ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტმა ენერგეტიკის დარგში ევროკავშირში ინტეგრაციის 2022 წლის ეროვნული სამოქმედო გეგმის შესრულების თაობაზე ანგარიში მოისმინა. ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე ევროპის ენერგეტიკული გაერთიანების დამფუძნებელ ხელშეკრულებასთან შეერთებით აღებული ვალდებულებებისა და ენერგეტიკის დარგში საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებისა და საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის 2022 წლის ეროვნული სამოქმედო გეგმის შესრულების თაობაზე ანგარიში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ რომეო მიქაუტაძემ წარადგინა.
„ევროკავშირთან ურთიერთობებში ენერგეტიკის სფერო არის ერთ-ერთი ის პრიორიტეტული მიმართულება, რაც მნიშვნელოვანია როგორც საქართველოსთვის, ასევე ევროკავშირისთვის და სარგებლის მომტანია ორივე მხარისთვის. რამდენიმე დღის წინ ძალიან მნიშვნელოვანი შეთანხმება გაფორმდა, ერთი მხრივ, ჩვენი რეგიონის ქვეყნებს (საქართველო-აზერბაიჯანი) შორის და მეორე მხრივ, ევროკავშირის ქვეყნებს შორის (უნგრეთი და რუმინეთი). ამ ღონისძიებას თავად ევროკომისიის პრეზიდენტი ესწრებოდა, რაც მიანიშნებს თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ევროკავშირისთვის აღნიშნულ სფეროში თანამშრომლობა. გარდა იმისა, თუ რა გავაკეთეთ აღებული ვალდებულებების შესრულების კუთხით, ასევე საინტერესოა მოვისმინოთ სად ვდგავართ, რა პერსპექტივები გვაქვს და სამომავლოდ რა ნაბიჯების გადადგმას ვგეგმავთ იმისთვის, რომ საქართველოს მნიშვნელობამ ევროკავშირთან ურთიერთობებში კიდევ უფრო წინ წამოიწიოს“, – განაცხადა სხდომის დაწყებისას ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილმა.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ენერგეტიკის სფეროში ევროკავშირთან თანამშრომლობის მნიშვნელოვან ასპექტებზე გაამახვილა ყურადღება.
„უმნიშვნელოვანესი ხელშეკრულება გაფორმდა. უნდა გვესმოდეს რაოდენ დიდია წყალქვეშა კაბელის მნიშვნელობა ჩვენი ქვეყნისთვის. ეს არის ახალი, ძალიან დიდი შესაძლებლობა არა მარტო ჩვენი ქვეყნისთვის, არამედ მთლიანად ჩვენი რეგიონისთვის და ევროკავშირის წევრი ქვეყნებისთვის. წყალქვეშა კაბელი გვაძლევს იმის საშუალებას, რომ ჩვენ ვიყოთ იმ 43 ქვეყანას შორის, რომელიც ენერგეტიკის კუთხით გაერთიანებულია ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან. ეს ნიშნავს უფრო ღია, გამჭვირვალე, კონკურენტუნარიან და მაღალ მსყიდველუნარიან ბაზართან პირდაპირ კავშირს. სატრანზიტო ფუნქცია ძალიან მნიშვნელოვანია, თუმცა ჩვენი კონცენტრაცია მიმართულია იქითკენ, რომ შევძლოთ ამ ხაზის ჯერ მშენებლობა და შემდგომ დატვირთვა, რომლის გამტარუნარიანობა, ადგილობრივი რესურსით იქნება 1500 მეგავატი. ეს არის ჩვენი ქვეყნისთვის საუკუნის პროექტი, რომელიც ახალ რეალობას ქმნის ენერგეტიკის დარგისთვის“, – განაცხადა რომეო მიქაუტაძემ.
მინისტრის მოადგილის განცხადებით, ასოცირების შეთანხმებით აღებული ვალდებულებების შესრულება დიდწილად, კარგად, სწორად და დროულად მიმდინარეობს. როგორც მან აღნიშნა, ქვეყანას მნიშვნელოვანი წინსვლა აქვს ელექტროენერგეტიკის, ნავთობის და გაზის სექტორის, ასევე ენერგოეფექტურობის მიმართულებით და საქართველოს კანონმდებლობის ევროპულ კანონმდებლობასთან ჰარმონიზების კუთხით.
„ყველა ეს კომპონენტი მიზნად ისახავს ჩვენი ქვეყნის ენერგეტიკული უსაფრთხოების განვითარებას და ენერგოდამოუკიდებლობას“, – განაცხადა მთავრობის წარმომადგენელმა.
მან დეტალურად ისაუბრა ევროპის ენერგეტიკული გაერთიანების დამფუძნებელ ხელშეკრულებასთან შეერთებით, ენერგეტიკის მიმართულებით აღებული ვალდებულებების შესრულების თაობაზე და საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის 2020-2022 წლის ეროვნული სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული აქტივობების შესრულების შესახებ.