დიდი პატივისცემით მინდა მოგილოცოთ ყურბან-ბაირამის დღესასწაული. ჩვენს ქვეყანაში მცხოვრებ თითოეულ მუსლიმს, ჩვენს თანამოქალაქეს, გულითადად გილოცავთ დღევანდელ დღეს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თბილისის ჯუმა მეჩეთში განაცხადა. მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ყურბან-ბაირამი ეს არის სიკეთის დღე, სიკეთის გამარჯვების დღე, ახალი სიცოცხლის, იმედის მომცემი დღე.
„მინდა განსაკუთრებით მივულოცო დღევანდელი დღე სულიერ ლიდერებს, თითოეულ მუსლიმს, ჩვენს უცხოელ მეგობრებს, საელჩოების წარმომადგენლებს. ყურბან-ბაირამი ეს არის სიკეთის დღე, სიკეთის გამარჯვების დღე, ახალი სიცოცხლის, იმედის მომცემი დღე, სწორედ ამასთან ასოცირდება და ეს არის სიმბოლო გამარჯვების, სიკეთის და სიყვარულის. დღეს ჩემი აქ მოსვლით კიდევ ერთხელ მინდა დაგიდასტუროთ ჩემი ღრმა პატივისცემა თითოეულ თქვენგანს, თითოეულ მუსლიმს ჩვენი ქვეყნისა. მინდა ვთქვა შემდეგი, ქართველები ვართ მართლაც გამორჩეული იმ ნიშნითაც, რომ ჩვენ ვართ სამაგალითო ტოლერანტული საზოგადოება. ჩვენს ქვეყანაში და ამ ქალაქში სხვადასხვა რელიგიის წარმომადგენლები ცხოვრობდნენ საუკუნეების განმავლობაში და არცერთხელ არ ყოფილა რაიმე უკმაყოფილება და არ შექმნილა რაიმე უსიამოვნო პრეცედენტი. ჩვენ ვართ ტოლერანტული საზოგადოება. ჩვენ პატივს ვცემთ სხვის სარწმუნოებას, სხვის რელიგიას. ეს არის ჩვენი ვალდებულება, რომ თანაბრად მოვექცეთ, თანაბრად პატივი ვცეთ სხვის რწმენას, სარწმუნოებას, რელიგიას. ასე მესმის მე ქრისტიანობა, ასე გვესმის ჩვენ ყველას ქართველობა. მე, როგორც მთავრობის მეთაური, გავაკეთებ ყველაფერს, რომ მაქსიმალურად გვერდში დავუდგე თქვენს თემს, თქვენს სულიერ ლიდერებს, ყველას და რა თქმა უნდა, ჩვენი საერთო მიზანი, საერთო ოცნება, ეს არის ძლიერი საქართველოს, სახელმწიფოს მშენებლობა და ამ საქმეში ჩვენ თქვენი იმედი გვაქვს. კიდევ ერთხელ გილოცავთ და გისურვებთ ჯანმრთელობას, კეთილდღეობას და გახარებას” , – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მუსლიმებს სიტყვით მიმართა რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარემ ზაზა ვაშაყმაძემ და დღესასწაული მიულოცა. ჯუმა მეჩეთში შეკრებილ მუსლიმებს სიტყვით ასევე მიმართეს საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს შეიხმა რამინ იგიდოვმა, აღმოსავლეთ საქართველოს მუფთმა ეტიბარ ემინოვმა და დასავლეთ საქართველოს მუფთმა ადამ შანთაძემ. მუსლიმთა სამმართველოს სულიერმა ლიდერებმა პრემიერ-მინისტრს დღესასწაულის მილოცვისთვის მადლობა გადაუხადეს და მუსლიმთა სამმართველოს სახელით სამახსოვრო საჩუქარი გადასცეს. მთავრობის მეთაურთან ერთად თბილისის ჯუმა მეჩეთში ასევე იმყოფებოდნენ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.