ერთობლივი ძალისხმევით და აქტიური თანამშრომლობით შევძლებთ ქიმიური ნივთიერებების მართვისა და უსაფრთხოების სფეროში მნიშვნელოვანი პროგრესის მიღწევას

08/11/2022

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მასობრივი განადგურების იარაღის ტერორიზმთან ბრძოლის (WMDT) სამმართველოს, უკრაინის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების ცენტრსა (STCU) და კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვით ცენტრს (RECC) შორის სამწლიანი პროექტის „ქიმიური უსაფრთხოების ინსტიტუციური შესაძლებლობების გაძლიერება საქართველოში” განხორციელების შეთანხმებას მოეწერა ხელი.
პროექტი ითვალისწინებს ქიმიური უსაფრთხოების სფეროში საკანონმდებლო ბაზისა და ინსტიტუციურ შესაძლებლობების გაძლიერებას, მასობრივი განადგურების იარაღის (WMD) გაუვრცელებლობის, კონტრტერორიზმის, ადამიანის ჯანმრთელობისა და გარემოს დაცვის სფეროში ეროვნულ და საერთაშორისო მიზნების მისაღწევად. ახალი პროექტის ბიუჯეტი 1 500 000 აშშ დოლარს შეადგენს. როგორც შეხვედრაზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, სოლომონ პავლიაშვილმა აღნიშნა, პროექტი ხელს შეუწყობს ქიმიური უსაფრთხოების სფეროში საერთაშორისო მიდგომების დანერგვას აშშ-ის და ევროკავშირის ქვეყნების გამოცდილების გაზიარების გზით, საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპერტების აქტიური ჩართულობით.

“შევიმუშავეთ ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული და ბირთვული საფრთხეების შემცირების 2021−2030 წლების ეროვნული სტრატეგია და მოქმედებების გეგმა, რომლის საფუძველზეც განსახორციელებელი გვაქვს კონკრეტული ვალდებულებები თანამედროვე მოთხოვნებისა და მიდგომების გათვალისწინებით. ახალი პროექტი ქიმიური ლაბორატორიული მონიტორინგისა და კონტროლის სისტემის გაძლიერებას, ქიმიური ნივთიერებების და ნარევების მონაცემთა ბაზის შექმნას, ინსტიტუციური შესაძლებლობების გაძლიერებასა და საზოგადოების ცნობიერების ამაღლების ღონისძიებებს ითვალისწინებს. იმედი მაქვს, ერთობლივი ძალისხმევით და აქტიური თანამშრომლობით შევძლებთ ქიმიური ნივთიერებების მართვისა და უსაფრთხოების სფეროში მნიშვნელოვანი პროგრესის მიღწევას, ჩვენს პარტნიორებთან ერთად“, – განაცხადა სოლომონ პავლიაშვილმა.

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მასობრივი განადგურების იარაღის ტერორიზმთან ბრძოლის (WMDT) სამმართველოს წარმომადგენლის, დევიდ შნაარსის განცხადებით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით ხელი მოეწერა ძალიან მნიშვნელოვან შეთანხმებას, საქართველოში ქიმიური ნივთიერებების მართვისა და უსაფრთხოების გაძლიერებისთვის.

„მოხარული ვართ, რომ ამ პარტნიორობის მონაწილე მხარე ვართ, რაც მოითხოვს აღნიშნული მიმართულებებით ძალიან დიდ ძალისხმევას ყველა მონაწილე მხარის ჩართულობით“, – განაცხადა დევიდ შნაარსმა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0