საქართველოს ეკონომიკის ყველაზე სიცოცხლისუნარიან სექტორს – მაღალ ტექნოლოგიებზე და ინოვაციებზე დაფუძნებულ ეკონომიკას, 9 სრულიად ახალი იდეა და დაფინანსებული ბიზნესი შეემატა – „სტარტაპ საქართველოს“ პროექტის მეორე ეტაპის კონკურსში გამარჯვებული პროექტების ავტორები დღეს დააჯილდოვეს. ცერემონიას საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დაესწრო. სრულიად ახალი ნაბიჯი ახალი საქართველოსკენ და ახალი ქართული ეკონომიკა – ასე შეაფასა პრემიერ-მინისტრმა პროექტი „სტარტაპ საქართველო“.
„ეს არის ეკონომიკის ტრანსფორმაცია და ადამიანების აზროვნების შეცვლა მეწარმეობისკენ, რათა კი არ გავხდეთ დასაქმებულნი, არამედ დავასაქმოთ სხვები. ეს არის ამ უმნიშვნელოვანესი პროგრამის მთავარი ეფექტი“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა და „სტარტაპ საქართველოს“ ფონდის შექმნას მთავრობის ყველაზე დიდი მიღწევა უწოდა.
მთავრობის მეთაურმა პროექტის მეორე ეტაპის კონკურსში გამარჯვებულ 9 დამწყებ ბიზნესმენს, რომელმაც დაფინანსების მისაღებად სრულიად ახალი იდეის წამოყენება გაბედა, გამარჯვება მიულოცა. პრემიერმა ახალგაზრდებს მოუწოდა, არასოდეს იფიქრონ, რომ მათზე ადრე ვინმემ ესა თუ ის იდეა განახორციელა, ან რაიმეს გაკეთება არ ღირს.
„ყოველთვის ღირს! თქვენ მიერ გადადგმული 10 ან 100 ნაბიჯიდან, ერთიც რომ გამოდგეს სწორი, მაინც ღირს, რადგან მან, შეიძლება მთლიანად შეცვალოს ჩვენი ეკონომიკა. ამიტომ არის ეს მაგარი პროექტი და განსაკუთრებით გილოცავთ“, – მიმართა პრემიერმა გამარჯვებულებს. გიორგი კვირიკაშვილმა მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც ინიციატივის განხორციელებაში მიიღო მონაწილეობა – ეკონომიკის სამინისტროს და ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს; საპარტნიორო ფონდს და ახალგაზრდებს, რომლებიც უდიდესი ენერგიით ჩაერთნენ ამ მნიშვნელოვან ინიციატივაში. „ეს არის სრულიად ახალი ნაბიჯი ახალი საქართველოსკენ და ეს არის ახალი ქართული ეკონომიკა“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. მთავრობის მეთაურის შეფასებით, თვისობრივად ახალი ბიზნესების დაფინანსება არის შესაძლებლობა ახალგაზრდებისთვის, რათა ყოველგვარი საბანკო უზრუნველყოფის გარეშე შეძლონ საკუთარი იდეების დაფინანსება. „კონკურსი გამჭვირვალე წესით ჩატარდა, მასში მონაწილეობდნენ ამ მიმართულებით განსაკუთრებული გამოცდილების მქონე უცხოელი სპეციალისტებიც – ამერიკიდან, კერძოდ კალიფორნიიდან და ევროპიდან. ეს არის ჩვენი ეკონომიკის თვისობრივი შეცვლა, ანუ ეკონომიკის ყველაზე სწრაფად მზარდი სექტორების წახალისება. მთავარი შედეგია ახალგაზრდების აზროვნების მიმართვა იქით, რომ ისინი გახდნენ არა დასაქმებულნი, არამედ – თავიდანვე დამსაქმებლები“, – აღნიშნა პრემიერმა ჟურნალისტებთან საუბრისას. „სტარტაპ საქართველოს“ პროექტის მეორე ეტაპის კონკურსში გამარჯვებული 9 პროექტი ჯამურად დაახლოებით, 900 ათას ლარით დაფინანსდა. გამარჯვებული პროექტები ტურიზმის, სოფლის მეურნეობის, ქიმიური მრეწველობის, საშენი მასალის წარმოებისა და სხვა დარგებს მოიცავს.