ეროვნული ბანკი მონეტარული პოლიტიკის კომუნიკაციის ახალ ეტაპზე გადავიდა, რაც საზოგადოებასთან, ასევე სხვადასხვა დაინტერესებულ ჯგუფებთან ურთიერთობის გააქტიურებას გულისხმობს. მონეტარული პოლიტიკის ძირითადი საკომუნიკაციო დოკუმენტი ინფლაციის მიმოხილვაა, რომელსაც ეროვნული ბანკი კვარტალში ერთხელ აქვეყნებს.
”კომუნიკაციის ახალი სტრატეგიის შესაბამისად, აღნიშნულ მიმოხილვაში უფრო მეტი ყურადღება დაეთმობა ანალიზზე დაფუძნებულ სავარაუდო პროგნოზებს, როგორიცაა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის საპროგნოზო დინამიკა. ეს პროგნოზი, რა თქმა უნდა, არ გულისხმობს ეროვნული ბანკის დანაპირებს მონეტარული პოლიტიკის შემდგომ გადაწყვეტილებებზე. იგი წარმოადგენს მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის საორიენტაციო ტრაექტორიას დღეს არსებული ინფორმაციისა და პროგნოზის საფუძველზე”, – განმარტავენ ეროვნულ ბანკში.
მათივე ინფორმაციით, განაკვეთის პროგნოზი მომავალი პუბლიკაციების დროს განახლდება ახალი მონაცემებისა და განახლებული პროგნოზების შესაბამისად.
შინაარსის განახლების შესაბამისად, მაისის თვიდან „ინფლაციის მიმოხილვა” ახალი სახელით „მონეტარული პოლიტიკის ანგარიში” გამოქვეყნდება.
გამოცემის ნახვა შესაძლებელია ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებგვერდზე “კვლევებისა და გამოცემების” რუბრიკაში, მისამართზე: https://www.nbg.gov.ge/index.php?m=349