თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ამერიკის შეერთებულ შტატებს მისი პოლიტიკური ოპონენტისა და საზოგადო მოღვაწის ფეთჰულა გიულენის ექსტრადიცია მოსთხოვა. აღნიშნულ ინფორმაციას „ბი-ბი-სი“ ავრცელებს.
„მივმართავ აშშ-ის პრეზიდენტ ბარაკ ობამას. აქამდეც არაერთხელ მითქვამს მათთვის, ან დეპორტაცია გაეკეთებინათ გიულენისთვის ან თურქეთისთვის გადმოეცათ, მაშინ არ მომისმინეს. ახლა, ამ სამხედრო გადატრიალების მცდელობის შემდეგ, მე კვლავ ვთხოვ აშშ-ს გადმოსცეს გიულენი თურქეთს. თუ ჩვენ ნამდვილად ვართ სტრატეგიული პარტნიორები, ვაშნგტონი გაითვალისწინებს ჩემს მოთხოვნას“, – ნათქვამია ერდოღანის განცხადებაში.
თავად ფეთჰულა გიულენმა სახელმწიფო გადატრიალებაში თანამონაწილეობა უკვე უარყო და თურქეთში მიმდინარე მოვლენები დაგმო.
ბარაკ ობამას თურქეთის პირველი პირის მოთხოვნაზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა კი გუშინ განაცხადა, რომ თურქეთს, პირველ რიგში, ფეთჰულა გიულენის ბრალეულობის დამტკიცება მოუწევს.
თურქეთში სამხედრო გადატრიალების მცდელობა პარასკევს ღამით იყო. მეამბოხეებსა და სახელისუფლებო ძალებს შორის დაპირისპირებას 270-მდე ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.