ენჯეოები აქტიურად ცდილობენ, თავს დაესხან მართლმადიდებლურ ეკლესიას

17/04/2024

პრემიერ-მინისტრმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით პრესკონფერენცია გამართა:
“მინდა გამოვეხმაურო საქართველოს პარლამენტის მიერ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის პირველი მოსმენით მიღებას. საპარლამენტო განხილვამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ კანონპროექტის ოპონენტებს არ აქვთ არცერთი, არავითარი არგუმენტი მის წინააღმდეგ. სინამდვილეში კანონი არის სწორედ რომ ევროპული, რადგან ეფუძნება ერთ-ერთ უმთავრეს ევროპულ ღირებულებას – ეს არის სწორედ გამჭვირვალობა და ანგარიშვალდებულება. ასევე ევროპულთან ერთად ეს კანონპროექტი არის ქართული, იქიდან გამომდინარე, რომ იცავს საქართველოს სახელმწიფოებრიობის უმთავრეს პრინციპს – სახელმწიფო ეროვნულ სუვერენიტეტს. კანონპროექტი ითვალისწინებს ერთადერთ რამეს – უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციების მიერ მიღებული და დახარჯული ფულის ყოველწლიურ დეკლარირებას. ეს არის გამჭვირვალობის მინიმალური სტანდარტი. ყველას მოგეხსენებათ, რომ გამჭვირვალობის ამაზე ბევრად უფრო მკაცრი სტანდარტი მოქმედებს ამერიკის შეერთებულ შტატებში, ასევე ევროკომისიამ მოიწონა ბევრად უფრო მკაცრი სტანდარტების მქონე კანონპროექტი, აგრეთვე ევროკავშირის წევრ არაერთ ქვეყანაში მოქმედებს ბევრად უფრო მკაცრი სტანდარტით შესაბამისი კანონები. გახსოვთ, შარშან და წელსაც იტყუებოდნენ, თითქოს ისედაც ყველაფერი იყო გამჭვირვალე, თითქოს სახელმწიფო უწყებებს ისედაც მიეწოდებოდათ ყველა ინფორმაცია არასამთავრობო ორგანიზაციებთან დაკავშირებით, რაც საპარლამენტო განხილვებმაც დაადასტურა, რომ იყო აბსოლუტური ტყუილი. სინამდვილეში ჩვენ ამოვიღეთ შვიდი, მათ შორის ყველაზე მდიდარი, ორგანიზაციის მონაცემები და გაირკვა, რომ მაქსიმუმ 18% ამ ორგანიზაციების ფინანსების იყო არა გამჭვირვალე, არამედ ხელმისაწვდომი უბრალოდ სახელმწიფო უწყებებისთვის. რაც შეეხება საჯაროობას, ამ თანხების ნული პროცენტი არის საჯარო. ასევე არასამთავრობო ორგანიზაციების დიდი ნაწილი საერთოდ თავს იკავებს საკუთარი ფინანსების გასაჯაროებისგან. უნდა დაისვას მარტივი კითხვა – როდესაც ფულს იღებ და ხარჯავ, რატომ არ უნდა გინდოდეს ამ ფულის საზოგადოებისთვის ჩვენება? ფულს იღებ, ფულს ხარჯავ, რატომ უმალავ ამას საზოგადოებას? რატომ არ გინდა, რომ საზოგადოებისთვის ეს ყველაფერი იყოს გამჭვირვალე, თუ საკუთარ კეთილსინდისიერებაში ხარ დარწმუნებული. ამ კითხვაზე პასუხი უბრალოდ არ არსებობს – თუ ხარ კეთილსინდისიერი, იღებ ფულს, ხარჯავ ფულს, რატომ არ გინდა ხალხისთვის ამის ჩვენება? უბრალოდ პასუხი არ არსებობს ამასთან დაკავშირებით. რაც შეეხება იმას, თუ ვის წინააღმდეგ არის ეს კანონპროექტი მიმართული. გამჭვირვალობა ვერ იქნება ვერავის წინააღმდეგ მიმართული. მით უმეტეს, ის ვერ გაარჩევს მტრებსა და მეგობრებს ერთმანეთისგან. გამჭვირვალობა თანაბრად ვრცელდება ყველაზე – მტერზეც და მეგობარზეც, მათ შორის კეთილსინდისიერზეც და არაკეთილსინდისიერ სუბიექტზეც. ის, რომ საქართველოს მთავრობა არის სრულად გამჭვირვალე საზოგადოების წინაშე, თქვენ იცით, რომ ჩვენ ვაქვეყნებთ ყველა სამთავრობო განკარგულებას, ეს არ ნიშნავს, რომ საკუთარ თავს ვინმეს მტრად განვიხილავთ. გამჭვირვალობა არის სწორედ, პირველ რიგში, მეგობრების პასუხისმგებლობა და საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებულება. რაც შეეხება პრორუსული ძალების გავლენებს საქართველოში, მინდა, შეგახსენოთ, 2012 წლიდან, 2012, 2013, 2014 წლებში, ტარდებოდა ეროვნული არჩევნები, მაშინ პრორუსული პარტიები და კანდიდატები არჩევნებში იღებდნენ ხოლმე დაახლოებით ხმების 20 პროცენტს. ეს ხდებოდა ჩვენი ხელისუფლებაში მოსვლის პირველ წლებში. დღეს პრორუსული ძალები პრაქტიკულად გამქრალი არიან პოლიტიკური სივრციდან. ერთადერთი ორგანიზაცია, რომელიც აქტიურობდა ბოლო პერიოდში, ეს გახლავთ – „ალტ-ინფო”, მას აქვს დღეს ეგზისტენციური პრობლემები. შესაბამისად, ყველა ვხედავთ, რომ გასული 12 წლის განმავლობაში ჩვენ ბევრი რამ, ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის, რომ ამ კონკრეტული მიმართულებით სახელმწიფო სუვერენიტეტის რისკები შემცირებულიყო მინიმუმამდე და ამ შედეგს ჩვენ რეალურად მივაღწიეთ. თუმცა, რა თქმა უნდა, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონი, ბუნებრივია, ჩვენ დამატებით დახმარებას გაგვიწევს ამ მიმართულებითაც. ასევე მინდა აღვნიშნო, რომ საქართველოს სუვერენიტეტს აქვს გამოწვევები არაერთი სხვა მიმართულებითაც, შეგნებულად თავს შევიკავებ დაკონკრეტებისგან, რას ვგულისხმობ ამაში. ამ მიმართულებითაც, რასაც არ ვაკონკრეტებ შეგნებულად, ობიექტური მიზეზების გამო „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონი სერიოზულ დახმარებას გაგვიწევს, იმისათვის, რომ უზრუნველყოფილი იყოს სახელმწიფო სუვერენიტეტის დაცვა სხვადასხვა მხრიდან. რაც შეეხება დასავლეთს – ამაზე იყო საუბარი ოპოზიციის მხრიდან, რომ თითქოს ჩვენ განვიხილავთ მტრად დასავლეთს. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ გამჭვირვალობა არ არის მტრებისა და მეგობრების გარჩევის არავითარი კრიტერიუმი. პირველ რიგში, რა თქმა უნდა, მეგობარი უნდა იყოს გამჭვირვალე, ეს არის მეგობრის პასუხისმგებლობა ქართული საზოგადოების წინაშე. ჩვენ ღიად ვსაუბრობდით თავიდანვე გარკვეულ მანკიერ გამოვლინებებზე, რაც გვაწუხებდა და ღიად ვუზიარებდით ამაზე შეხედულებებს ჩვენს პარტნიორებს. ამის საფუძველზე ჩვენ აბსოლუტურად ღიად შეხვედრებზე ვთხოვდით ჩვენს პარტნიორებს, რომ მათი საქმიანობა გამხდარიყო გამჭვირვალე. იყო პირვანდელი დაპირებები, თუმცა, სამწუხაროდ, ამის მიუხედავად, მაინც არ იქნა უზრუნველყოფილი გამჭვირვალობა. კიდევ ერთხელ მინდა, შეგახსენოთ ის მანკიერებები, რაც ჩვენ გვაწუხებდა და კიდევ გვაწუხებს, საუბარია ენჯეოების საქმიანობაზე. პირველ რიგში, ღიად რომ ვისაუბროთ, 2020 და 2022 წლებში ენჯეოებს ჰქონდათ საქართველოში რევოლუციის მოწყობის ორი მცდელობა. ყველას გახსოვთ საქართველოში რა მოხდა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ. როგორ გაყალბდა ე.წ. პივიტი პარალელური ხმის დათვლის შედეგები, როგორ დაჭირდათ ხუთი კვირა ამის აღიარებისთვის, ასევე როგორ გაავრცელეს ყალბი ინფორმაცია ე.წ. ზედმეტობებთან დაკავშირებით, იმასთან დაკავშირებით, თითქოს ცესკომ დაგვიანებით გამოაქვეყნა არჩევნების შედეგები. ამ ყველაფრის საფუძველზე მათ გამოაქვეყნეს ყალბი დასკვნა იმის შესახებ, თითქოს ეს არჩევნები იყო ყველაზე ცუდი ისტორიაში – ეს არის მათი დასკვნიდან ციტატა. ამან შექმნა საბაბი რადიკალური ოპოზიციისთვის, რომ მათ დაეწყოთ საბოტაჟი, არ შემოსულიყვნენ პარლამენტში და საბოლოო ჯამში სწორედ ამ ენჯეოების ყალბმა დასკვნამ მოამზადა საფუძველი იმისთვის, რომ ჩვენ ხელი მოგვეწერა ანტიკონსტიტუციურ, კაბალურ პოლიტიკურ შეთანხმებაზე, რის საფუძველზეც დავთანხმდით ე.წ. 43-პროცენტიან ბარიერს. ყველას კარგად გვესმის, ჩვენ რომ ვერ აგვეღო 43 პროცენტი მუნიციპალურ არჩევნებში, ამ შემთხვევაში ჩატარდებოდა რიგგარეშე არჩევნები, რაც იყო მთელი ამ პროცესის მიზანი, შესაბამისად, მიზანი იყო ხალხის ნების წინააღმდეგ ხელისუფლების შეცვლა, რაც საბედნიეროდ ვერ მოხდა. ეს იყო პირველი რევოლუციური მცდელობა. რაც შეეხება მეორე მცდელობას, თქვენ გახსოვთ, როგორ განვითარდა პროცესები 2022 წლის ივნისში, მაშინ ეს ენჯეოები, რომლებიც შესაბამისი წყაროებიდან იღებდნენ დაფინანსებას, პირდაპირ ავიდნენ სცენაზე, მოითხოვეს მთავრობის გადადგომა და საკუთარი მონაწილეობით ტექნიკური მთავრობის შექმნა. ეს იყო პირდაპირი ჩართვა რევოლუციური პროცესში, პირდაპირი შესვლა პოლიტიკაში, რაც წესით ენჯეოემ არ უნდა გააკეთოს, მაგრამ ისინი წავიდნენ თვითლუსტრაციაზე, გამომდინარე იქიდან, რომ ჰქონდათ წარმატების იმედი, ანუ ვაბანკზე წავიდნენ ისინი და ამ ფორმით ჩაერთვნენ რევოლუციურ პროცესებში – აქ მინდა, მკაფიოდ ვთქვა ერთი რამ, მაშინ რომ ემოქმედა კანონს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ”, მგონია, რომ ენჯეოები ამ ყველაფერს ვერ გაბედავდნენ და დონორების რეპუტაციას უფრო მეტად გაუფრთხილდებოდნენ, თუმცა მაშინ, სამწუხაროდ, არ მოქმედებდა კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ”, შესაბამისად, ჩვენი სუვერენიტეტი ისე მყარად არ იყო დაცული. პირველი რაც გვაწუხებდა, ეს იყო რევოლუციის მცდელობები. ენჯეოები აქტიურად ცდილობენ, თავს დაესხან მართლმადიდებლურ ეკლესიას და შელახონ მისი რეპუტაცია. ამ მცდელობებს ვხედავთ ჩვენ მთელი ამ წლების განმავლობაში. აქაც დარწმუნებული ვარ, რომ ყოფილიყო კანონი „უცხოური გამჭვირვალობის შესახებ”, მეტი პასუხისმგებლობა ექნებოდათ ენჯეოებს საკუთარი დონორების წინაშე და ასეთ უხერხულ მდგომარეობაში არ ჩააგდებდნენ დონორ ორგანიზაციებს. როდესაც ხედავს ქართული საზოგადოება, რომ კონკრეტული დონორის მიერ დაფინანსებული ენჯეო წლების განმავლობაში თავს ესხმის მართლმადიდებელ ეკლესიას, რა წარმოდგენა უნდა შეექმნას საზოგადოებას დონორებთან დაკავშირებით. აქაც, სამწუხაროდ, არ იყო „გამჭვირვალობის შესახებ” კანონი, შესაბამისად, კონკრეტული ენჯეოები თავხედურად ესხმოდნენ თავს მართლმადიდებელ ეკლესიას. შემდეგი საკითხი რაც გვაწუხებდა, მართლმადიდებელ ეკლესიაზე თავდასხმის პარალელურად, კონკრეტული ენჯეოები ღიად უჭერენ მხარს ისეთ აქტივობებს, რომლებიც საქართველოში რელიგიური სარჩულით პოლიტიკურ ინტერვენციას ისახავს მიზნად, მათ შორის კონკრეტული ენჯეოები ისეთ აქტივობებს უჭერდნენ მხარს, რაც მიმართული იყო რელიგიური ექსტრემიზმის წახალისებისკენ საქართველოში. არ მინდა, დავასახელო ის რელიგიური ექსტრემიზმით გამორჩეული გაერთიანებები, რომელთა ადვოკატიც არის რეგულარულად, სისტემურად ერთ-ერთი დასავლური წყაროებიდან დაფინანსებული ორგანიზაცია, აბსოლუტურად გაუგებარია. მე აქაც მგონია, რომ ემოქმედა წლების განმავლობაში საქართველოში კანონს „უცხოური გავლენების გამჭვირვალობის შესახებ”, ეს კონკრეტული ორგანიზაციები, ერთი ენჯეოა გამორჩეული, ვერ გაბედავდა ასე ღიად სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ წასვლას და დონორებს არ ჩააგდებდა ასეთ უხერხულ მდგომარეობაში. ენჯეოები, სამწუხაროდ, არიან ღიად ჩართული ლგბტ პროპაგანდაში, რომელიც საკმაოდ უხეში ფორმით წარმოებს. საქართველოში ყველას უფლებები უნდა იყოს დაცული. აქ საქმე არ ეხება უფლებების დაცვას, ეს არის პირდაპირი უხეში ლგბტ პროპაგანდა, რაშიც ჩართული არიან კონკრეტული ენჯეოები. აქაც დარწმუნებული ვარ, რომ ყოფილიყო გამჭვირვალე დაფინანსება, ენჯეოებს გაუჭირდებოდათ ამ პროპაგანდაში ასეთი უხეში ფორმით მონაწილეობა და გაუფრთხილდებოდნენ საკუთარი დონორების რეპუტაციას, მოუწევდათ გაფრთხილებოდნენ, შეიძლება, მათი ინტერესების წინააღმდეგ, სახელმწიფო და საზოგადოების ინტერესებს. შემდეგი საკითხი, რაც გვაწუხებდა, ამაზეც ღიად დავუფიქსირეთ ჩვენი შეშფოთება ჩვენს პარტნიორებს – კონკრეტული ენჯეოები იყვნენ ჩართულნი სტრატეგიული ეკონომიკური პროექტების ჩაგდებაში, რის გამოც მიადგა ზიანი, მაგალითად, ჩვენი ენერგეტიკული დამოუკიდებლობის ინტერესს. კონკრეტული ენჯეოები იყვნენ აქაც ჩართული. აქაც მგონია, რომ ყოფილიყო კანონი „გამჭვირვალობის შესახებ” ენჯეოებს ძალიან გაუჭირდებოდათ ასე თავხედურად ემოქმედათ ჩვენი ენერგეტიკული დამოუკიდებლობის ინტერესების წინააღმდეგ და უფრო მეტად გაუფრთხილდებოდნენ საკუთარ დონორებს. შემდეგი საკითხი, რაც გვაწუხებდა, რაზეც ასევე ღიად გავუზიარეთ ჩვენი შფოთვა ჩვენს პარტნიორებს, თუმცა რეაგირება ამ ყველაფერზე არ იყო, მათ შორის გამჭვირვალობის კუთხით – სახელმწიფო ინსტიტუტების დისკრედიტაციის სისტემური მცდელობა. განსაკუთრებული თავდასხმის ობიექტები იყვნენ სასამართლო და პოლიცია. ამ ხალხს თითქოს არ უყვარს, არ მოსწონს სტიგმატიზაცია; თქვენ გახსოვთ, როგორი უხეში, საბჭოური მეთოდებით ცდილობდნენ ისინი ამ ინსტიტუტების, განსაკუთრებით სასამართლოს, სტიგმატიზაციას, პოლიციის დისკრედიტაციაზე მუშაობდნენ მუდმივად. მათ ძალიან კარგად იციან, რომ თუ გინდა, სახელმწიფო ჩამოშალო, პირველ რიგში, სამართალდამცავი სტრუქტურები უნდა შეარყიო. აქედან გამომდინარე, NGO-ები თავს ესხმოდნენ სახელმწიფო ინსტიტუტებს, ცდილობდნენ სტიგმატიზაციას, რეპუტაციის შელახვას. აქაც კიდევ ერთხელ ვიტყვი – გამჭვირვალე რომ ყოფილიყო დაფინანსება და მაშინ რომ ემოქმედა კანონს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ”, მგონია, რომ NGO-ები ასე ღიად სახელმწიფო ინსტიტუტებსა და ქართულ სახელმწიფოზე თავდასხმას ვერ გაბედავდნენ და არც დონორებს ჩააყენებდნენ უხერხულ მდგომარეობაში. ასევე 2022 წელს NGO-ები ღიად შეუერთდნენ მეორე ფრონტის კამპანიას. ისინი ომის დაწყებიდან პირველივე დღეებში ითხოვდნენ სანქციების დაწესებას, უკრაინაში მებრძოლი მოხალისეების გაგზავნას მთავრობის ოფიციალური თანხმობით, რაც ნიშნავდა ქვეყნის ეკონომიკის ჩამოშლას. პირველივე წელს გვექნებოდა მინიმუმ 10%-იანი ვარდნა ეკონომიკის, რაც იმას ნიშნავს, რომ რამდენიმე მილიარდ დოლარს დაკარგავდა ჩვენი ეკონომიკა, კოვიდის დროს ჩვენ გვქონდა მინუს 6.5%, თქვენ შეგიძლიათ წარმოიდგინოთ, რას გამოიწვევდა პირველივე წელს მინიმუმ 10 პროცენტით ეკონომიკის შემცირება? ეკონომიკური კოლაფსი – ეს იყო მათი მიზანი. მეორე მოთხოვნა იყო უკრაინაში მთავრობის თანხმობით მებრძოლი მოხალისეების გაგზავნა, ეს პირდაპირ ნიშნავდა საქართველოს ჩართვას სამხედრო კონფლიქტში. მე შეგახსენებთ, რომ კონკრეტული NGO-ები შესაბამის პარტიებთან ერთად ითხოვდნენ ამ ყველაფერს, ასევე კიდევ ერთხელ მინდა შეგახსენოთ მათი ერთ-ერთი ლიდერის ცნობილი ფრაზა, ვციტირებ სიტყვა-სიტყვით – „რუსეთი აგებს ომს უკრაინაში. იქ არ ყოფნის რესურსი, ამიტომ ვერ დაიწყებს ყველა მიმართულებით საომარ მოქმედებებს. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა ეს შესაძლებლობის ფანჯარა გამოვიყენოთ”. ახლა ეს კონკრეტული NGO-ს ლიდერი თავხედურად გვესაუბრება რუსულ ინტერესებზე. ზუსტად ამ ადამიანებმა შემოიყვანეს 2008 წელს რუსული ტანკები საქართველოში და იგივე მიზანს ემსახურებოდა მათი ეს განცხადებები 2022 წლის თებერვალ-მარტში და მოგვიანებით. ამ NGO-ებს არასოდეს დაუგმიათ მაგალითად უკრაინის ხელისუფლების მაღალჩინოსნების მოწოდებები მეორე ფრონტთან დაკავშირებით. უნდა დაეგმოთ, თუ მეორე ფრონტი არ შედიოდა მათ ინტერესებში. არც ერთხელ არ დაუგმიათ არცერთი ასეთი განცხადება, რომელიც პირდაპირ მოგვიწოდებდა მეორე ფრონტად საქართველოს ქცევისკენ. მე დარწმუნებული ვარ, მაშინ რომ ემოქმედა კანონს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ”, ეს ორგანიზაციები ომის პროპაგანდისგან უფრო მეტად შეიკავებდნენ თავს და აქაც არ ჩააგდებდნენ უხერხულ მდგომარეობაში საკუთარ დონორებს. NGO-ები არიან რადიკალიზმის და ე.წ. პოლარიზაციის ერთ-ერთი მთავარი წყარო საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში. ამას ხომ ყველა ვხედავთ, იცით, როგორია მათი განცხადებები. ელემენტარულად რომ გადახედოთ ყველაზე მდიდარი NGO-ების ლიდერების „ფეისბუკ” გვერდებს, თქვენ ნახავთ, დარწმუნდებით, რომ ისინი არიან პოლარიზაციის ერთ-ერთი მთავარი წყარო საქართველოში. ჩვენთვის გაუგებარია, რატომ შეიძლება, ერთი მხრივ, ითხოვდე დეპოლარიზაციას და, მეორე მხრივ, პოლარიზაციას. ეს კითხვა ჩვენ მაგალითად პირდაპირ დავუსვით შესაბამის დიპლომატს, რომელიც დაკავშირებულია ერთ-ერთ ფონდთან, ეს არის ცნობილი EED, ევროპის დემოკრატიის ფონდი. პირდაპირ ხდებოდა პოლარიზაციის დაფინანსება და EED-ის თანხები არის მთლიანად გაუმჭვირვალე. 0 გამჭვირვალობა EED-ის ნაწილში. რა თქმა უნდა, ვერავითარი პასუხი ვერ მივიღეთ. თავიდან დაგვპირდნენ, რომ გამჭვირვალე შეიძლებოდა გამხდარიყო ეს ყველაფერი, თუმცა ეს დღემდე არ არის უზრუნველყოფილი. მე მგონია, რომ ამ წლების განმავლობაში რომ ემოქმედა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონს, დონორებსაც გაუჭირდებოდათ პოლარიზაციის ღიად დაფინანსება საქართველოში და შესაბამის NGO-ებსაც გაუჭირდებოდათ ასე ღიად პოლარიზაციის წახალისება ჩვენს ქვეყანაში. ენჯეოებს რომ გამოსვლოდათ ის, რასაც 2020-2022 წლებში აქტიურად ცდილობდნენ, ეს იყო რევოლუციის გზით ხელისუფლების შეცვლა, დღეს საქართველო იქნებოდა, პასუხს ვაგებ, უკრაინაზე მძიმე მდგომარეობაში, რაც ნიშნავს, რომ უკან მოგვრჩებოდა როგორც მშვიდობა, ისე ევროინტეგრაცია. მადლობა ღმერთს, მათი მცდელობები აღმოჩნდა წარუმატებელი. კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ”, პირველ რიგში, საქართველოს უკრაინიზაციისგან დაცვას – საქართველოს სუვერენიტეტის განმტკიცებასა და ქვეყნის სტაბილური განვითარების უზრუნველყოფას ისახავს მიზნად, რაც საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის აუცილებელი პირობაა. უკრაინიზაციის თავიდან აცილება არის საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის უცილებელი პირობა და მოცემული კანონპროექტის უმთავრესი მიზანი. შესაბამისად, ის არათუ ვერ დააშორებს საქართველოს ევროპას, არამედ თვისებრივად დაგვაახლოებს ჩვენი უმთავრესი საგარეო პოლიტიკური მიზნის – ევროკავშირში ინტეგრაციის მიღწევასთან. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პირობა ევროკავშირში ინტეგრაციისთვის. რაც შეეხება ამერიკელი და ევროპელი პოლიტიკოსების განცხადებებს, სამწუხაროა, რომ არცერთ განცხადებაში არ იყო მოყვანილი არცერთი არგუმენტი. თქვენ ნახეთ ეს განცხადება, მაგალითად, სტოლტენბერგის, შოლცის განცხადება. დღეს გავრცელდა კიდევ განცხადებები, კონკრეტული დიპლომატის განცხადება, რომელიც საქართველოში მუშაობს. არცერთი არგუმენტი კანონის წინააღმდეგ არ იყო მოყვანილი – ნული არგუმენტი. შეგვიძლია, ერთად გავარჩიოთ ტექსტები, ყველგან არის ნული არგუმენტი. გვეუბნებიან, რომ კანონი ეწინააღმდეგება ევროპულ ღირებულებებს. რა ნაწილში, რომელი მუხლი, რატომ – ნული არგუმენტი. ასეთ პირობებში შესაბამისი განცხადებები, ბუნებრივია, ვერ გახდება ჩვენი გადაწყვეტილების გადასინჯვის საფუძველი. უარგუმენტო განცხადებები ვერ გახდება ჩვენი გადაწყვეტილების გადასინჯვის საფუძველი. ამიტომ კიდევ ერთხელ ვთავაზობ ყველას ღია დისკუსიას კანონპროექტის შესახებ. ეს არის მნიშვნელოვანი, იმისათვის, რომ ქართულმა საზოგადოებამ მიიღოს სრული ინფორმაცია ამ კანონპროექტთან დაკავშირებით. ღია დისკუსია ყველასთან, იქნება ეს დიპლომატი, უცხოელი პოლიტიკოსი თუ ა.შ. თქვენ ხედავთ, როგორ გაურბოდნენ ქართველი პოლიტიკოსები დისკუსიას საქართველოს პარლამენტში. მათ სათქმელი არაფერი ჰქონდათ. რაც შეეხება უცხოელებს, დიპლომატებს, პოლიტიკოსებს, არ შეიძლება ცალმხრივად განცხადებების კეთება არგუმენტების გარეშე. ამიტომ ყველას კიდევ ერთხელ ვთავაზობ ღია დისკუსიას. თუ სურთ ელჩებს, იყვნენ პოლიტიკური დებატების ნაწილი, ან უცხოელ პოლიტიკოსებს, ყველამ კეთილი უნდა ინებოს და საზოგადოების თანდასწრებით ღია დისკუსიაში უნდა ჩაერთოს, ამიტომ პირადად ჩემი წინადადება ამ კუთხით რჩება ძალაში. ყველას შევახსენებ, რომ საქართველო არის პატარა, მაგრამ დამოუკიდებელი და ამაყი სახელმწიფო. ქართველი ხალხისთვის დამოუკიდებლობა და თავისუფლება არის უმაღლესი ღირებულება. შესაბამისად, ვერავის მივცემთ იმის უფლებას, რომ არგუმენტების გარეშე მითითებები მოგვცეს. ამას ვამბობ ხაზგასმით, როგორც საქართველოს მთავრობის ხელმძღვანელი. ამის წინააღმდეგ იბრძოდა ჩვენი მშობლების თაობა 80-იან წლებში და ღირსებისა და დამოუკიდებლობისთვის ბოლომდე ვიბრძოლებთ მითუმეტეს დღესაც, როცა თავისუფალ და დამოუკიდებელ სახელმწიფოს წარმოვადგენთ. 35 წლის წინ ქართველები რუსთაველის გამზირზე სუვერენიტეტის ლოზუნგით გამოდიოდნენ. ისინი ითხოვდნენ სუვერენიტეტს, დამოუკიდებლობას საბჭოთა სისტემისგან. დღეს უბრალოდ პარადოქსია, რომ აქციები ამავე რუსთაველის გამზირზე იმართება სუვერენიტეტის არგანმტკიცების ლოზუნგით. არ გვინდა სახელმწიფო სუვერენიტეტი, არ გვინდა ვიცოდეთ, ვინ რაში ხარჯავს ფულს. ანუ წარმოიდგინეთ, რამხელა პარადოქსია, საზოგადოების ნაწილი გამოჰყავთ რუსთაველზე და აყენებინებენ მოთხოვნას იმასთან დაკავშირებით, რომ არ გვინდა ჩვენ გვქონდეს ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, ვინ რაში ხარჯავს ფულსო. არ მინდა, თვალი მინდა დავხუჭო, არ მინდა, ვიცოდე ეს ინფორმაცია. წარმოიდგინეთ რამხელა პარადოქსი და აბსურდია ეს ყველაფერი. ერთადერთი რამე, რასაც ითვალისწინებს კანონი, არის ის, რომ საქართველოს მოქალაქემ უნდა მიიღოს ინფორმაცია ფულის ხარჯვის თაობაზე და საზოგადოების ნაწილი გამოჰყავთ და აყენებინებენ მოთხოვნას, რომ არ მინდა მე ფულთან დაკავშირებით ინფორმაციის ცოდნაო, არ მინდა, სუვერენიტეტი იყოს მყარიო, მე მინდა, რომ ვიღაცამ აქ კიდევ ერთხელ ცადოს რევოლუციის მოწყობა საკუთარი გაუმჭვირვალე დაფინანსებითო. პარადოქსია, მაგრამ ფაქტია. ჩვენთვის გასაგებია, რომ არავის უხარია ფულის გამჭვირვალედ ხარჯვა, თუმცა ჩვენ გვაქვს ჩვენი ინტერესი და ეს არის ის, რომ საქართველოს მოქალაქემ უნდა იცოდეს ყველაფერი უცხოური მტრის თუ მეგობრის გავლენის შესახებ ჩვენს ქვეყანაში, რათა არასოდეს დაუშვას შეცდომა და ზუსტად განსაზღვროს საქართველოს ეროვნული ინტერესი ქვეყნის განვითარების ყველა ეტაპზე. ორი სიტყვა მინდა ვთქვა ჩვენი საამაყო სპორტსმენების შესახებ, რომლებიც ამ ორი დღის განმავლობაში განსაკუთრებულ ზეწოლას განიცდიდნენ. ამ ზეწოლას ახორციელებდნენ, უხეშ ტერმინს გამოვიყენებ, იგივე უსამშობლო ადამიანები, რომლებმაც სულ რაღაც ორიოდე წლის წინ თორნიკე შენგელია და ხვიჩა კვარაცხელია მოღალატეებად შერაცხეს, ზუსტად იგივე ადამიანები. შეგვიძლია, ამოვიღოთ „ფეისბუკის” „სქრინები”, რას აკეთებდნენ და ამბობდნენ მაშინ და როგორ ზეწოლას ახორციელებდნენ ახლა. თქვენ გახსოვთ, თორნიკე შენგელიასა და ხვიჩა კვარაცხელიას წინააღმდეგ აგორებული კამპანიები, პირდაპირ მოღალატეებად შერაცხეს ეს ჩვენი ორი საამაყო სპორტსმენი. ზუსტად იგივე ადამიანები, მტკიცებულებები გვაქვს, რომ ზუსტად იგივე ადამიანები არიან; ახლა, ამ ორი დღის განმავლობაში, ახორციელებდნენ ზეწოლას ამ ორ და სხვა სპორტსმენებზე მათთან ერთად. მე ვპირდები თითოეულ სპორტსმენს, რომ საქართველოს მთავრობა იდგება მათ გვერდით ყველა შემთხვევასა და ვითარებაში. ჩვენ ვიდგებით ჩვენი ფეხბურთელების გვერდით, როცა ისინი გავლენ ჯგუფიდან ევროპის ჩემპიონატზე და ასევე ისინი იდგებიან ჩვენ გვერდით, როცა ჩვენ ყველა ერთად გავხდებით ევროკავშირის წევრი ქვეყანა. კიდევ ერთხელ მინდა, გამოვხატო განსაკუთრებული პატივისცემა თითოეული ჩვენი საამაყო სპორტსმენის მიმართ. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ კოლექტიური „ნაცმოძრაობის” პოლიტიკურ სიბინძურეში სპორტსმენების გასვრის მცდელობა არის უმდაბლესი საქციელი, რაც ამ ადამიანებს ძალიან ზუსტად ახასიათებთ. გუშინდელ აქციაზე აქტიურობდნენ „ნაცმოძრაობის” სისხლიანი რეჟიმის ცნობილი სახეები – ნიკა გვარამია, გიორგი ვაშაძე, ადეიშვილის ცნობილი მოადგილე და სხვები, რომლებიც მაღალ მატერიებზე გვესაუბრებოდნენ. გუშინ აქციაზე, უტიფრობის საზღვარიც ხომ არსებობს, ვიხილეთ შოთა უტიაშვილი, რომელმაც შეგახსენებთ, რა გააკეთა 2011 წელს, მაშინ რეჟიმის მიერ მოკლული რამდენიმე მომიტინგის ცხედარი მან განათავსა ჯიხურებზე და ეს ადამიანი დღეს უტიფრად დგას საპროტესტო აქციაზე. რეჟიმის მიერ მოკლული რამდენიმე ადამიანის ცხედარი განათავსეს უტიაშვილის პირდაპირი მითითებით, ეს მისი იდეა იყო, ჯიხურების სახურავებზე, იმიტაცია გააკეთეს უბედური შემთხვევის და ეს სამარცხვინო შოთა უტიაშვილი, ცოლთან ერთად, რომელიც მაშინ აპრავებდა ე.წ. დამოუკიდებელი მედიიდან, კრიტიკული მედიიდან ამ დანაშაულს, გუშინ იდგა აქციაზე. ეს არის უტიფრობის, უსაზღვრობის ერთ-ერთი მთავარი დამადასტურებელი ფაქტი. ასევე გუშინდელ აქციას წარმართავდნენ კეზერაშვილის ცოლის ძმა ვინმე ჩიქოვანი, ის იყო მთავარი ორგანიზატორი აქციის და ფრანკლინის კლუბის, ახლა სხვა რაღაც ჰქვია, ერთ-ერთი ლიდერი, უცხოური გავლენის აგენტი, ვინმე ზიბზიბაძე. გუშინდელ აქციაზე გამოიყენებოდა აკერმანის სახელმძღვანელოს კარგად გაცვეთილი რიტუალები – აკერმანის შეგირდებმა ასეთი „ტრუკებით” თავის დროზე მოატყუეს რამდენიმე ქვეყნის მოქალაქე, რამაც იმ ქვეყნებში მძიმე პროცესებს დაუდო დასაბამი, თუმცა ქართული საზოგადოება დღეს საკმარისად გამოცდილია, რომ ასეთმა იაფფასიანმა „ტრუკებმა” მასზე არ იმოქმედოს. მინდა, გაგიზიაროთ ასევე ჩემი პირადი აღქმა კოლექტიური „ნაცმოძრაობის” მიერ წარმოებულ ფსევდოევროპულ კამპანიასთან დაკავშირებით, ღიმილის მომგვრელია, როცა ლევან ხაბეიშვილი, ნიკა გვარამია, გუბაზ სანიკიძე, ანა ნაცვლიშვილი, სალომე სამადაშვილი, გვასწავლიან, პირადად მე მასწავლიან, ევროპულობას, ხაბეიშვილი, სანიკიძე, მე მასწავლიან და ჩვენ გვასწავლიან ევროპულობას, ეს ხომ სამარცხვინოა. მათი ანტიევროპული წარსული და ქცევა არის ყველაზე ცხადი დასტური იმისა, თუ რამდენად ყალბია მათ მიერ წარმოებული ე.წ. ევროპული კამპანია. გუბაზ სანიკიძის და ლევან ხაბეიშვილის ევროპული კამპანია არის ღიმილის მომგვრელი. მადლობა მინდა გადავუხადო თითოეულ მედიასაშუალებას, თავისუფალ მედიასაშუალებას და ყველა ჟურნალისტს, რომელიც პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლისა და უმძიმესი შეურაცხყოფის მიუხედავად, უმაღლესი პროფესიონალიზმით აკეთებდა საკუთარ საქმეს. ძალიან სამწუხაროა, რომ ჟურნალისტების უმძიმესი შეურაცხყოფა ჯერჯერობით არცერთ დიპლომატს და „ენჯეოს” არ დაუგმია, კოლეგებზე არ მინდა ლაპარაკი, თქვენი საქმეა. უბრალოდ, სამარცხვინოა ეს ყველაფერი. ბოლოს მინდა ორი სიტყვა ვთქვა შინაგან საქმეთა სამინისტროს მოქმედებების შესახებ. გუშინ შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელი რომ ყოფილიყო მერაბიშვილი ან გახარია, რამდენიმე მომიტინგის ცხედარს ჯიხურის თავზე მიაგნებდით, რამდენიმე ადამიანი თვალს დაკარგავდა. ყველას გვახსოვს, როგორ მთავრდებოდა ამ ადამიანების მიერ ჩატარებული ოპერაციების უმრავლესობა, თუმცა მადლობა ღმერთს, დღეს შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობს არა უცხოური ძალის აგენტი, არამედ პატრიოტი კაცი ვახტანგ გომელაური, რომელიც უმაღლესი ევროპული სტანდარტებით უძღვება პოლიციის საქმიანობას. მინდა მადლობა გადავუხადო პოლიციელებს, თითოეულ მათგანს, რომლებიც მოთმინებით იტანდნენ აგრესიული ჯგუფების შეურაცხყოფას და ფიზიკურ ძალადობას და რამდენიმე ინციდენტს თუ არ ჩავთვლით, იყო რამდენიმე ინციდენტი, ისინი უმაღლესი ევროპული სტანდარტებით დაუპირისპირდნენ მომიტინგეთა აგრესიულ ნაწილს, რომლებიც უკიდურესად არაევროპულად მოქმედებდნენ. რამდენიმე შემთხვევაშიც უბრალოდ გაუსაძლისი იყო ის აგრესია, რომელსაც კონკრეტული ადამიანები გამოხატავდნენ პოლიციელების წინააღმდეგ. მნიშვნელოვანია, რომ პოლიციელებზე ძალადობის საკმაოდ დიდი მასშტაბის მიუხედავად, გუშინ მძიმე ფიზიკური დაზიანება არავის მიუღია. ორივე პოლიციელს და ხუთივე მომიტინგეს, რომელსაც ჰოსპიტალიზება დასჭირდა, დროულად გაეწია სამედიცინო დახმარება, რისთვისაც ექიმებს მადლობა მინდა გადავუხადო. ჩვენთვის ძვირფასია თითოეული მოქალაქე, თითოეული გულწრფელი მომიტინგე. ჩვენთვის ძვირფასია ის მოქალაქეც, რომელიც შეცდომაშია შეყვანილი და წაუკითხავ კანონს მეორედ აპროტესტებს, თუმცა აქვე ისიც უნდა აღინიშნოს, რომ რადიკალებმა ამ შემთხვევაში ბევრად ნაკლები ადამიანი შეიყვანეს შეცდომაში. ჩვენთვის ძვირფასია ის მოქალაქეც, რომელიც ფრანკლინის კლუბში, ე.წ მომავლის აკადემიაში თუ სირცხვილიაში აკერმანის სახელმძღვანელოებით შეცდომაში შეჰყავთ და სახელმწიფოს უპირისპირებენ.
აქვე მინდა გავაფრთხილო ყველა, თავი შეიკავონ ძალადობისა და პროვოკაციებისგან. ყველა სამართალდამრღვევი კანონის მთელი სიმკაცრით აგებს პასუხს. განსაკუთრებით მკაცრად მოეთხოვებათ პასუხი იმათ, ვინც კულისებში იმალებიან, ამას ვამბობ ხაზგასმით – არსებითად პროცესები წარიმართება კულისებიდან. შესაბამისად, ყველა უნდა გავაფრთხილოთ, განსაკუთრებით ეს ადამიანები, კულისებიდან მოქმედი ადამიანები, რომლებიც შეცდომაში შეყვანილ ადამიანებს ძალადობისა და პროვოკაციებისთვის იყენებენ. სახელმწიფო სუვერენიტეტის დაცვას და, შესაბამისად, კანონის საბოლოოდ მიღებას ვერაფერი დაუდგება წინ. ღირსებით, გამჭვირვალობით და სუვერენიტეტით ევროპისკენ – ეს არის ჩვენი დევიზი და ჩვენი სულისკვეთება. გვჯერა, რომ მხოლოდ ღირსებით, გამჭვირვალობით და სუვერენიტეტით შეგვიძლია გავხდეთ ევროკავშირის წევრი ქვეყანა. ასე რომ, წინ ღირსებით ევროპისკენ”!

ტელეკომპანია „იმედი”, მანანა გაბელია – მესამე დღეა ჩვენ თვალს ვადევნებთ პარლამენტში კანონპროექტის განხილვას, განმარტებებს, პარალელურად ვხედავთ პროტესტს. როგორია თქვენი, როგორც პრემიერის პოზიცია ამ პროცესის პერსპექტივასთან დაკავშირებით? ასევე მინდა გკითხოთ, გუშინ დევი ჭანკოტაძის განცხადება მოვისმინეთ საკანონმდებლო ორგანოდან, მოწოდებები. ასევე გვესმოდა, რომ ბრძოლა გაგრძელდება. ასევე გკითხავთ ევროპარლამენტიდან რევოლუციასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებაზე.

პრემიერ-მინისტრი – რაც შეეხება პროცესების გაგრძელებას, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რა თქმა უნდა, ეს პროცესი უნდა იყოს ბოლომდე მიყვანილი, ეს არის ღირსების საქმე, რომ ჩვენ დავიცვათ საზოგადოების ინტერესები, სახელმწიფოს სუვერენიტეტი და არავის უნდა მივცეთ ჩვენი საზოგადოების შეცდომაში შეყვანის საშუალება. ბუნებრივია, პროცესი ბოლომდე იქნება მიყვანილი. შარშან ჩვენ მივიღეთ განსხვავებული გადაწყვეტილება, მაგრამ წელს აუცილებელია, ეს პროცესი მივიდეს ბოლომდე, სწორედ იმისათვის, პირველ რიგში, რომ ჩვენ არ დავუშვათ საქართველოს უკრაინიზაცია, არ დავუშვათ იმ მოვლენების ხელახლა განვითარება, რაც ვიხილეთ 2020-2022 წლებში. საბოლოო ჯამში ეს კანონი დააზღვევს როგორც სახელმწიფო სუვერენიტეტს, ისე დონორებსაც, ვინაიდან, როცა დაფინანსება გაუმჭვირვალეა, ძალიან დიდია ცდუნება NGO-ებში, რომ მათ არასწორად წარმართონ საქმიანობა. საბოლოო ჯამში ეს უხერხულობას უქმნის დონორებს. ეს კანონი დააზღვევს დონორებს. გვესმის, რომ მათ არ უხარიათ ფინანსების გამჭვირვალობა, მაგრამ ეს არა მხოლოდ სახელმწიფო სუვერენიტეტისთვის არის აუცილებელი, არამედ მათთვისაც აუცილებელია, რომ მათი ფინანსები იყოს გამჭვირვალე. ამ შემთხვევაში, მოიკლებს ცდუნება იმისა, რომ დონორებმა დააფინანსონ არასწორი ქმედებები და თვითონ ორგანიზაციებმაც მათი დაფინანსებით განახორციელონ არასწორი ქმედებები – მაგალითად, წვლილი შეიტანონ პოლარიზაციაში, რადიკალიზაციაში, კიდევ ერთხელ, უკვე მესამედ სცადონ ამ რამდენიმე წელიწადში რევოლუციის მოწყობა, სცადონ ჩვენი ქვეყნის უკრაინიზაცია. გამჭვირვალობა არის ყველაფრის პრევენციის საუკეთესო საშუალება და ეს არის ძალიან კარგი დონორებისთვის.

რაც შეეხება ჭანკოტაძის განცხადებას, ეს ყველაფერი მათ ხელწერას აჩვენებს სინამდვილეში. მე მკაცრად მინდა, გავაფრთხილო ყველა, თავი შეიკავონ პროვოკაციებისგან. ჩვენ ვიცით ზოგადად „ნაცმოძრაობის” ხელწერა, ისინი არიან ყველაფრის მკადრებლები, ყველაფერი უკადრიათ წარსულში, ყველაფერი აქვს ნაკადრები ამ პარტიას, რაც კი შეიძლებოდა ეკადრა. ის ორგანიზაციები, რომლებიც გამოდიან და დღეს მაღალ მატერიებზე გვესაუბრებიან, ბოლომდე ფუთავდნენ იმ ქმედებებს, რასაც „ნაცმოძრაობა” ახორციელებდა, პატიმრების წამებისა და მკვლელობის ჩათვლით და ა.შ. გაიხსენეთ 26 მაისს, როდესაც უტიაშვილმა ჯიხურების თავზე განათავსა ცხედრები, ნახეთ რამდენად მკაცრი იყო ამ NGO-ების განცხადებები. მაშინ ისინი იყვნენ ე.წ. GONGO-ები, ანუ სამთავრობო NGO-ები. დღეს სხვა პოლიტიკური დღის წესრიგი აქვთ. ამიტომ არის გამჭვირვალობა მთავარი. გამჭვირვალობა საბოლოო ჯამში გააჯანსაღებს პროცესს და ამ NGO-ებს გააჯანსაღებს. თუ აქამდე მათი საქმიანობა არ იყო ჯანსაღი, გამჭვირვალობა ხელს შეუწყობს ამ ორგანიზაციების საქმიანობის გაჯანსაღებას. რაც შეეხება დევი ჭანკოტაძეს, ის არის „ნაცმოძრაობის” ერთ-ერთი სახე, რომელსაც წამოსცდა ის, რაზეც შესაძლოა, ეს პოლიტიკური ძალა ფიქრობდეს. შესაბამისად, კიდევ ერთხელ მინდა, უმკაცრესად გავაფრთხილო ყველა, არ გაბედონ არავითარი პროვოკაციის მოწყობა. ნუ იყენებენ ადამიანებს შიშველ იარაღად ვიწრო საკუთარი პოლიტიკური ინტერესების გასატარებლად, მით უმეტეს, რომ არავითარი შანსი არ აქვთ. დღეს სახელმწიფო დგას თავის ადგილზე და 10%-ს ჩამოცდენილი „ნაციონალური მოძრაობა” მთელი თავისი კოლექტიური სატელიტებით ვერავითარი მასშტაბური პროვოკაციის მომწყობი ვერ არის. სახელმწიფო დაუპირისპირდება უმკაცრესად ნებისმიერ ასეთ მცდელობას. „ნაცმოძრაობას” არ გაუვა ის, რაც გასდიოდა ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში. ამას დამოუკიდებელი, სუვერენული ქართული სახელმწიფო არ დაუშვებს.

„ტვ პირველი”, ხატია სამხარაძე – უპირველეს ყოვლისა, მინდა, გკითხოთ ევროპულ მისწრაფებებთან დაკავშირებით, იმისთვის, რომ ქვეყანა სრულად გახდეს ევროკავშირის წევრი, აუცილებელია, ქართული კანონმდებლობა დაუახლოვდეს და ჰარმონიზაციაში მოვიდეს ევროკავშირის კანონმდებლობასთან. საკანონმდებლო ორგანოში ბევრ კანონში შევიდა ცვლილება, რათა ეს კანონები დაუახლოვდეს ევროპულ კანონმდებლობას, თუმცა კანონპროექტზე, რომელსაც დღეს პარლამენტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა, ამ კანონთან დაკავშირებით ევროპული სტრუქტურები აცხადებენ, რომ ეს კანონი საქართველოს ევროპაში ვერ შეიყვანს და ხელს უშლის საქართველოს ევროპაში გაწევრიანებას – მე მაინტერესებს, რატომ უქმნით რისკს საქართველოს ევროპულ მომავალს, ვინაიდან, პირდაპირ გვეუბნებიან, რომ ამ კანონის მიღების შედეგად, შესაძლებელია, რომ ქვეყანა მოლაპარაკებების ეტაპზე ვერ გადავიდეს და ვერ გავხდეთ ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი?

პრემიერ-მინისტრი – მცირე დისკუსიაში რომ შევიდეთ, მათ თქვეს, რომ ეს კანონი ეწინააღმდეგება ევროკავშირის ღირებულებებს, ნუ როგორც არის, სადმე მოგისმენიათ არგუმენტი, რა ნაწილში, რატომ ეწინააღმდეგება?

„ტვ პირველი”, ხატია სამხარაძე – თქვენთვის საკმარისი არ იყო ის არგუმენტები, რაც მოისმინეთ იგივე ამერიკის შეერთებული შტატებიდან? შოლცთან იყავით

პრემიერ-მინისტრი – ქართულ საზოგადოებას და მათ შორის მეც, არგუმენტები არ მოგვისმენია. თქვენ გეკითხებით, გამახსენეთ ერთი არგუმენტი შოლცის, სტოლტენბერგის, ევროკავშირის განცხადებებიდან, რომლითაც ამტკიცებენ, რომ ეს კანონი წინააღმდეგობაშია ევროკავშირის კანონმდებლობასთან ან პრინციპებთან, ერთი გამახსენეთ, მეორე არ მინდა.

„ტვ პირველი”, ხატია სამხარაძე – იმ იარლიყების მიწებება, რომ ადამიანებს, რომლებიც საქართველოს ინტერესებისთვის მუშაობენ, უნდა დაერქვათ სახელი, რომ ისინი არიან უცხო ქვეყნის ინტერესების გამტარებლები, სწორედ ეს იყო იდეაც რუსეთში მიღებული ამ კანონისა.

პრემიერ-მინისტრი – ჯერ ერთი, რუსულ კანონში კოპირებულია ამერიკული კანონის ტერმინოლოგია, ამერიკული კანონის მიხედვით, შესაბამის სუბიექტს ჰქვია უცხოელი აგენტი და იგივე ტერმინი გადმოიტანეს რუსებმაც, რაც შეეხება ქართულ კანონს, ასეთი ტერმინი არ არის გამოყენებული. ის ტერმინი, რომელიც გამოყენებულია ჩვენს კანონში მეორდება თავად ევროკავშირის, ევროკომისიის მიერ მოწონებულ დოკუმენტში, მეორდება ევროკავშირის სხვა წევრი ქვეყნების მთელ რიგ კანონებში. აქედან გამომდინარე, არგუმენტი არ აქვთ, გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენი ტერმინოლოგია მეორდება ევროკავშირის დონეზე მოწონებულ დოკუმენტში და ევროკავშირის წევრ ქვეყნებში მიღებულ კანონებში.

„ტვ პირველი”, ხატია სამხარაძე – თუმცა, ევროკავშირის ეს კანონი ხომ რუსეთის წინააღმდეგ არის ძირითადად მიმართული და არა ერთმანეთის, თქვენ უპირისპირებთ ევროპულ კაპიტალს, აშშ-საც, რადგან ენჯეოების დიდი ნაწილი ამ ქვეყანაში სწორედ ამერიკიდან და ევროპიდან ფინანსდება.

პრემიერ-მინისტრი – ტყუილია, მე გეუბნებით მთელი პასუხისმგებლობით, ეს არის ტყუილი. ევროკომისიის მიერ მოწონებული კანონი ეხება აბსოლუტურად ყველას, გარდა თავად ევროკავშირისა. თავის თავს ხომ არ შეეხება, შესაბამისად, ევროკავშირის მიერ მიღებული კანონი ეხება ყველას, რუსეთსაც, ამერიკასაც, კატარსაც და ისლანდიასაც. აბსოლუტურად ყველას, გარდა ევროკავშირისა და ევროკავშირის წევრი ქვეყნებისა. რაც თქვით, ეს არასწორია, ანუ გაგიბათილეთ არგუმენტი, რომელიც თქვენ მოიყვანეთ. სხვა არგუმენტი თუ გაქვთ?

„ტვ პირველი”, ხატია სამხარაძე – კი ბატონო, ერთსაც გკითხავთ თუ შეიძლება, არგუმენტები ბევრი მოვისმინეთ ამ დღეების განმავლობაში…

პრემიერ-მინისტრი – არა, არა თქვენ მითხარით.

„ტვ პირველი”, ხატია სამხარაძე – ბევრ დროს დავკარგავთ.

პრემიერ-მინისტრი – თქვენ მითხარით ერთი არგუმენტი.

„ტვ პირველი”, ხატია სამხარაძე – კანონპროექტი, რომელიც უცხო ქვეყნის აგენტად რაცხავს არასამთავრობო ორგანიზაციებს..

პრემიერ-მინისტრი – აგენტი სად წერია? უკვე მოგიწიათ ტყუილის თქმა.

„ტვ პირველი”, ხატია სამხარაძე – უცხო ქვეყნის ინტერესების გამტარებელთა რეესტრში უნდა დარეგისტრირდეს მედია და არასამთავრობო ორგანიზაციები, ეს ხომ რუსული სტანდარტია? სწორედ ასე დაიწყო რუსეთში და ასე აიკრძალა რუსეთში მესამე სექტორი, ზუსტად იგივე ტერმინოლოგიაა.

პრემიერ-მინისტრი – ტყუილია, იქ არის უცხოელი აგენტი, თქვენ თვითონ გიწევთ მანიპულაცია და რატომ – სინამდვილეში ჩვენი ტერმინოლოგია არ იმეორებს რუსულ ტერმინოლოგიას და იმეორებს ევროპულ ტერმინოლოგიას. ანუ, ეგეც გაგიბათილეთ. ჩვენს ტერმინოლოგიას რაც შეეხება აქ ცოტა მეტი მინდა ვთქვა – არის ასეთი ტერმინი გამოყენებული – უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია, ეს არის არა ტერმინი, არამედ ფაქტის კონსტატაცია. მე თავის დროზე გერმანიაში დისერტაცია მაქვს დაცული ამ თემაზე, ყველა სახელმძღვანელოსა და სამეცნიერო ნაშრომში წერია, სადაც არის ფული დაკავშირებული სოციალურ პროცესებთან, პოლიტიკასთან თუ არაპოლიტიკასთან, ნებისმიერ შემთხვევაში, ფულს მიყვება გავლენა და ინტერესები. ეს წერია ელემენტარულ სახელმძღვანელოში და სამეცნიერო ლიტერატურაში. არ არსებობს ფული ასეთ სივრცეში, რომელსაც არ მიყვება გავლენა და ინტერესები, შესაბამისად, უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია, არის არა ტერმინი, არამედ ფაქტის კონსტატაცია – ფაქტის კონსტატაცია არის ის, რომ როცა ვიღაც გაძლევს ფულს, შენ იმ ფულს იყენებ მისი ინტერესების გასატარებლად. თავად ეს NGO-ების სტანდარტიც არის. ჩვენ რომ დავაფინანსოთ ხვალ არასამთავრობო ორგანიზაცია, მას მყისიერად უწოდებენ GONGO-ს ასეთი ტერმინი გამოიყენება. GONGO ტერმინი პირდაპირ რომ ვთარგმნო, ნიშნავს სამთავრობო არასამთავრობო ორგანიზაციას. როგორც კი საქართველოს მთავრობა დააფინანსებს არასამთავრობო ორგანიზაციას, მნიშვნელობა არ აქვს მის საქმიანობას, შეიძლება, ძალიან კარგი რაღაცები აკეთოს, ეკოლოგიას გაუფრთხილდეს, შშმ პირებს გაუფრთხილდეს, მაშინვე აწებებენ ეს NGO-ები GONGO იარლიყს – სამთავრობო არასამთავრობო ორგანიზაციის იარლიყს, რაშიც დიდი წილი სიმართლის არის, უფრო სწორად, ეს სწორია, რადგან სადაც მთავრობა აფინანსებს ორგანიზაციას, იქ ამ დაფინანსებას პირდაპირ მიუყვება მთავრობის, სახელმწიფოს ინტერესები. შესაბამისი ორგანიზაციები, რომლებიც იღებენ ფულს მთავრობისგან, თავად ეს NGO-ების სტანდარტით ახორციელებენ, უზრუნველყოფენ მთავრობის ინტერესების გატარებას, თუ საქართველოს მთავრობის მიერ დაფინანსებული ორგანიზაცია არის საქართველოს მთავრობის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია, უცხო ქვეყნის მთავრობის მიერ დაფინანსებული ორგანიზაცია რატომ არ არის იმ უცხო ძალის მიერ დაფინანსებული და შესაბამისი ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია?! ხომ მარტივი ლოგიკაა? იმდენი არგუმენტი გვაქვს, რომელსაც ვერ აბათილებენ, აქედან ჩანს – საერთოდ არ არსებობს არავითარი საფუძველი ამ კანონის გაკრიტიკების, ნული. ერთადერთი, რასაც ითვალისწინებს ეს კანონი, ეს არის გამჭვირვალობის მინიმალური სტანდარტი, წელიწადში ერთხელ ორგანიზაციებმა უბრალოდ უნდა განათავსონ დეკლარაციები შესაბამის საიტზე, მეტი არაფერი.

დღეს არ არის ეს დაფინანსება გამჭვირვალე მაგალითად თქვენ რომ მოგინდეთ, ნახოთ, ვინ რისთვის, რატომ, რამდენით აფინანსებს მოძრაობა „სირცხვილიას”, ეს ინფორმაცია არსად არ არის ხელმისაწვდომი. აქედან გამომდინარე, არის გამჭვირვალობის კუთხით ხარვეზი და შესაბამისად, აუცილებელია, ეს ხარვეზი აღმოიფხვრას. თქვენ რაც თქვით, აბსოლუტურად ყველაფერი გავაბათილე ახლა. შესაბამისად, არგუმენტი არ არსებობს ამ კანონის წინააღმდეგ, თუ აქვთ არგუმენტები, მე ვთავაზობ ყველა ელჩს – პირდაპირ ვერ შევალთ ახლა სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერთან დისკუსიაში, ელჩები არიან აქ წარმომადგენლები. საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებული თუ არიან ისინი, თუ სურთ, გააგრძელონ პოლიტიკურ დებატებში მონაწილეობა, ყველამ კეთილი ვინებოთ და ღია დისკუსიაში ჩავერთოთ საზოგადოების თანდასწრებით.

„ტვ პირველი”, ხატია სამხარაძე – კი ბატონო, გასაგებია ანუ თქვენ რუსულ კანონს იცავთ და ასაღებთ, რომ ეს არის ამერიკული კანონი, რაც შეეხება დებატებს, მობრძანდით „ტვ პირველზე” ვიდებატოთ, გთავაზობთ.

პრემიერ-მინისტრი – ახლა თქვით ორი ტყუილი ერთ წინადადებაში – პირველი, ეს არ არის რუსული კანონი, არავითარი თანხვედრა შინაარსობრივი არ არის ამ კანონსა და რუსულ კანონს შორის. მათ შორის, დეტალურად შემიძლია, განგიმარტოთ რუსულ კანონში რა წერია. რუსეთში, ამ კანონის საფუძველზე, რაც იქ მოქმედებს, შეიძლება, შევიდეს სახელმწიფო კონტროლი, პირდაპირ ჩაჯდეს შესაბამის ორგანიზაციაში და თუ რაღაც არ მოეწონება, შეუძლია, საერთოდ აკრძალოს შესაბამისი არასამთავრობო ორგანიზაცია. ტერმინი უცხოელი აგენტი გამოიყენება, ეს ტერმინი გამოიყენება მათ შორის ფიზიკური პირების, ადამიანების მისამართით. გამოიყენება ბრენდირების მექანიზმი, რაც ნიშნავს იმას, რომ მაგალითად, როცა შესაბამისი პირი გამოდის ტელევიზიის ეთერით, იქ მითითებული უნდა იყოს ტიტრებში, რომ ეს ადამიანი, კონკრეტული ფიზიკური პირი, არის უცხოელი აგენტი. შესაძლებელია, აღიძრას სისხლის სამართლის საქმე შესაბამისი პირის თუ ორგანიზაციის მიმართ – სად არის რუსული ჩვენს კანონში? როცა ამ კანონს ეძახით რუსულ კანონს, ეს არ არის უბრალოდ არა ტყუილი, არამედ უხეშობისთვის მომიტევეთ – ეს არის ცრუპენტელობა, რადგან არავითარი საერთო ამ კანონს არ აქვს რუსულ კანონთან. სააკაშვილმა დაამკვიდრა თავის დროზე ქართულ პოლიტიკაში, მანამდე ასე სამარცხვინოდ არ იტყუებოდნენ არც პოლიტიკოსები, არც ჟურნალისტები. პირადად სააკაშვილმა დაამკვიდრა ეს სტანდარტი, რომ შეიძლება, საერთოდ არ ჰქონდეს არგუმენტი, მაგრამ შეიძლება, ასე ურცხვად მოიტყუო. ცრუპენტელობა არის ერთ-ერთი, რაც უნდა შევამციროთ ქართულ პოლიტიკაში და მათ შორის მედიაში. მადლობა მინდა, გადაგიხადოთ, იმიტომ, რომ ბევრი რამის თქმის საშუალება მომცა თქვენმა არასწორმა ინფორმაციამ, რაც გაავრცელეთ.

„ტვ პირველი”, ხატია სამხარაძე – შეგიძლიათ, მობრძანდეთ „ტვ პირველის” ეთერში დებატებში და იქ გავაგრძელოთ….

პრემიერ-მინისტრი – მე დღეს მქონდა თქვენთან დისკუსია და საზოგადოებამ მგონი, ყველაფერი გაიგო.

„ტვ პირველი”, ხატია სამხარაძე – დარწმუნებული ვარ, საზოგადოებამ ყველაფერი გაიგო. რაც შეეხება გუშინდელ აქციას, გუშინდელი აქციის დროს, საკმაოდ მძიმე ფაქტები მოხდა, მათ შორის ერთ-ერთ ადამიანს ნეკნებიც კი ჰქონდა დამტვრეული, მოხდა არაერთი ცუდი ფაქტი, სცემეს ახალგაზრდებს, კადრებსაც ნახავდით ალბათ იმისას, რაც მოხდა გუშინ. ამ ყველაფრის შემდეგ, თქვენ უნდა შეხვიდეთ ლექციებზე ახალგაზრდებთან, რა გექნებათ სათქმელი იმ სტუდენტებისთვის, რომლებიც გუშინ დაარბიეთ და ცოტა ხნის წინ თქვით, რომ კანონის სრული სიმკაცრით დაისჯება ყველა, ვინც დღეს არ მოიქცევა კანონის ჩარჩოში. ამ ყველაფრის შემდეგ, თქვენ როგორ უნდა შეხვიდეთ სტუდენტებთან ლექციებზე და როგორ უნდა ესაუბროთ, რომლებიც გუშინ დაარბიეთ და დღეს არავინ იცის, რა მოხდება.

პრემიერ-მინისტრი – პირველ რიგში, სიტყვა დარბევა არის კიდევ ერთ ტყუილი, რომელიც დღეს თქვით. გუშინდელ აქციაზე არ მომხდარა არავითარი დარბევა, დარბევა როდის იყო იცით? – როდესაც თქვენმა პარტიამ რამდენიმე ცხედარი განათავსა ჯიხურების თავზე, ეს იყო 2011 წლის 26 მაისს, თქვენ როგორ უნდა გამოხვიდეთ ამის შემდეგ ტელევიზიაში, როცა ემსახურებით ამ პარტიის ტელევიზიას, რა მორალური უფლება გაქვთ, რომ საზოგადოებას ესაუბროთ, როცა ხართ ამ პოლიტიკური პარტიის ტელევიზიის ერთ-ერთი მსახური. ამიტომ, ნუ სვამთ ისეთ კითხვას მორალზე, რომლის დასმის უფლებაც უბრალოდ არ გაქვთ. თქვენ არ გაქვთ მორალთან დაკავშირებით არაფრის თქმის უფლება. რაც შეეხება ჩემს მორალურ პასუხისმგებლობას, პირველი – კანონი, რომელიც არის ამჟამად მიღების პროცესში, თავიდან ბოლომდე არის თავსებადი სამართლებრივ პრინციპებთან, საპირისპირო არგუმენტები ვერავინ მოიყვანა და ვერც თქვენ მოიტანეთ. რაც შეეხება შეკრების დაშლას – შეკრების დაშლა საზოგადოდ მოხდა უმაღლესი ევროპული სტანდარტებით, იყო სამი სამწუხარო ინციდენტი, როდესაც ალბათ, პოლიციელებს უმტყუნა ნერვებმა, მაგრამ რაც შეეხება დაზიანებებს, აქაც ტყუილი თქვით, ხუთი ადამიანის ჰოსპიტალიზება გახდა საჭირო და დაზიანებებზე დეტალური ინფორმაცია გაავრცელა ჯანდაცვის სამინისტრომ, რაც ეფუძნება ექიმების მიერ შედგენილ დასკვნებს. აქაც ტყუილებს ამბობთ, უბრალოდ მორალის ზღვარს მიღმა გადის, რასაც ლაპარაკობთ. „ტვ პირველი” არის „ნაცმოძრაობის” ტელევიზია, მერე რა რომ ხაზარაძე აფინანსებს, ხაზარაძე და „ნაცმოძრაობა” არის ერთი კოლექტიური პოლიტიკური ძალა და როცა ემსახურებით ამ პოლიტიკურ ძალას, თქვენ მორალური უფლება არ გაქვთ, რომ მორალზე ისაუბროთ.

ტელეკომპანია „რუსთავი-2″ – სალომე ზურაბიშვილმა „ბი-ბი-სისთან” ინტერვიუში განაცხადა, რომ ის ამ კანონს დაადებს ვეტოს და მისი ვეტო არის ხალხის ხმა. როგორ გამოეხმაურებით პრეზიდენტის ამ განცხადებას?

პრემიერ-მინისტრი – სალომე ზურაბიშვილი თვითონ არის უცხოური გავლენის აგენტი. შესაბამისად, ერთადერთი, ვისი ხმაც არის სალომე ზურაბიშვილი, არის შესაბამისი უცხოური ძალა, გლობალური ომის პარტია, რაზეც არაერთხელ გვისაუბრია. რაც შეეხება ამ კანონის სახალხო ლეგიტიმაციას, სულ რაღაც ექვს თვეში ჩატარდება საპარლამენტო არჩევნები. ეს საპარლამენტო არჩევნები იქნება მათ შორის რეფერენდუმი ამ კანონთან დაკავშირებით. ყველა კარგად ნახავს, რომ საბოლოო ჯამში ამ კანონს ექნება 60%-იანი მხარდაჭერა ქართულ საზოგადოებაში. შესაბამისად, ყველა დაელოდოს არჩევნებს და ნურავინ, მათ შორის პირველ რიგში, სალომე ზურაბიშვილი ნუ ისაუბრებს ქართველი ხალხის სახელით, როდესაც ის პირდაპირ ღალატობს ქართველ ხალხს და ქვეყნის კონსტიტუციას.

„მთავარი არხი”, ქეთა ციცქიშვილი – მედიაზე ისაუბრეთ ბევრი, ძალადობაზე და მედიაზე. აქედან რომ გახვალთ, შეგიძლიათ, 5 ივლისის, ან მომდევნო დღეებში თქვენი განცხადებები ნახოთ და ამის შემდეგ გვესაუბროთ მედიას ძალადობაზე, როგორ ძალადობენ ჩვენზე და ერთმანეთს როგორ ვუჭერთ მხარს.

პრემიერ-მინისტრი – მე მყისიერად დავგმე ძალადობა მედიაზე. თქვენ არ დაგიგმიათ ძალადობა საკუთარ კოლეგებზე. გააკეთეთ საჯარო განცხადება ამასთან დაკავშირებით? მახსოვს, როდესაც 5 ივლისს განხორციელდა ძალადობა ჟურნალისტებზე და მეტწილად განხორციელდა ოპოზიციური მედიის წარმომადგენლებზე, მაშინ ხელისუფლებამ, პირადად მეც მყისიერად დავგმეთ ყველამ ეს ძალადობა. სხვათა შორის, თქვენმა კოლეგებმაც სხვა ტელევიზიებიდან დაგმეს ეს ძალადობა, რაც თქვენ არ გაგიკეთებიათ გუშინ და დღეს.

„მთავარი არხი”, ქეთა ციცქიშვილი – მინდოდა ბორელის და ვარჰეის განცხადებებზე მეკითხა, ჩვენი პარტნიორები ამას ალბათ დახურულ კარს მიღმაც გეუბნებიან…

პრემიერ-მინისტრი – სიტყვას გაძლევთ, რომ არცერთ დახურულ შეხვედრაზე იმაზე მეტი არ იყო ნათქვამი, ვიდრე ითქვა საჯაროდ. თუ აქვთ არგუმენტები კანონის წინააღმდეგ, საჯაროდ რატომ არ ამბობენ? არ არსებობს ასეთი არგუმენტი, იმიტომ, რომ კანონი ითვალისწინებს ერთადერთ რამეს და ეს არის ყოველწლიური დეკლარაციები. ამასთან დაკავშირებით არგუმენტები უბრალოდ ვერ იარსებებს. ამიტომ, როდესაც თქვენ ამბობთ რუსულ კანონს, ეს არის უბრალოდ ტყუილი.

„მთავარი არხი”, ქეთა ციცქიშვილი – ეს ადამიანები, ჩვენი დასავლელი პარტნიორები ამბობენ, რომ თუ ამ კანონპროექტს ვაქცევთ კანონად და საქართველოში ეს დაკანონდება, საქართველოს ევროპულ გზას შეექმნება საფრთხე და შესაძლოა იყოს უკან ნაბიჯები ევროპულ გზაზე, ვერ ხედავთ ამ საფრთხეებს, „ქართულ ოცნებაში” როდესაც ამ რანგის საერთაშორისო პარტნიორები გვეუბნებიან ამას და თუ ჩაგვიკეტეს ეს გზა, რას შვრება საქართველო?

პრემიერ-მინისტრი – ჩვენ რომ არ ვიყოთ დარწმუნებულები, რომ ეს კანონი ევროპულ ინტეგრაციას საფრთხეს არ შეუქმნის, რა თქმა უნდა, მას არ მივიღებდით. ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ კანონი არა თუ საფრთხეს არ შეუქმნის ევროინტეგრაციას, არამედ პირიქით, მხოლოდ და მხოლოდ უზრუნველყოფს ჩვენი ქვეყნის ინტეგრაციას ევროპულ სტრუქტურებში. ჩვენ თუ სახელმწიფო სუვერენიტეტს არ დავიცავთ, დაგვემართება ის, რაც უკრაინას დაემართა – უკან მოგვრჩება მშვიდობაც და ევროინტეგრაციაც. თუ რაიმეს ემსახურება ეს კანონი, ეს არის სწორედ ჩვენი ევროინტეგრაციის ამოცანა. სუვერენიტეტის გარეშე ევროპაში ვერ შეხვალ. შენ პირველ რიგში, უნდა იყო სუვერენული სახელმწიფო, რომ გახდეს ევროკავშირის წევრი ქვეყანა. აქედან გამომდინარე, ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ ეს კანონი მხოლოდ და მხოლოდ წაადგება ჩვენი ევროინტეგრაციის ინტერესებს და ამას საზოგადოება დაინახავს. ჩვენ გამოვიარეთ ბრძოლები, განსაკუთრებით 2020-2021-2022 და 2023 წლებში და ამ ბრძოლებმა მოგვიტანა ჩვენ კონკრეტული შედეგები და ამას საზოგადოება აკვირდებოდა. რა არის ამ რამდენიმე წლის შედეგები ჩვენი ხელისუფლებისა და ჩვენი ქვეყნისთვის – ეს არის ის, რომ ჩვენ უმძიმესი პრობლემებისა და რისკების მიუხედავად, შევინარჩუნეთ მშვიდობა, არავის არ მივეცით ქვეყნის არევის საშუალება, ძალიან სერიოზული მცდელობა იყო. გახსოვთ, რიგგარეშე არჩევნები, რევოლუცია უნდოდათ, მერე გახსოვთ, რას ითხოვდნენ ჩვენგან, როცა უკრაინაში ომი დაიწყო. მშვიდობაც შევინარჩუნეთ და ბოლოს ქვეყანამ ჩვენს ხელში მიიღო კანდიდატის სტატუსი. მანამდეც, რაც ხელშესახები შედეგი აქვს ჩვენს ქვეყანას ევროინტეგრაციის გზაზე, ეს არის მათ შორის ასოცირების შეთანხმება, DCFTA, ვიზა ლიბერალიზაცია და ბოლოს კანდიდატის სტატუსი – ყველაფერი მოხდა ჩვენი ხელისუფლების ხელში და არაფერი მოსულა მარტივად – ჩვენ ყველაფერი მოვიპოვეთ ბრძოლით და შევუნარჩუნეთ ჩვენს ქვეყანას დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი, რაც ზოგიერთმა ქვეყანამ ვერ მოახერხა და შესაბამისად, სერიოზული პრობლემები შეექმნა. აქედან გამომდინარე, ამ კანონის მიღება ემსახურება სახელმწიფო სუვერენიტეტის განმტკიცებას, ევროინტეგრაციას და ამ კანონის მიღებას არ აქვს არავითარი ალტერნატივა. თუ არ მივიღებთ ამ კანონს, სწორედ ამ შემთხვევაში შეგვექმნება სუვერენიტეტის პრობლემა და შეგვექმნება პრობლემა ევროინტეგრაციის კუთხით.

ტელეკომპანია BMG, გიგა ბენია – ბატონო ირაკლი, პირველ რიგში თქვენ საზოგადოება მოატყუეთ, როდესაც თქვით, რომ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები არ გამოეხმაურნენ გუშინ „იმედის” ჟურნალისტის მიმართ ჩადენილ თქვენი თქმით თავდასხმას. ევროკავშირის ელჩმა გააკეთე განცხადება და დაგმო.

პრემიერ-მინისტრი – თქვენ იტყუებით და გეტყვით რატომ. რეალურად ეს არ იყო ევროკავშირის ელჩის განცხადება დაგმობასთან დაკავშირებით. თქვენ იცით, ზოგადად როგორია სტანდარტი. როცა ხდება ძალადობა, ქვეყნდება ხოლმე საჯარო განცხადებები. ამ შემთხვევაში ჟურნალისტმა კითხვა დაუსვა ევროკავშირის ელჩს. კი, კონტექსტი იყო ჟურნალისტებზე ძალადობა, მაგრამ მან გასცა ზოგადი პასუხი იმასთან დაკავშირებით, რომ ზოგადად ის ემიჯნება ყველანაირ ძალადობას. ეს არ არის გამიჯვნა. ამიტომ, მე კი არ ვიტყუები, თქვენ მოიტყუეთ ახლა.

ტელეკომპანია BMG, გიგა ბენია – თქვენ თქვით, რომ ვერც ერთმა უცხოელმა პარტნიორმა ვერ მოგიყვანათ არგუმენტი იმაზე, რომ თქვენს მიერ შემუშავებული კანონპროექტი არის რუსული. რატომ ვერ დაარწმუნეთ მაშინ თქვენ, რომ ეს კანონპროექტი არის ქართული, ევროპული და ამერიკული, როგორც ამბობთ და მათ შორის საზოგადოება, ქართველი ხალხი, საქართველოს მოქალაქეები რატომ ვერ დაარწმუნეთ და როდესაც ამბობთ, რომ ასეთი კანონი არსებობს აშშ-ში, ევროკავშირში, საფრანგეთში, მაშინ თავად ისინი რატომ ამბობენ, ჩვენ არ გვაქვს მსგავსი კანონპროექტიო. თუ ოცნების კანონპროექტი შეაფერხებს ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციას, მაშინ ვინ იღებს პასუხისმგებლობას ჩვენი ისტორიული არჩევანის ჩაგდებისთვის?

პრემიერ-მინისტრი – გიპასუხებთ ძალიან მარტივად. პირველ რიგში, როდესაც ამერიკელები ამბობენ, რომ მათ კანონი არ არის მსგავსი, ეს მართალია და რა კუთხით? – მათი კანონი არის უმკაცრესი. მათი კანონი ითვალისწინებს ადამიანის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას, სისხლის სამართლებრივ დევნას და უცხოელ აგენტად შესაბამისი სუბიექტის რეგისტრაციას. უმკაცრესი რეგულაციები აქვთ. ამ კუთხით არ არის მსგავსი ამერიკული კანონი, ვინაიდან ბევრად უფრო მაღალი სტანდარტია დადგენილი. იგივე ეხება საფრანგეთს, ევროკომისიის მიერ მოწონებულ კანონპროექტს. იმ კუთხით არ ჰგავს, რომ ის კანონები არის ბევრად უფრო მკაცრი. ევროკომისიამ მოიწონა ის და როცა ევროკომისია იწონებს ბევრად უფრო მკაცრ კანონს, როგორ შეიძლება, ჩვენი კანონი იყოს ევროპულ ღირებულებებთან წინააღმდეგობაში. ევროკომისიამ უკვე თქვა, რომ მათი კანონი არის კარგი, რომელიც არის ბევრად უფრო მკაცრი, ვიდრე ჩვენი კანონი. რა დონის პარადოქსზე გვაქვს საუბარი. ევროკავშირის მთავარი აღმასრულებელი სტრუქტურა ამბობს, რომ ბევრად უფრო მკაცრი კანონი არის კარგი და მერე გეუბნებიან, რომ ჩვენი კანონი არის ცუდი. რაც შეეხება დარწმუნებას, როგორ უნდა დაარწმუნო, თუ დისკუსია არ შედგება?! მოდიან და არგუმენტების გარეშე გვეუბნებიან. არგუმენტი არ მოგვისმენია. თქვენ მოგისმენიათ საჯარო არგუმენტი, რატომ არის ქართული კანონი ცუდი, რატომ ეწინააღმდეგებიან? ბუნებაში ვერც იარსებებს ასეთი არგუმენტი. მათი პრობლემა ის კი არ არის, რომ არსებობს არგუმენტი და ვერ გვიმტკიცებენ, უბრალოდ არგუმენტი ვერ იქნება, ვინაიდან ერთადერთი, რაც ამ კანონში წერია, არის ის, რომ NGO იღებს დაფინანსებას და ხალხს ეუბნება, ვისგან მიიღო ფული და რაში დახარჯა ეს ფული. როგორ შეიძლება, ეს იყოს ცუდი და წინააღმდეგობაში ევროპულ სტანდარტებთან? პრობლემა ის კი არ არის, რომ მათ უჭირთ არგუმენტირება. პრობლემა არის ის, რომ არგუმენტი არ არსებობს, ამიტომ არგუმენტებით ვერაფერს გვეუბნებიან. რაც შეეხება იმას, თუ რატომ გვეუბნებიან ამას, არავის არ უხარია გამჭვირვალობა, როცა ფულს ხარჯავს. მაგალითად, ჩვენ მთავრობაში ჩვენი ინიციატივით მივიღეთ ეს გადაწყვეტილება, მაგრამ ჩვენც გვქონდა გაცნობიერებული, რომ გამჭვირვალობას მოსდევს თავისი რისკები. მაგალითად, როგორც კი მივიღე გადაწყვეტილება იმის შესახებ, რომ ყველა განკარგულება უნდა გასაჯაროებულიყო, ერთ კვირაში ერთ-ერთმა ტელევიზიამ, მართალია უსაფუძვლოდ, მაგრამ ააგორა სპეკულაცია ერთ-ერთ განკარგულებასთან დაკავშირებით. უხერხულობას ჩვენც გვიქმნის ეს, მიუხედავად იმისა, რომ სუფთად ვაკეთებთ ყველაფერს. არც ერთ ფულის გამცემს არ უხარია გამჭვირვალობა, შესაბამისად ეს გასაგებია, მაგრამ ჩვენ ხომ ჩვენი ინტერესები გვაქვს. დონორს შეიძლება არ უხარია მისი თანხების გამჭვირვალობა, მაგრამ ჩვენ უნდა გვიხაროდეს ის, რომ დღეს რომ არ აქვს მოქალაქეს ინფორმაცია, მაგალითად იმასთან დაკავშირებით, საიდან ფინანსდება „ფრანკლინის კლუბი”, „სირცხვილია” ან სხვა რადიკალური ორგანიზაცია, ინტერესი არის ის, რომ ხვალ გავაგებინოთ, საიდან მიიღო ორგანიზაციამ ფული და რაში დახარჯა ეს ფული. თქვენ არ გაინტერესებთ? აბა კანონს რატომ ეწინააღმდეგებით? არსებობს პროექტები, რომლებიც ემსახურება მაგალითად სოფლის მეურნეობის გაძლიერებას საქართველოში. არსებობს უცხოური ძალა, ამ შემთხვევაში ეს შეიძლება იყოს ევროკავშირი, აშშ-ის მთავრობა და ა.შ. მას აქვს ინტერესი, რომ საქართველოში განვითარდეს სოფლის მეურნეობა. ამ შემთხვევაში, შესაბამისი ორგანიზაცია ატარებს უცხოური ძალის ამ კეთილშობილურ ინტერესს. როდესაც მთავრობა დააფინანსებს მაგალითად სოფლის მეურნეობას, ეს იქნება ჩვენი ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია, რომელიც სოფლის მეურნეობას გააძლიერებს ქვეყანაში, მაგრამ თუ მთავრობა დააფინანსებს ორგანიზაციას, რომელიც მიზნად დაისახავს მაგალითად, პირობითად რომელიმე რელიგიურ გაერთიანებაზე თავდასხმას, ესეც იქნება ჩვენი ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია, მაგრამ იქნება ცუდი ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია. გამჭვირვალობის მთავარი ინტერესი რა არის – ხალხმა უნდა გაარჩიოს, სად არის კარგი ინტერესი და სად – ცუდი ინტერესი. დარწმუნებული ვარ, ამ თანხების ძალიან დიდი ნაწილი, პირობითად 70-80% იხარჯება სწორედ კარგ ინტერესებზე – სოფლის მეურნეობა, შშმ პირები და ა.შ. მაგრამ 20-30% არის, სადაც ფული იხარჯება ცუდ ინტერესებზე. დღეს საქართველოს მოქალაქეს არ აქვს ინფორმაცია ამ დაფინანსებასთან დაკავშირებით, ვერსად ვერ ნახავთ ამ ინფორმაციას. „სირცხვილიას” ან „დროას” უდევთ ინფორმაცია?

ჩვენ გვახსოვს არაერთი შემთხვევა, როდესაც ჩვენგან ითხოვდნენ არასწორ რამეს, მათ შორის არასწორ ინფორმაციაზე დაფუძნებით. გახსოვთ ალბათ, არ ვიცი რა მოხდა მაშინ, ალბათ შეცდომაში შეიყვანეს ისინი, 27 ელჩი მივიდა საქართველოს იუსტიციის მინისტრთან დემარშით, იმის შესახებ, რომ თითქოს ვკლავდით სააკაშვილს. ასეთი შეცდომებისგან არ არის დაზღვეული არც ევროკავშირი მათ შორის. 27 ელჩი აიძულეს, ასეთი ყალბი დემარში განეხორციელებინათ. მთავარი ის კი არ არის, სხვა რას გეუბნება, არამედ ის, რა არის შენს ინტერესებში.

მაგალითად, პოლიტიკურ პარტიას – „დროა” შექმნილი ჰქონდა ფიქტიური არასამეწარმეო იურიდიული პირი, რომლის მისამართი, ხელმძღვანელი, „ფეისბუქის” გვერდი, ყველაფერი იგივე იყო და ერთ-ერთი ევროპული ფონდი 2-3 წლის განმავლობაში ამ არასამეწარმეო იურიდიულ პირს ურიცხავდა თანხებს, რაც არ იყო საგრანტო პროექტზე აგებული დაფინანსება. პირდაპირ ურიცხავდნენ თანხებს ხელფასებისთვის და ოფისებისთვის. ეს არსად ეწერა. ერთხელ წამოსცდა ხოშტარიას და „ფეისბუქზე” დაწერა, რომ მისი საარჩევნო კამპანია დაფინანსდა EED-ის მიერ და ამისთვის მადლობას უხდის. შემთხვევით გავიგეთ, არსად წერია ეს, დღესაც ვერ ნახავთ ვერანაირ ინფორმაციას, ვის რამდენი, რისთვის და როგორ ჩაერიცხა, მაგრამ შემთხვევით, წამოცდენის გამო გავარკვიეთ, რომ თურმე ხოშტარიას პოლიტიკურ პარტიას არაკონსტიტუციურად, უკანონოდ აფინანსებდა ერთ-ერთი ევროპული ფონდი. საქართველოს მოქალაქეს დღეს არ აქვს ინფორმაცია ასეთ ფაქტებთან დაკავშირებით. თქვენ ხომ ხართ დაინტერესებული, არსებობდეს კანონი, რომელიც თქვენ ამ მინიმალურ ინფორმაციას მოგაწვდით? მაშინ რატომ არ მოგწონთ ეს კანონი?!

ტელეკომპანია BMG, გიგა ბენია – თუ გამჭვირვალობა არის ამოსავალი წერტილი, რატომ არ შეიძლებოდა, კანონში იმგვარად ჩაწერილიყო, უფრო მეტად გამჭვირვალე გამხდარიყვნენ არასამთავრობო ორგანიზაციები და მედიასაშუალებები, თუ მოზიდული დაფინანსების 80% კარგი საქმისთვის იხარჯება ამ ქვეყანაში, 20%-ის გამო ყველას რატომ უნდა დავარქვათ უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი? ცუდად აღიქმება ეს საზოგადოებაში, უარყოფითად.

პრემიერ-მინისტრი – უარყოფითი როგორ არის, ეს არის ფაქტის კონსტატაცია. რატომ არის ფაქტის კონსტატაცია? მე ვარ უცხოური ძალა, პირობითად ევროკავშირი, შვედეთის ან ისლანდიის მთავრობა. ეს არის ტერმინის პირველი ნაწილი. მეორე ნაწილი არის, რომ მე მაქვს ინტერესი. ამ შემთხვევაში ეს არის კეთილშობილური ინტერესი, რომ სხვა ქვეყანაში განვავითარო სოფლის მეურნეობა და ამ ინტერესს მე მიტარებს კონკრეტული ორგანიზაცია, რომელიც ჩემგან იღებს ფულს. შესაბამისად, უცხოური ძალა არის ფაქტის კონსტატაცია, ინტერესები არის ფაქტის კონსტატაცია და ინტერესების გატარებაც არის ფაქტის კონსტატაცია, როგორც კარგ შემთხვევაში, ისე – ცუდ შემთხვევაში. ანუ, ერთ შემთხვევაში, როდესაც მე ვზრუნავ სოფლის მეურნეობაზე, ეს ორგანიზაცია ჩემთვის კარგ ინტერესს ატარებს, როცა მაგალითად „სირცხვილია” თავს ესხმის საპატრიარქოს, ამ შემთხვევაში ეს ორგანიზაცია ცუდ ინტერესს ატარებს. მთავარი რა არის – მთავარი გამჭვირვალობაა. უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია არის ფაქტის კონსტატაცია, დანარჩენი, კარგია თუ ცუდი, ეს ინტერესი, ამას უზრუნველყოფს გამჭვირვალობა. ამიტომ, არავითარი არგუმენტი არ არსებობს სინამდვილეში ამ კანონის წინააღმდეგ. ერთადერთი, რაც ხდება, ფაქტის კონსტატაციაა, რომ რაღაც ორგანიზაცია არის უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი, არავინ ამბობს, რომ ეს არის კარგი ან ცუდი ინტერესები, პირიქით, გეუბნებით, რომ ამ ინტერესების უდიდესი ნაწილი არის პოზიტიური, როცა სოფლის მეურნეობას ეხება საქმე, შშმ პირებზე ზრუნვას და ა.შ. ეს არის პოზიტიური ინტერესი. ერთადერთი, რასაც გაიგებს საზოგადოება, არის ის, რომ ერთმანეთისგან გაარჩევს კარგ და ცუდ ინტერესებს. მეტი არაფერი. ამიტომ, არგუმენტი ამ კანონის წინააღმდეგ სინამდვილეში არ არსებობს.

საზოგადოებრივი მაუწყებელი, ანა ბროლაძე – არასამთავრობო ორგანიზაციათა ნაწილი საკომიტეტო მოსმენების ფარგლებშიც ამბობდა, რომ იარლიყად და სტიგმატიზებად აღიქვამენ უცხოური ინტერესების გამტარებლის სტატუსს, იყო შეთავაზება, მათ შორის, საკომიტეტო მოსმენების დროს, რომ შესაძლოა, მაგალითად, ეწოდოს უცხოური დაფინანსების მიმღები უფრო მეტად ისეთი ტერმინი, რაც არ გამოიწვევს სტიგმატიზებას? ამ დათმობისთვის თუ არის მმართველი გუნდი მზად, მე მაინტერესებს კიდევ ერთი რამ – როდესაც თქვენ ამბობთ, რომ პროცესი მივა ბოლომდე, იმიტომ, რომ ეს არის სახელმწიფო ინტერესი, ამასობაში, აქციებზე მდგომი ხალხი ამბობს, რომ ისინი არ დაუშვებენ ამ კანონის რეალურად ქცევას, რადგან, შეურაცხყოფად იღებენ და პრორუსულს უწოდებენ. გაგრძელდება აქციები, იქნება უფრო მეტი ხალხი, და ეცდებიან, გაგაგონონ თავიანთი გაბრაზებული ხმა, ამას ვისმენთ ამ დღეების განმავლობაში. როგორ წარმოგიდგენიათ პროცესების განვითარება, მაშინ, როცა გვესმის, რომ არც ერთი მხარე, ერთი, რომელიც იცავს ამ პროექტს და მეორე, რომელიც აპროტესტებს ამ პროექტს, არ აპირებს პოზიციების შეცვლას?

პრემიერ-მინისტრი – მაშინ, როდესაც ეს რევოლუციური პროცესები წარიმართებოდა, ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა თქვა, რომ ენჯეოები საუბრობენ ქართველი ხალხის სახელით. შემდეგ ეს გაიმეორა შესაბამისმა ელჩმა, შემდეგ მათ შორის ენჯეოების წარმომადგენლებმა. ისინი ხმაშეწყობილად, კოორდინირებულად აცხადებდნენ, რომ ენჯეოები საუბრობენ ქართველი ხალხის სახელით, რაც არის სიყალბე. ჩვენ ვართ დემოკრატიული სახელმწიფო და დემოკრატიაში ერთადერთი, ვინც საუბრობს ქართველი ხალხის სახელით, ეს არის ხელისუფლება. არსებობს მარტივი ლეგიტიმაციის სისტემა, რაც გულისხმობს იმას, რომ ხალხი ირჩევს პარლამენტს, პარლამენტი აყალბებს მთავრობას და ა.შ. ეს არის დემოკრატიის პრინციპის ელემენტარული გამოვლინება, რომ ერთადერთი ვინც საუბრობს ქართველი ხალხის სახელით, ეს არის სწორედ დემოკრატიულად არჩეული ხელისუფლება. როცა ასეთ დროს მაღალჩინოსნები, კონკრეტული გავლენიანი სივრციდან გეუბნებიან, რომ ენჯეოები საუბრობენ ქართველი ხალხის სახელით, მემგონი მნიშვნელოვანია, რომ ყველაფერს დაერქვას სახელი და ყველამ უნდა იცოდეს, რომ ენჯეოები საუბრობენ არა ქართველი ხალხის სახელით, არამედ, ისინი არიან უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ენჯეო მაინცდამაინც კარგ ან ცუდ ინტერესს ატარებს. ეს უნდა გაიგოს საზოგადოებამ, როცა გახდება გამჭვირვალე ინფორმაცია. სიყალბეს ჩვენ შეგვიძლია დავუპირისპირდეთ, მათ შორის, ამ ტერმინით. კიდევ ერთხელ, ჩვენ გვჭირდება სწორი ფაქტის კონსტატაცია. ანუ ერთ მხარეს იყო ყალბი ფაქტის კონსტატაცია, ანუ ცდილობდნენ, რომ ჩვენთვის შემოეჩეჩებინათ ხელში საზოგადოებისთვის ეს ყალბი თეზისი, თითქოს ენჯეოები საუბრობენ ქართველი ხალხის სახელით, რაც სიყალბეა. სინამდვილეში რა ხდება, ეს უნდა ითქვას საზოგადოებისთვის, მათ შორის კანონის დონეზე – კანონმაც უნდა დაადასტუროს მარტივი ჭეშმარიტება, რომ ეს ორგანიზაციები საუბრობენ არა ქართველი ხალხის სახელით, არამედ ისინი არიანი უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია. სინამდვილეში, აქ პრობლემა ნაკლებად აქვთ ისეთ ორგანიზაციებს, რომლებიც ემსახურებიან არაპოლიტიკურ მიზნებს, იგივე სოფლის მეურნეობა და ა.შ. ყველაზე მეტად, ვისაც აწუხებს ეს ტერმინი, არიან სწორედ ის ორგანიზაციები, რომლებიც ამ საქმიანობით არიან დაკავებულები – ეკლესიაზე თავდასხმა, რევოლუციებში მონაწილეობა, რელიგიური ექსტრემიზმის მხარდაჭერა საქართველოში, ლგბტ პროპაგანდა და ა.შ. ა მიტომ, ყველაფერს უნდა დაერქვას თავისი სახელი. რაც შეეხება ამ ტერმინოლოგიას, უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია – არის მშრალი ფაქტის კონსტატაცია და მე ვფიქრობ, ამის შენარჩუნება არის ძალიან მნიშვნელოვანი.

საზოგადოებრივი მაუწყებელი 1 არხი, ანა ბროლაძე – როგორ წარმოგიდგენიათ პროცესების განვითარება, როდესაც პროცესში მონაწილე არც ერთი მხარე არ ცვლის პოზიციას?

პრემიერ-მინისტრი – ჩვენი მთავარი ამოსავალი წერილი არის ჩვენი სახელმწიფო ეროვნული ინტერესების დაცვა. თუ ჩვენ ვხედავთ, რომ საზოგადოების გარკვეული ნაწილი არის შეცდომაში შეყვანილი, თითოეული ადამიანი, რომელიც გამოდის ქუჩაში, აპროტესტებს, თუ ის არის გულწრფელი, აქ მე შოტა უტიაშვილს და ეკა კვესიტაძეს არ ვგულისხმობ, თუ არის გულწრფელი, თითოეული არის ჩვენთვის თანაბრად ძვირფასი და ყველაფერი არის ყურადსაღები, მაგრამ ჩვენი პრინციპული ამოცანაა, რომ საზოგადოება არავის მოვატყუებინოთ, ეს არის ღირსების საქმე. ჩვენი მხრიდან საზოგადოების ინტერესების დაცვა და მისი მოტყუების არდაშვება, ეს არის ხელისუფლების პასუხისმგებლობა ქართველი ხალხის წინაშე. დღეს კიდევ ერთხელ გვქონდა საუბარი არგუმენტებზე, ვერც ერთი არგუმენტი ვერ იქნა წარმოდგენილი, უცხოელები ვერ წარმოადგენენ არგუმენტს, უბრალოდ არგუმენტი არ არსებობს, რატომ შეიძლება იყოს ცუდი, გკითხო, ფულს რაში ხარჯავ და ქართველ ხალხს გავაგებინო, დასამალი რა გაქვს. თუ კარგ საქმეს აკეთებ და ქველმოქმედებით ხარ დაკავებული, რატომ უმალავ ამას საზოგადოებას. პირობითად, მე ვაფინანსებ სოფლის მეურნეობის პროექტებს, ამაზე ვხარჯავ ფულს, რა არის დასამალი, გამოაქვეყნე, როდის, რამდენი ვის მიეცი, საზოგადოება თუ მიიღებს ამაზე ინფორმაციას წელიწადში ერთხელ, ამაში ცუდი რა არის? იმდენად აბსურდულ რაღაცებზე გვიწევს საუბარი, უბრალოდ წარმოუდგენელია. თუ დათანხმდებიან, დავსხდებით მე და ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩები, არგუმენტებს გავცვლით ამ კანონთან დაკავშირებით და გპირდებით, რომ იქიდან იქნება ნული არგუმენტი წარმოდგენილი, რადგან ბუნებაში არ არსებობს. და არა იმიტომ, რომ ელჩები მომზადებული არ იქნებიან და ინტელექტი არ აქვთ, უბრალოდ, არგუმენტი არ არსებობს ამ კანონის წინააღმდეგ, ბუნებაში ვერავინ დაგიმტკიცებს, რომ ფულის ჩვენება არის ცუდი. უფლება არ მაქვს, ვისაუბრო, რა არგუმენტებით საუბრობენ დახურულ შეხვედრებზე. რაც შეეხება კონკრეტულ შეხვედრას, როცა გვქონდა საუბარი სამ ელჩთან, მათ უბრალოდ გზავნილი გადმოგვცეს, არ უსაუბრიათ, მსჯელობაში არ შევსულვართ ერთმანეთთან. მე მქონდა ჩემი არგუმენტები, მაგრამ მათ მხოლოდ გზავნილი გადმოგვცეს, გაგვიზიარეს, რა მოსაზრება არსებობს ევროკავშირში, ეს იყო ძირითადი მიზანი.

რაც შეეხება გერმანიას, გერმანიის ელჩმა გაავრცელა არასწორი ინფორმაცია, თითქოს გერმანიაში სამივე შეხვედრაზე ჩვენს დელეგაციას უთხრეს, რომ ეს კანონი ცუდია და არ უნდა მივიღოთ. რაც შეეხება ბუნდესტაგის თავმჯდომარესთან შეხვედრას, ბუნდესტაგის თავმჯდომარესთან შეხვედრაზე დაისვა კითხვები, რომლებსაც პასუხი გავეცით. პრეზიდენტს რეაგირებაც არ ჰქონია. უბრალოდ კითხვა დასვა, მიიღო პასუხი და არ გაგვიგრძელებია საუბარი, შემდეგ გადავედით ორმხრივ ურთიერთობებზე. რაც შეეხება ბუნდესტაგის პრეზიდენტს, მან დასვა კითხვები. თქვა, რომ ბუნდესტაგში მის კოლეგებს ჰქონდათ შეშფოთება ამ კანონთან დაკავშირებით, რომ არ იყო შესაბამისობაში ევროკავშირის კანონმდებლობასთან, პრინციპებთან და ა.შ. ამის შემდეგ მე გავუზიარე ჩემი არგუმენტები, რის შემდეგაც მან განაცხადა, რომ გაგრძელდება მსჯელობა ამასთან დაკავშირებით. წარმოიდგინეთ, ჩადიხართ გერმანიაში პარლამენტის თავმჯდომარესთან. მილიონი საკითხი აქვთ ჩვენს კოლეგებს სხვა ქვეყნებში. ვერც პარლამენტის თავმჯდომარე, ვერც კანცლერი მით უმეტეს, კანონს ვერ წაიკითხავს. ქართულ კანონს ვერ წაიკითხავს. მას მიაწოდეს ინფორმაცია და მან ამის საფუძველზე დასვა კითხვა. რაც შეეხება კანცლერს, მან განაცხადა, ამას ვადასტურებ. რაც იყო არასწორად გავრცელებული ელჩის მხრიდან, ჯობდა, გადაემოწმებინა, მათ შორის ჩემთან, რადგან არასწორი ინფორმაცია გაავრცელა. „ლელოსთან” ერთად დადის ხოლმე საარჩევნო აგიტაციის ფარგლებში და შეიძლება, იქ მიიღო ეს ინფორმაცია, არ ვიცი. კანცლერმა ნამდვილად ბრძანა, რომ მისი აზრით, კანონი ევროკავშირის პრინციპებთან არ იყო შესაბამისობაში. რაც არ მომხდარა ორ დანარჩენ შეხვედრაზე, ეს თქვა ნამდვილად გერმანიის კანცლერმა. რაზეც ერთი არგუმენტი მე ვუთხარი, რომ თვითონ ევროკომისიამ მოიწონა და ა.შ. მან მიპასუხა, რომ მას თვითონ ევროკომისიის და ფრანგული კანონიც არ მოსწონს. არ მოსწონს გასაგებია, მაგრამ ევროკავშირის წევრმა ქვეყანამ მიიღო და რჩება ევროკავშირის წევრ ქვეყნად. არავის გაუკრიტიკებია საფრანგეთი ამისთვის. ანუ გასაგებია, რომ ეს არგუმენტი არ არის.

რაც შეეხება შინაარსს, შოლცს განვუმარტე, რომ ეს კანონი ითვალისწინებს ერთადერთ რამეს, ეს არის ყოველწლიური დეკლარაციები. ამასთან დაკავშირებით გვქონდა გარკვეული გაცვლა მოსაზრებების. შემდეგ იყო საერთო შეხვედრა დელეგაციასთან ერთად, სადაც კიდევ ერთხელ წარვადგინე არგუმენტები. იქ საერთოდ არ ყოფილა დისკუსია. არსებობდა წინასწარ გამზადებული ტექსტი, რაც ასევე გავრცელებული პრაქტიკაა, ვერავის გაამტყუნებ ამისთვის და ბუნებრივია, ეს ტექსტი წაკითხული იქნა ამ ბრიფინგზე. ამიტომ ვამბობ, საჯარო დისკუსია არის მნიშვნელოვანი. არ არის სწორი, როდესაც ცალმხრივად ხდება განცხადებების გავრცელება, მით უმეტეს, როცა ეს განცხადებები არ შეიცავს არგუმენტებს. ეს დაახლოებით იგივეა, როცა ალეკო ელისაშვილი გვერდიდან მიეპარა ერთ-ერთ დეპუტატს და დაარტყა. გვერდიდან მიპარვა არ არის სწორი. ვინმეს თუ არგუმენტები აქვს და აქვს საკუთარი პოზიცია წინ უნდა დაგიდგეს და შემოვიდეს შენთან ღია დისკუსიაში. ანუ ელისაშვილივით არ შეიძლება მოქცევა. ამიტომ ჩვენ ყველას ვთავაზობთ, რომ ერთად დავსხდეთ. ელჩები არიან აქ წარმოდგენილი. თუ არსებობს არგუმენტები ამ კანონის წინააღმდეგ, ჩვენ მზად ვართ, განვიხილოთ ეს ყველაფერი ღია დისკუსიის რეჟიმში. იმედია, ელჩები ამ შეთავაზებას დათანხმდებიან. თვითონ გერმანიის ელჩი გაჰყვა ბოლნისში „ლელოს” ლიდერებს, როცა მათ ჰქონდათ პარტიული ვიზიტი. ცუდი შემთხვევაა. მე არ მინდა, ისეთი გადახვევა გავაკეთო, მაგრამ, რა თქმა უნდა, არასწორია, პირველ რიგში, როცა თან ხაზარაძის სახლი გაქვს ნაქირავები და მერე თან დაჰყვები ხაზარაძეს ბოლნისში პოლიტიკური კამპანიის ფარგლებში, ეს უბრალოდ არასწორია. შესაბამისად, მე არ მიკვირს, რომ ერთ-ერთი რადიკალური პარტიის ერთ-ერთი სახე ჰყავდათ მათ დაქირავებული თარჯიმნად.

ტელეკომპანია პოსტივი, ნუცა კოროშინაძე – ევროპარლამენტისგან ბოლო დღეების განმავლობაში ბევრი განცხადება გაკეთდა, მათ შორის, იყო მოწოდებები რევოლუციაზე და როგორ შეაფასებთ? ასევე, თქვენ ახსენეთ “გამჭვირვალობასთან დაკავშირებით” მართული ძალები და უფრო მეტი დეტალი რომ გვითხრათ ამასთან დაკავშირებით

პრემიერ-მინისტრი – თუ ვინმეს რევოლუცია მოუნდება ამ ქვეყანაში, თქვენ გახსოვთ, 2012 წელს პრაქტიკულად რევოლუციური არჩევნები ჩატარდა და შეიცვალა ქართველი ხალხის მიერ ხელისუფლება, მაგრამ რა თქმა უნდა, ვერავის გარე ჩარევით ვერავინ აქ რევოლუციას ვერ დაუშვებს და ვერც მოაწყობს. თუმცა ამისთვის ნაბიჯებიც არის გადასადგმელი და ერთ-ერთი მთავარი მიზანი, რასაც ეს კანონი ემსახურება, არის სწორედ ასეთი პროცესების თავიდან აცილება. კიდევ გავიმეორებ, ეს შესაბამისი ძალებისთვისაც დამზღვევია. შეიძლება, ვიღაცას ჰქონდეს ცდუნება, რომ საქართველოში სცადოს ვითარების არევა, მაგრამ გამჭვირვალე თუ იქნება უცხოური გავლენა, ამ შემთხვევაში ეს ცდუნება შემცირდება და ძალიან ბევრი თვალსაზრისით დადებით როლს შეასრულებს ეს კანონი. რაც შეეხება მართულ სუბიექტებს, აქ აღარ მინდა დეტალებში შესვლა, საზოგადოებამ უკვე ნათელი წარმოდგენა შეიქმნა იმასთან დაკავშირებით, რომ უცხოური ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციას შეიძლება ჰქონდეს პოზიტიური დატვირთვა, თუ პოზიტიურია გავლენა, შეიძლება ჰქონდეს ნეგატიური, თუ გავლენის მცდელობა არის ნეგატიური, მაგრამ საქართველოში არიან, სხვა ტერმინს გამოვიყენებ – უცხოური გავლენის აგენტები, რაც არის აბსოლუტურად მიუღებელი მოვლენა და სამწუხაროდ, ეს სუბიექტები პირდაპირ არიან დაპირისპირებულნი ჩვენს ეროვნულ ინტერესებთან.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0