„გამოცდილება გვკარნახობს, რომ თუ არის საკითხები, რომელიც ჩვენთვის ეროვნული მნიშვნელობისაა, აუცილებელია, რომ დროულად იყოს განხილული, შეთანხმებული და კონსტიტუციით მოწესრიგებული, რომლის შეხებაც და შეცვლაც რთულია. კონსტიტუციის ცვლილებას დღეის მდგომარეობით, სჭირდება სამი მეოთხედი იმისთვის, რომ მყისიერად შევიდეს ძალაში, ამიტომ ის ყველაზე მტკიცე საკანონმდებლო აქტია, რომელიც დაცულია პოლიტიკური მიზანშეწონილობით რაღაც საკითხების გადაწყვეტიდან“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ქუთაისში, საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიის მოსახლეობასთან პირველ შეხვედრაზე.
შეხვედრაზე განიხილება „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციური კანონპროექტები. შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ქუთაისი დაკავშირებულია არა მხოლოდ ჩვენს ისტორიასთან, არამედ ტრადიციებთან, ფასეულობებთან და ღირებულებებთან.
„ჩვენი დღევანდელი განხილვის თემაც ისეთია, რომელიც ზუსტად ამ ქალაქს ეკადრება. როგორც იცით, საქართველოს პარლამენტში დაინიცირდა ცვლილებები, რომელიც ეხება ერთი მხრივ, კონსტიტუციის 30-ე მუხლში ცვლილებას და ამავე დროს, ეხება კონსტიტუციური კანონის ცალკე მიღებას. მიზეზი და საფუძველი ამ ცვლილების ინიცირების არის ის ტენდენციები, რომელსაც ჩვენ ყველა ვაკვირდებით ბოლო პერიოდში. გამოცდილება გვაჩვენებს, რომ რა ტენდენციებიც არის ხოლმე მსოფლიოში, გარკვეული პერიოდის შემდეგ ჩვენთანაც შეიძლება გადმოვიდეს. ამიტომ, აქედანვე უნდა ჩამოვყალიბდეთ ამ მხრივ ჩვენს ოჯახურ ღირებულებებთან დაკავშირებით – რა არის ჩვენი ფასეულობა, რა არის ის კალაპოტი, რომელშიც გვინდა, რომ ჩვენმა საზოგადოებამ იმოძრაოს“, – აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ, რომელიც საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიას ხელმძღვანელობს.
16 აპრილს პარლამენტმა მიიღო დადგენილება, რომლის საფუძველზეც 17 აპრილიდან საყოველთაო-სახალხო განხილვის კომისია მუშაობას შეუდგა. მოსახლეობასთან შეხვედრები საქართველოს სხვადასხვა ქალაქში გაიმართება. პარლამენტის თავმჯდომარემ, სიტყვით გამოსვლისას ყურადღება გაამახვილა საკითხის აქტუალობაზე და ამ ეტაპზე მისი განხილვის საჭიროებაზე.
„მე, ისევე როგორც ჩვენი კოლეგები, ვიყავი 2017 წლის საკონსტიტუციო კომისიის წევრი, როდესაც კონსტიტუციის ცვლილების ბოლო რედაქცია, ირაკლის კობახიძის ხელმძღვანელობით შემუშავდა და მივიღეთ. ცვლილებით კონსტიტუციის 30-ე მუხლში ჩაიწერა – „ქორწინება, როგორც ქალის და მამაკაცის კავშირი“ და მაშინაც იყო ზუსტად იგივე არგუმენტი – კი, მაგრამ „სამოქალაქო კოდექსში“ ეს ისედაც ასეა მოწესრიგებული და რა საჭიროა კონსტიტუციაში ამის ჩაწერა? კონსტიტუციით საკითხის გამყარება არის აბსოლუტურად სხვა დონე, სხვა სიმტკიცე და ასევე სხვა პოზიცია მთლიანად ერის და ხალხის, რაღაც საკითხებთან დაკავშირებით. მაშინაც იყო საუბარი, რომ იმ მომენტში შეიძლება არ იყო აქტუალური, მაგრამ ტენდენციები ჩანდა, რომ ეს აქტუალური გახდებოდა საქართველოშიც. მართლაც, 2017 წლის შემდეგ რამდენიმე წელი დასჭირდა, რომ ეს საკითხები – ერთნაირსქესიანთა ქორწინებასთან დაკავშირებით საქართველოში კვლავ წამოწეულიყო“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.
საკონსტიტუციო ცვლილებების თანახმად, საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლს ემატება შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი: „ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვა უზრუნველყოფილია საქართველოს კონსტიტუციური კანონით, რომელიც საქართველოს კონსტიტუციის განუყოფელი ნაწილია“.
„ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციურ კანონპროექტით განისაზღვრება ქორწინებასთან, არასრულწლოვანის შვილად აყვანასა და მინდობით აღზრდასთან, ადამიანის სქესის შესაცვლელად სამედიცინო ჩარევის განხორციელებასთან, ოფიციალურ დოკუმენტში სქესის მითითებასთან, სქესობრივი ნიშნით განსაზღვრული ცნებების გამოყენებასთან, შეკრებასა და ინფორმაციის გავრცელებასთან დაკავშირებული სხვადასხვა საკითხი.
კანონპროექტის მიზანია, ქალისა და მამაკაცის კავშირზე დაფუძნებული ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის საუკეთესო ინტერესების დაცვის მექანიზმების გაძლიერება.