ეპიდემიოლოგიური ვითარება საკმაოდ საყურადღებოა

09/09/2020

თეატრები და კინოთეატრები, ასევე ბავშვთა გასართობი ცენტრები პირველი ნოემბრიდან გაიხსნება; 10 სექტემბრიდან იკრძალება ე.წ. სოციალური თუ სარიტუალო ღონისძიებები, როგორებიცაა იუბილე, ქორწილი, ქელეხი და სხვა, მათ შორის ღია სივრცეში; 10 სექტემბრიდან, ღია ცის ქვეშ დაგეგმილ კულტურულ და სპორტულ ღონისძიებებზე დამსწრეთა რაოდენობა 200 ადამიანამდე იზღუდება; თუმცა აღნიშნული შეზღუდვები საარჩევნო აგიტაციასა და პოლიტიკურ პროცესზე არ გავრცელდება; ჯანმრთელობის უსაფრთხოებიდან გამომდინარე, საკოორდინაციო საბჭომ სკოლებში საზეიმო ღონისძიებების გაუქმების რეკომენდაცია გასცა, – აღნიშნული გადაწყვეტილება საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით მოქმედმა უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე მიიღო. დამატებითი შეზღუდვების დაწესების შესახებ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ ბრიფინგზე მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ისაუბრა. ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, უწყებათაშორისი საბჭოს გასულ სხდომებზე მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, თეატრებსა და კინოთეატრებთან დაკავშირებით შეზღუდვების შემსუბუქება 15 სექტემბრიდან იგეგმებოდა, თუმცა ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, მათი გახსნა, ისევე, როგორც ბავშვთა გასართობი ცენტრების ფუნქციონირების განახლება, 1-ელ ნოემბრამდე გადაიდო. გარდა ამისა, სარიტუალო ღონისძიებების დახურულ სივრცეში ჩატარებაზე მოქმედი შეზღუდვა ღია სივრცეებზეც გავრცელდება, კერძოდ, 10 სექტემბრიდან, ე.წ. სოციალური ღონისძიებები, როგორებიცაა იუბილე, ქორწილი, ქელეხი და ა.შ, სრულად აიკრძალება.

„ეპიდემიოლოგიური ვითარება საკმაოდ საყურადღებოა, შესაბამისად, უწყებათაშორისმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, ცალკეული შეზღუდვების დაწესების და კონკრეტული რეგულაციების გამკაცრების შესახებ, რაც 10 სექტემბრიდან შევა ძალაში. გვესმის, რომ დისკომფორტი შეიძლება შეექმნათ იმ ადამიანებს, რომლებსაც გარკვეული გეგმები გააჩნდათ, მაგრამ ვითვალისწინებთ არსებულ მდგომარეობას და ხვალიდან სოციალური ღონისძიებები აიკრძალება – იგულისხმება ქორწილები, ქელეხები, იუბილეები. ეს შეზღუდვა დახურულ სივრცეში დღეის მდგომარეობითაც მოქმედებს, თუმცა ხვალიდან ღია სივრცეებზეც გავრცელდება “, – განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

რაც შეეხება ღია ცის ქვეშ დაგეგმილ სპორტულ და კულტურულ ღონისძიებებს, მათზე დამსწრე აუდიტორიის მაქსიმალური რაოდენობა 200 ადამიანით განისაზღვრა. ასევე, 10 სექტემბრიდან იკრძალება კულტურული და სპორტული ღონისძიებები 200-ზე მეტი ადამიანის მონაწილეობით, აღნიშნული რეგულაციების შეუსრულებლობის შემთხვევაში კი იმოქმედებს კანონით გათვალისწინებული სანქციები. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით დაწესებული შეზღუდვები არ გავრცელდება საარჩევნო პროცესსა და აგიტაციასთან დაკავშირებულ ღონისძიებებზე. საბჭო საარჩევნო სუბიექტებს მოუწოდებს, გამოიჩინონ მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობა და მაქსიმალურად დაიცვან წესები, რაც გულისხმობს, როგორც 2-მეტრიანი სოციალური დისტანციის დაცვას, ისე პირბადის გამოყენებას ყველგან, სადაც ეს, მთავრობის დადგენილების შესაბამისად, სავალდებულოა.

„ვაცნობიერებთ, რომ მიმდინარეობს წინასაარჩევნო კამპანია და რა თქმა უნდა, ყველა ის შეზღუდვა, რომელიც ეხება კულტურულ და სპორტულ ღონისძიებებს, საარჩევნო აგიტაციას არ ეხება,” – განაცხადა მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა.

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო მოქალაქეებს მოუწოდებს, მაქსიმალურად შეასრულონ წესები, გამოიჩინონ მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობა, ატარონ პირბადეები და დაიცვან დისტანცია. გარდა ამისა, გამკაცრდება დადგენილი რეგულაციების აღსრულების კონტროლი.

„პირბადეების გამოყენება მკაცრად გაკონტროლდება შესაბამისი სახელმწიფო უწყებების მიერ. კიდევ უფრო აქტიურად იმუშავებს როგორც პოლიცია, ასევე შრომის ინსპექცია. მოგეხსენებათ, პირბადეების ტარება სავალდებულოა მათ შორის საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილებისას, დახურულ სივრცეებში, საერთო სარგებლობის ლიფტებში და ა.შ. რისი აღსრულებაც აქტიურად გაკონტროლდება და მიდგომა იქნება მაქსიმალურად მკაცრი. ამიტომ, ყველას კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ, დაიცვან დადგენილი წესები”, – აღნიშნა ნათია მეზვრიშვილმა.

ამასთან, ჯანმრთელობის უსაფრთხოებიდან გამომდინარე, უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ გასცა რეკომენდაცია სკოლებში საზეიმო ღონისძიებების გაუქმების შესახებ. საბჭომ ასევე მიიღო გადაწყვეტილებები კოვიდინფიცირებული პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობის მართვის კუთხით. კერძოდ, კორონავირუსით ინფიცირებული უსიმპტომო პაციენტები მკურნალობას საკარანტინო სივრცეში განაგრძობენ. ამ მიზნით შესაბამისი სასტუმროები სამ დიდ ქალაქში – თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში გამოიყო. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, არასრულწლოვნები, 65 წელს გადაცილებული და სხვა თანმხლები ქრონიკული დაავადებების მქონე პაციენტები სასტუმროებში სამკურნალოდ არ გადავლენ. დღევანდელი მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1773 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, საიდანაც 1325 პირი გამოჯანმრთელდა. უცხოეთიდან სამკურნალოდ საქართველოში გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე. გარდაცვლილია 19 ადამიანი.
ამ ეტაპზე კარანტინში იმყოფება 5882 ადამიანი, ხოლო სტაციონარში, მეთვალყურეობის ქვეშ – 390 პირი. პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მუშაობაში აქტიურად მონაწილეობენ საქართველოს პარლამენტი, თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძის ხელმძღვანელობით და პრეზიდენტის ადმინისტრაცია.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0