ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა გერმანიისა და საფრანგეთის ელჩებს ჰუბერტ ქნირშსა და დიეგო კოლასს შეხვდა და მათთან საქართველოში ენერგეტიკული რეფორმის მიმდინარეობა განიხილა. შეხვედრაში მონაწილეობდა მინისტრის მოადგილე დავით თვალაბეიშვილი.
„ენერგეტიკული რეფორმა, რომელიც ბოლო 2 წელია ხორციელდება, ევროკავშირის მუდმივი ყურადღების ცენტრშია. ეს არის უმნიშვნელოვანესი რეფორმა ჩვენი ეკონომიკისთვის, ჩვენი მოსახლეობისთვის. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ენერგეტიკული რეფორმის მაღალი ტემპის გამო ევროკავშირის მხრიდან დადებით შეფასებას ვიმსახურებთ,“ – განაცხადა ნათია თურნავამ შეხვედრის დასრულების შემდეგ.
მისი თქმით, შეხვედრაზე დადებითად შეფასდა რეფორმის ცალკეული ეტაპები, მათ შორის, ახალი კანონმდებლობა, ქსელური საქმიანობისა და მიწოდების სერვისის განცალკევება სხვადასხვა კომპანიებში, რაც მეტი გარანტიაა მომხმარებლისთვის, რომ შეუფერხებლად და სამართლიანი თამაშის წესების დაცვით მიიღებს ელექტროენერგიას და ბუნებრივ აირს.
„ძალიან კმაყოფილები ვართ მიღწეული პროგრესითა და საქართველოს მთავრობასთან თანამშრომლობით. ჩვენ ვხედავთ, რომ რეფორმირების პროცესი წინ მიიწევს ყველა მიმართულებით, მათ შორის რეგულაციების, ლიბერალიზაციის, ბაზრის განვითარების კუთხით,“ – განაცხადა გერმანიის ელჩმა საქართველოში ჰუბერტ ქნირშმა.
„ძალიან საინტერესო შეხვედრა მინისტრთან. ვისაუბრეთ ენერგო სექტორში რეფორმების განხორციელების შესახებ. საქართველო კოვიდ-ის შემდგომ პერიოდში კიდევ უფრო დიდი ძალისხმევით მიემართება ევროკავშირისკენ და ევროკავშირის სისტემებთან ჰარმონიზაციისკენ. შეხვედრაზე ხაზი გაესვა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ამ პირობებში ევროკავშირის კომისიის მხარდაჭერა ენერგოსექტორში რეფორმების გასაგრძელებლად და ჩვენ ვადასტურებთ ჩვენს მზადყოფნას, მაქსიმალურად დავეხმაროთ საქართველოს, რომელიც თავადაც ასე მონდომებულია და მცდელობას არ აკლებს რეფორმების გატარებას,“ – განაცხადა საფრანგეთის ელჩმა საქართველოში დიეგო კოლასმა.