ეს არის ადგილი, სადაც მიწათმოქმედების ერთ-ერთი ყველაზე ძველი კერაა აღმოჩენილი

22/02/2024

პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ იმირში, ნამოსახლარ „გადაჭრილი გორას“ არქეოლოგიური კომპლექსის ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერა.
ლევან დავითაშვილი იმირში კულტურის და სპორტის მინისტრ, ვიცე-პრემიერ თეა წულუკიანთან, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრ ოთარ შამუგიასთან ერთად იმყოფებოდა. სოფელ იმირის “გადაჭრილი გორა” მნიშვნელოვანი, საქართველოში მიწათმოქმედების უძველესი ძეგლია, რომელიც ძვ. წ. VI-V ათასწლეულებით თარიღდება. აღსანიშნავია, რომ გარდა საყოფაცხოვრებო არქეოლოგიური ნიმუშებისა, იქ აღმოჩენილია მცენარეთა თესლის და ყურძნის წიპწის ნიმუშები, რაც იმ პერიოდში მებაღეობა-მევენახეობის კულტურის არსებობაზე მეტყველებს. საქართველოსთვის ამ მნიშვნელოვანი ძეგლის შენარჩუნების მიზნით „გადაჭრილ გორაზე“ მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება.
ლევან დავითაშვილის შეფასებით, ეს იქნება ადგილზე ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარების საშუალება, რომელიც არამხოლოდ მარნეულის მუნიციპალიტეტში, მთლიანად საქართველოს მასშტაბით მიზიდულობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ცენტრი გახდება.

„ეს არის ადგილი, სადაც მიწათმოქმედების ერთ-ერთი ყველაზე ძველი კერაა აღმოჩენილი, მათ შორის მევენახეობა-მეღვინეობის დასაწყისია და ეს არ არის საინტერესო მხოლოდ ქართველი ვიზიტორებისა და ტურისტებისთვის, ეს არის მსოფლიო მეცნიერებისა და ტურისტებისთვის საინტერესო დანიშნულების ადგილი. აქედან გამომდინარე, მას განსაკუთრებული ღირებულება აქვს. ამ პროექტის ფარგლებში უწყებათაშორისი თანამშრომლობა ძალიან მნიშვნელოვანია და განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო კულტურის სამინისტროს ამ პროექტის წარმატებით განხორციელებისთვის. სამუშაოები მიმდინარე წელს უნდა დასრულდეს და ჩვენ საშუალება გვექნება, რომ ეს უმნიშვნელოვანესი, „ღია ცის ქვეშ მუზეუმი“ გაიხსნას და ტურისტები მოვიზიდოთ“, – განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა.

არქეოლოგიური ძეგლის დაცვისა და მისი შემდგომი განვითარების მიზნით რამდენიმე უწყება აქტიურად თანამშრომლობს. შესრულებულია „გადაჭრილი გორას“ პროექტი, რომელიც ითვალისწინებს საგზაო და საინჟინრო ინფრასტრუქტურის მოწყობას, შემდგომ კი იგეგმება მუზეუმის გაკეთება, საპარკინგე ინფრასტრუქტურის და დამატებითი ტურისტული ატრაქციების მოწყობა. როგორც ლევან დავითაშვილი აღნიშნავს, ეს ყველაფერი კერძო სექტორს და ბიზნესს ინვესტიციების განხორციელების საშუალებას მისცემს. ამასთან, მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ „გადაჭრილი გორა“ არამხოლოდ სამეცნიერო კუთხით იქნას შენარჩუნებული – კონსერვაციის მიზნით, არამედ მოხდეს მისი ტურისტული პოტენციალის გამოყენება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0