ეროვნული თავდაცვის უმაღლესი კურსი იწყება საქართველოს თავდაცვის სამინისტროში ეროვნული თავდაცვის უმაღლესი კურსი იწყება. სემინარი ხვალ კაჭრეთში, სასტუმრო „ამბასადორში“ ოფიციალურად გაიხსნება. დღეს კი, თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის (DIB) სკოლაში კურსის მონაწილეებს თავდაცვის მინისტრის მოადგილე ნუკრი გელაშვილი და ესტონეთის ელჩი საქართველოში კაი კარელსონი მიესალმნენ. მათ კურსის მნიშვნელობაზე გაამახვილეს ყურადღება და მონაწილეებს წარმატებები უსურვეს. ეროვნული თავდაცვის უმაღლესი კურსის მიზანია საქართველოს უსაფრთხოების სისტემის მიმოხილვა რეგიონულ და საერთაშორისო კონტექსტში, ასევე ქვეყნის თითოეული მოქალაქის როლისა და პასუხისმგებლობის ანალიზი ეროვნული თავდაცვისა და უსაფრთხოების სისტემის ფორმირების პროცესში. სემინარი კაჭრეთში ოთხი დღის განმავლობაში გაგრძელდება. საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და შეიარაღებული ძალების თანამშრომლებთან ერთად სემინარის მონაწილეები სხვადასხვა სახელმწიფო უწყების ხელმძღვანელ თანამდებობებზე მომუშავე პირები, სასამართლო ხელისუფლების, არასამთავრობო სექტორისა და მედიის წარმომადგენლები არიან. კურსის განმავლობაში მონაწილეები თანამედროვე საერთაშორისო უსაფრთხოების სისტემაზე, საერთაშორისო ეკონომიკურ უსაფრთხოებასა და მის გავლენას საქართველოზე, რეგიონული უსაფრთხოების გარემოსა და საქართველოს როლზე შავი ზღვის უსაფრთხოების არქიტექტურაში, კავკასიაში მიმდინარე კონფლიქტებსა და საქართველოს ურთიერთობებზე მეზობელ ქვეყნებთან, საქართველოს საგარეო პრიორიტეტებსა და მიღწევებზე, თავდაცვის პოლიტიკის პრიორიტეტებსა და ეროვნული უსაფრთხეობსი სამხედრო კომპონენტზე, სამოქალაქო საზოგადოების როლზე ეროვნული უსაფრთხოების ფორმირების პროცესსა და ეროვნული უსაფრთხოების სისტემაში მედიის როლზე იმსჯელებენ. სემინარის პარალელურად მონაწილეებს სიმულაციურ კრიზისის სცენარზეც მოუწევთ მუშაობა. სემინარის ფარგლებში მონაწილეები უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის სფეროებში მომუშავე უმაღლესი თანამდებობების პირების, საკანონმდებლო ორგანოსა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების პრეზენტაციებს მოისმენენ. თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია კურსის მონაწილეებს თავდაცვის პოლიტიკირ პრიორიტეტების შესახებ ლექციას წაიკითხავს, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის ვიქტორ დოლიძის მოხსენება ევროატლანტიკურ უსფართხოებასა და საქართველოს შეეხება, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე კი, საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებსა და მიღწევებზე ისაუბრებს. ეროვნული თავდაცვის უმაღლესი კურსი სკანდინავიისა და ბალტიისპირეთის ქვეყნებში ადაპტირებული კურსების მსგავსად ჩამოყალიბდა და ესტონეთის თავდაცვის სამინისტროს მხარდაჭერით საქართველოში მეექვსედ ტარდება. კურსი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სსიპ თავდაცვის ინსტიტუციური აღმშნებელობის (DIB) სკოლის ორგანიზებითა და ნატოს პროფესიული განვითარების პროგრამის (PDP) მხარდაჭერით ტარდება.
ეროვნული თავდაცვის უმაღლესი კურსი იწყება
03/07/2017