ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტის კვლევების ლოგიკას თუ გავყვებით, მიმდინარე წლის საპარლამენტო არჩევნებში „ქართული ოცნება“ დამაჯერებლად გაიმარჯვებს

16/01/2020

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მიერ გამოქვეყნებულ კვლევებთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართა და წლების განმავლობაში აღნიშნული ორგანიზაციის მიერ დაკვეთილი კვლევების მონაცემების დიაგრამები წარმოადგინა. მამუკა მდინარაძის განცხადებით, NDI-ს კვლევების აბსოლუტური უმრავლესობა საველე პირობებში CRRC-ის მიერ ჩატარდა, რომელიც ნაციონალურ მოძრაობასთან არის დაკავშირებული. რაც შეეხება „ქართული ოცნების“ შესახებ კვლევების პროგნოზს და არსებულ შედეგებს, იგი შემდეგნაირად გამოიყურება:

2012 წლის პროგნოზი 18%, საპარლამენტო არჩევნების შედეგი – 54,97%;
2013 წლის პროგნოზი 29-39%, ქართული ოცნების საპრეზიდენტო კანდიდატის მიერ ნაჩვენები შედეგი – 62%;
2015-2016 წლებში პროგნოზი 15-20%, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ქართული ოცნების შედეგი – 49%.
„ბოლო კვლევები, რომელიც ისევ CRRC-მა ჩაატარა აპრილში, გვაჩვენებს, რომ მაჩვენებელი არის 17%, ხოლო 2019 წლის ივნისის მონაცემებს ემთხვევა ასევე დღევანდელი მოცემულობით ის მაჩვენებელი, რაც წარმოგვიდგინა NDI-ს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელმა. აქაც პროგნოზი არის ძალიან მარტივი – ამ მაჩვენებლებით თუ შესაბამის ლოგიკას გავყვებით ქართული ოცნება მიმდინარე წლის საპარლამენტო არჩევნებში დამაჯერებლად გაიმარჯვებს“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ბრიფინგზე NDI-ის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელთან, ლორა თორნტონთან დღეს გამართულ შეხვედრის შესახებაც ისაუბრა.

„დღეს ქალბატონ ლორასთან ძალიან ხანგრძლივი და გულწრფელი საუბარი მქონდა. გვაქვს შეთანხმება უახლოეს დღეებში გავმართოთ დისკუსია ამ საკითხებთან დაკავშირებით, რადგან არსებობს კითხვები, რომლებზეც საბოლოო, ამომწურავი პასუხები არ არსებობს. დარწმუნებული ვარ ამ შეთანხმების პირობების შესრულების შემდეგ, ჩვენ დავაახლოებთ პოზიციებს და ყველანი ერთად ვეცდებით, ეს კვლევებიც შედარებით ობიექტური გახდეს“, – აღნიშნა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0