუჭირა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის“ ფაკულტატური ოქმის რატიფიცირებას. პარლამენტმა ასევე კენჭი უყარა და მხარი დაუჭირა პარლამენტის წინა პლენარულ სხდომაზე განხილულ საკითხებს, კერძოდ, კანონპროექტს „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“(მესამე მოსმენა), პარლამენტის დადგენილების პროექტებს: „სამოქალაქო ან კომერციულ საქმეებზე სასამართლო და არასასამართლო დოკუმენტების საზღვარგარეთ ჩაბარების შესახებ“ 1965 წლის 15 ნოემბრის ჰააგის კონვენციასთან შეერთების შესახებ“ და „სამოქალაქო ან კომერციულ საქმეებზე მტკიცებულებათა საზღვარგარეთ მოპოვების შესახებ“ 1970 წლის 18 მარტის ჰააგის კონვენციასთან შეერთების შესახებ“.