ეს არის საპარლამენტო მმართველობა, სადაც სამთავრობო ცვლილებები ნორმალური მოვლენაა

14/06/2018

„გასული 6 წლის განმავლობაში, ჩვენმა ქვეყანამ მიაღწია ფუნდამენტურ პროგრესს ყველა მიმართულებით და ეს ხდებოდა სხვადასხვა პრემიერ-მინისტრის მმართველობის პირობებში“,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა. გუშინ განხორციელებულ სამთავრობო ცვლილებებს ირაკლი კობახიძე საერთაშორისო კონფერენციაზე – „საქართველოს ევროპული გზა“, სიტყვით გამოსვლისას გამოეხმაურა. მისი თქმით, პრემიერ-მინისტრებისა და მთავრობის ცვლა არ იწვევდა გადახვევას იმ პროგრესული მიმართულებიდან, რომლისკენაც გეზი ქვეყანამ 2012 წლის შემდეგ აიღო.

“მე არ მინდოდა, დღეს მესაუბრა სამთავრობო ცვლილებებზე, რომლებიც ხორციელდება ჩვენს ქვეყანაში. ეს არ არის იმ ფორატის შემადგენელი ნაწილი, რა ფორმატშიც იმართება დღევანდელი კონფერენცია, თუმცა თავს მოვალედ მივიჩნევ, პრეზიდენტის გამოსვლის შემდეგ, ორიოდე სიტყვა მოგახსენოთ ამასთან დაკავშირებით. საქართველო არის საპარლამენტო რესპუბლიკა, საქართველო არის მაღალი სტანდარტებით ჩამოყლიბებული დემოკრატიული სახელმწიფო და აქ სახელწიფო იმართება სწორედ ამ სტანდარტების შესაბამისად. ჩვენთვის, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია ქვეყნის სტაბილური განვითარება და სამთავრობო ცვლილებების პირობებში, ჩვენთვის მთავარია სწორედ სტაბილური განვითარების უზრუნველყოფა. ამ წლების განმავლობაში, გასული 6 წლის განმავლობაში, ჩვენმა ქვეყანამ მიაღწია ფუნდამენტურ პროგრესს ყველა მიმართულებით და ეს ხდებოდა სხვადასხვა პრემიერ-მინისტრის მმართველობის პირობებში, პრემიერ-მინისტრების ცვლა, მთავრობების ცვლა, არ იწვევდა ქვეყნის ძირითადი კურსიდან გადახვევას და იმ პროგრესული მიმართულებიდან გადახვევას, რომლისკენაც აიღო გეზი, იმთავითვე, ჩვენმა ქვეყანამ 2012 წლის დემოკრატიული გარდატეხის შემდეგ“,- განაცცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

ირაკლი კობახიძემ პროგრესის კონკრეტულ შედეგებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ 2012 წლის შემდეგ, საქართველოში დამკვიდრდა დახვეწილი საპარლამენტო მმართველობის სისტემა და დრამატულად გაიზარდა ადამიანის უფლებების დაცვის ხარისხი.

„შეგახსენებთ, რა არის ამ პროგრესის კონკრეტული ხელშესახები შედეგები – ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული განვითარება. 2012 წლამდე, მე პირდაპირ შემიძლია გითხრათ, საქართველო არ იყო დემოკრატიული სახელმწიფო, საქართველოში იმართებოდა ქვეყანა ავტოკრატიული მეთოდების გამოყენებით. ჩვენ ეს პრაქტიკა შევცვალეთ რადიკალურად, რისი შედეგიც არის ის, რომ ქვეყანა იმართება ხელისუფლების დანაწილების პრინციპის შესაბამისად, საქართველოში დამკვიდრდა დახვეწილი საპარლამენტო მმართველობის სისტემა და საქართველოში რადიკალურად, დრამატულად გაიზარდა ადამიანის უფლებების დაცვის ხარისხი, რასაც მოწმობს ის მდგომარეობა, რომელიც იყო შექმნილი, მაგალითად, სასჯელაღსრულების სისტემაში 2012 წლამდე და რაც არის შექმნილი 2012 წლის შედეგ. ამას მოწმობს თითოეული მიმართულება, რომელიც არის დაკავშირებული ადამიანის უფლებების დაცვასთან. ჩვენ გვაქვს დრამატული პროგრესი როგორც დემოკრატიის, ასევე, ადამიანის უფლებების თვალსაზრისით და ეს პროგრესი მიღწეულ იქნა „ქართული ოცნების“ მიერ სხვადასხვა მთავრობის პირობებში. კიდევ ერთხელ გავიმეორებ – ეს არის საპარლამენტო მმართველობა, სადაც სამთავრობო ცვლილებები არის ნორმალური მოვლენა“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, მნიშვნელოვანი წინსვლაა ეკონომიკის მიმართულებით და ქვეყანა რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდის ტემპით გამოირჩევა, რაც, მისივე განცხადებით, „ქართული ოცნების“ კარგად გააზრებული პოლიტიკის შედეგია.

„ეკონომიკის თვალსაზრისით, ჩვენ გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი წინსვლა გასული წლების განმავლობაში. საქართველო გამოირჩევა ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდის ტემპით, მთელი რეგიონის მასშტაბით, ევროპის ქვეყნებს შორის, რაც არის „ქართული ოცნების“ ძალიან კარგად გააზრებული პოლიტიკის შედეგი. ჩვენ გამოვირჩევით ძალიან კარგად გააზრებული დახვეწილი ეკონომიკური პოლიტიკით და სწორედ ამის შედეგია ის წინსვლა, რომელიც აღინიშნება ჩვენს ქვეყანაში გასული 6 წლის განმავლობაში. სოციალური პოლიტიკა-ამ კუთხით გვაქვს ასევე, ფუნდამენტური ცვლილებები. მხოლოდ იმას აღვნიშნავ მაგალითისთვის, რომ ორჯერ და უფრო მეტად გაიზარდა საქართველოში, გასული 6 წლის განმავლობაში, ჯანდაცვის სამინისტრის ბიუჯეტი, რაც ნიშნავს შესაბამისი მომსახურებით მოსახლეობის უკეთ უზრუნველყოფას, რაც გულისხმობს მოსახლეობის უკეთესად დაცვას, სოციალური მომსახურებით უზრუნველყოფას -ესეც არის „ქართული ოცნების“ ხელისუფლების ერთ-ერთი მიღწევა და ესეც უზრუნველყოფილი იქნა სხვადასხვა მთავრობის პირობებში“- აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ფუნდამენტური წინსვლა და პროგრესია მიღწეული საგარეო პოლიტიკის მიმართულებით. ირაკლი კობახიძის შეფასებით, 2012 წლიდან, რადიკალურად გაიზარდა სტაბილურობისა და უსაფრთხოების ხარისხი და დღეს, საქართველო არა მხოლოდ გამოირჩევა სტაბილურობის მაღალი ხარისხით, არამედ მას მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს რეგიონის სტაბილურობასა და გლობალური უსაფრთხოების უზრუნველყოფაში.

„რაც შეეხება საგარეო პოლიტიკას, აქაც გვაქვს ჩვენ ფუნდამენტური წინსვლა და პროგრესი. თქვენ გახსოვთ, როგორი მდგომარეობა იყო ჩვენს ქვეყანაში სტაბილურობის თვალსაზრისით, უსაფრთხოების თვალსაზრისით, განსაკუთრებით, 2008 წლის ომის შემდეგ, რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ და თამამად შეიძლება ითქვას, რომ 2012 წლიდან საქართველოში რადიკალურად გაიზარდა სტაბილურობისა და უსაფრთხოების ხარისხი ჩვენს ქვეყანაში და დღეს საქართველო არა მხოლოდ გამოირჩევა სტაბილურობის მაღალი ხარისხით, არამედ, საქართველოს შეაქვს ძალიან მნიშვნელოვანი წვლილი რეგიონის სტაბილურობასა და უსაფრთხოებაში და უფრო მეტიც, საქართველო ძალიან აქტიურად არის ჩართული გლობალური უსაფრთხოების უზრუნველყოფაში – ჩვენ ვართ მცირე ქვეყანა, თუმცა, ვართ ამბიციური ქვეყანა და გვაქვს მტკიცე პოლიტიკური ნება, რომ ჩვენი წვლილი შევიტანოთ გლობალურ უსაფრთხოებაში. ეს არის ის ფუნდამენტური ცვლილებები, რომლებიც განხორციელდა საქართველოში გასული 6 წლის განმავლობაში“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, სხვადასხვა მთავრობის პირობებში, მმართველი გუნდი ყოველთვის ახერხებდა ფუნდამენტური წინსვლის მიღწევას და ეს წინსვლა უზრუნველყოფილი იქნება შემდეგი მთავრობის პირობებშიც.

„დემოკრატია, ეკონომიკა, სოციალური მიმართულება, საგარეო პოლიტიკა-ყველა მიმართულებით გვაქვს ჩვენ ფუნდამენტური პროგრესი და ეს არის მმართველი პოლიტიკური ძალის დამსახურება, სხვადასხვა მთავრობის პირობებში, „ქართული ოცნება“ ყოველთვის ახერხებდა ფუნდამენტური წინსვლის მიღწევას და ეს წინსვლა იქნება უზრუნველყოფილი შემდეგი მთავრობის პირობებში, ახალი პრემიერ-მინისტრის პირობებში, რომელსაც საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, დაასახელებს საპარლამენტო უმრავლესობა. კიდევ ერთხელ, აღვნიშნავ, მოვუწოდებ პრეზიდენტს სიმშვიდისკენ, აღვნიშნავ, რომ გაგრძელდება ჩვენი ქვეყნის სტაბილური და ღირსეული განვითარება“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0