„ესთეტიკური ცენტრებისა და სილამაზის სალონების რეგისტრაცია სავალდებულო ხდება. 1-ლი ოქტომბრიდან, ყველა ის დაწესებულება, რომელიც რეგისტრაციის გარეშე განაგრძობს საქმიანობას, დაჯარიმდება,“ – აღნიშნული განცხადება დღეს გამართულ ბრიფინგზე შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ, ვალერი კვარაცხელიამ გააკეთა.
ცვლილება „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ კანონში შედის. ესთეტიკური ცენტრებისა და სილამაზის სალონების სავალდებულო რეგისტრაცია C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის ფარგლებში, ინფექციების პრევენციისა და სანიტარული ნორმების დაცვის მიზნით ხორციელდება. ცვლილების შესაბამისად, ინფექციების პრევენციის მიზნით, ესთეტიკური და კოსმეტიკური ცენტრები 1-ელ ოქტომბრამდე ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში უნდა დარეგისტრირდნენ. ამისთვის, საზოგადოებრივი მნიშვნელობის დაწესებულებებმა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს უნდა მიმართონ.
რეგისტრაციის შესახებ დამატებითი ინფორმაცია შრომის, ჯანმრთელობისა და სოაციალური დაცვის სამინისტროს ვებ-გვერდზეა განთავსებული: http://www.moh.gov.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=709
1-ელი ოქტომბრის შემდეგ, მონიტორინგს საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახურები მთელი ქვეყნის მასშტაბით განახორციელებენ. არარეგისტრირებულ დაწესებულებებს კი ფულადი სანქცია დაეკისრებათ.
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ დღეს გამართულ ბრიფინგზე ინფექციის გავრცელების მიმართულებით პრევენციული ღონისძიებებისა და C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაში ინფექციის დროული გამოვლენის მნიშვნელობაზე ისაუბრა. „ჩვენ გავაძლიერეთ სკრინინგი, სტაციონარებს დაევალათ, რომ ყველა პაციენტი შემოწმდეს C ჰეპატიტზე,მომავალი წლიდან კი ვგეგმავთ, ამბულატორიებზეც იგივე ღონისძიებები გავატაროთ. ამას გარდა რეგიონალურ ცენტრებში ყველგან მიმდინარეობს სკრინინგი, ასევე სკრინინგი ხდება მოძრავი ამბულატორიების მეშვეობით, ეს მოგვცემს საშუალებას, რომ C ჰეპატიტის ელიმინაცია ქვეყანაში იმაზე ადრე განხორციელდეს, ვიდრე ვპროგნოზირებდით,“ – განაცხადა ვალერი კვარაცხელიამ. მანვე მკურნალობის პროცესში ჩართული და მომლოდინე პაციენტების შესახებ სტატისტიკური ინფორმაცია წარმოადგინა. „ამ დროისთვის პროგრამაში 24.000 ადამიანია რეგისტრირებული, განკურნების მაჩვენებელი კი 90%-ს შეადგენს,“ – აღნიშნა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ.
ესთეტიკური დაწესებულებების რეგისტრაცია სავალდებულო ხდება
27/09/2016